ეკონომიკური თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკონომიკური თეორია — საზოგადოებრივი მიმართულების მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განუსაზღვრელი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას, ადამიანთა ეკონომიკურ ქცევას სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში მატერიალური და არამატერიალური დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების დროს.

ეკონომიკური თეორია შედგება მთელი რიგი ნაწილებისაგან: ეკონომიკური მეცნიერების მეთოდოლოგია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომეტრიკა.

ეკონომიკის საგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური თეორია განიხილება ვიწრო და ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით იგი ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების კვლევის სხვადასხვა მიმართულების ამსახველი თეორიაა, ფართო გაგებით – ეკონომიკური განვითარების ზოგადი თეორია, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ეკონომიკურ კანონებსა და კანონზომიერებებს, იკვლევს არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შორის. ეკონომიკურ თეორიას საზოგადოებრივ მეცნიერებათა შორის წამყვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან საზოგადოების ანატომიას, მისი ეკონომიკური განვითარების პროცესებს სწავლობს; ამასთან იგი კონკრეტული (დარგობრივი თუ ფუნქციური) ეკონომიკური მეცნიერების ფუნდამენტი და მეთოდოლოგიურ საფუძველიცაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, წარმოშობა დაკავშირებულია საზოგადოების სიმდიდრის შესწავლასთან, რაც დასაბუთებულია უილიამ პეტის, ადამ სმითის, დევიდ რიკარდოს, კარლ მარქსისა და სხვა გამოჩენილ ეკონომისტთა ნაშრომებით, თუმცა ეკონომიკური მეცნიერების წანამძღვრების ჩანასახი უძველესი პერიოდის აღმოსავლელ, ბერძენ და რომაელ მოაზროვნეთა მოძღვრებებშიცაა მოცემული.

XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში, როდესაც ინგლისში აღმოცენდა კლასიკურ - ლიბერალური მიმდინარეობა, მეცნიერების ერთიან სისტემას, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, გამოეყო ეკონომიკა ეკონომიკური თეორიის სახით, რომელსაც იმ პერიოდში პოლიტიკური ეკონომია ეწოდებოდა. ტერმინი „პოლიტიკური ეკონომია“ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად შემოიტანა ფრანგმა მერკანტილისტმა ანტუან მონკრეტიენმა. მან ჯერ კიდევ 1615 წელს გამოსცა წიგნი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი“, რითაც ახალი ელფერი შესძინა ქსენოფონტის მიერ შემოღებულ ტერმინ „ეკონომიკას“. სიტყვა „პოლიტიკური“ მან პლატონისაგან „ისესხა“ („პოლიტიკოს“ ბერძნულად სახელმწიფოებრივს ნიშნავს). აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ეკონომიის, როგორც მეცნიერების, კვლევის სფეროდ მთლიანად ქვეყნის მეურნეობის მართვა წარმოჩნდა. ამასთან იგი საფუძვლად დაედო ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და მის კლასიფიკაციას.

კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმდიდრის წყარო უნდა ვეძიოთ არა ვაჭრობაში ან მხოლოდ მიწათმოქმედებაში, არამედ მთლიანად წარმოებაში. ადამ სმითის ცნობილი ნაშრომი – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776 წ.), აღიარებულია კაცობრიობის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომელმაც მის ავტორს „ეკონომიკის მამამთავრის“ სახელი დაუმკვიდრა. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის შემდგომი განვითარება უკავშირდება დეივიდ რიკარდოს სახელს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკის არაერთი სფეროს კვლევაში.

კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მთავარი კრედო ეკონომიკის ლიბერალიზაციაა, რაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას, მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასებით ბაზრის თვითრეგულირებას გულისხმობს. კლასიკური პოლიტიკური ეკონომია საუკუნე-ნახევარზე მეტხანს (XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე) საფუძვლად ედო მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. მის ბაზაზე ეკონომიკურ თეორიაში აღმოცენდა სხვადასხვა მიმდინარეობა.

ეკონომიკური მიმდინარეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქსისტული პოლიტეკონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქსისტული პოლიტეკონომია სოციალიალისტური საზოგადოების მშენებელი ქვეყნების საპროგრამო დოკუმენტად იქცა. ამ მიმდინარეობასთან არის დაკავშირებული მიწასა და წარმოების სხვა საშუალებებზე კერძო საკუთრების გაუქმება და საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარი უფლებით, საზოგადოებრივი საკუთრების ცენტრალიზებული მართვის საფუძველზე, სახელმწიფო ტიპის ეკონომიკის შექმნა. მარქსისტულ-ლენინური პოლიტეკონომია საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირისა და სხვა კომუნისტური სახელმწიფოების ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს 70–წლიანი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა და ადგილი დასავლურ თეორიებს დაეთმო.

ნეოკლასიკური ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქსისტულ პოლიტეკონომიას ეწინააღმდეგებოდა ნეოკლასიკური ეკონომიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს. მისი წარმომადგენლები იყვნენ: ა. მარშალი, ო. ბემ-ბავერკი, კარლ მენგერი, ფ. ვიზერი, უ. ჯევონზი, ვ. პარეტო, ლ. ვალრასი, ჯ. კლარკი და ა.შ., ხოლო თანამედროვე წარმომადგენლები არიან: ჯ. ჰიქსი, ჯ. მილი, რ. სოლოუ, მ. ჯ. ბრაუნი, მ. ფრიდმენი და სხვა.

კეინზიანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929–1933 მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა კლასიკურ - ლიბერალური მიმდინარეობის ნაკლოვანებები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც წარმოქმნა „უხილავი ხელის“ თეორიაზე აღმოცენებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში საჭირო გახდა ქვეყნის ეკონომიკის მართვაში ცვლილებების შეტანა. ასეთ ვითარებაში ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა, რ-იც კეინზიანელობის სახელითაა ცნობილი. მას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რომლის შეხედულებები ძირითადად აისახა მის ცნობილ ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936 წ.). ამ თეორიის მიმდევრები იყვნენ ს. ჰარისი, ა. ჰანსენი, რ. ჰაროდი და სხვა.

სახელმწიფო რეგულირების თეორიამ ეკონომიკურ აზროვნებაში რევოლუციური გადატრიალება მოახდინა. კეინზმა პირველმა გამოთქვა აზრი კრიზისული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თეორიის პრაქტიკაში დამკვიდრებით კეინზიანელობამ უდიდესი ისტორიული როლი შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასა და კაპიტალიზმისაგან თვისებრივად განსხვავებული ახალი საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფორმირებაში. კეინზიანურ მოდელს XX საუკუნის 30-იანი წლების ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 70-იანი წლების II ნახევრამდე წარმატებით იყენებდნენ მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნები. შემდგომში თანდათან მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი ახალი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის.

მონეტარიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონეტარიზმი ეწინააღმდეგება ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას. მონეტარისტებისთვის ბაზარი თვითრეგულირებადი სისტემაა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია, ძირითადად, ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით.

ნეოკეინზიანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის 50-იან წლებში კეინზიანელობის საფუძველზე აღმოცენდა ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა ნეოკეინზიანელობა. მისი წარმომადგენლები ასაბუთებენ ეკონომიკის გრძელვადიანი დაგეგმვის აუცილებლობას, რითაც უპირისპირდებიან ნეოკლასიკურ მიმდინარეობას და მისგან განსხვავებით, ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, უპირატესობას საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის რეგულირებას ანიჭებენ.

ეკონომიკური თეორია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ეკონომიკურ თეორიას, როგორც მეცნიერების, დამკვიდრებასა და განვითარებას საინტერესო ისტორია აქვს. 1918 წლის 26 იანვარს თსუ-ის დაარსებისთანავე მის ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტთან ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტით შეიქმნა ეკონომიკური განყოფილება, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, რომლის პირველი გამგე 1923 წლის ნოემბრამდე პროფესორი ფილიპე გოგიჩაიშვილი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასათიანი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 600-602.
  • ასათიანი რ., ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება, თბ., 2005;
  • ეკონომიკური თეორია. სახელმძღვანელო, გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედ., თბ., 1998;
  • პაპავა ვ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002;
  • ჩიქავა ლ., ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი, თბ., 1997;
  • Galbraith J. K., Economic Theories and Goals of the Society, N. Y., 2009; M a n k i w N. G., Principles of Economics, N. Y., 1998; S a m u - e l s o n P. A., N o r d h a u s W. D., Eco-nomics, 16th ed., N.Y., 1998