შინაარსზე გადასვლა

ეკონომიკური ზრდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკონომიკური ზრდამაკროეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, რომელსაც იყენებენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური ცვლილებების გამოსახატავად. ეკონომიკურ ზრდაში იგულისხმება ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდა, ქვეყნის დოვლათის (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) მოცულობისა და საწარმოო პოტენციალის გადიდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად გამოიყენება რეალური მშპ-ის ზრდის წლიური ტემპი. უფრო ზუსტად მას ასახავს ქვეყანაში მოსახლეობის ერთ სულზე შექმნილი დოვლათის მოცულობის გადიდება. შესაძლებელია გაიზარდოს მშპ, მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე არ გადიდდეს ან, პირიქით, – შემცირდეს კიდეც, თუ ახლად შექმნილი სიმდიდრე არ გადააჭარბებს ბუნებრივი პროცესით ან სხვა მიზეზით მწყობრიდან გამოსული დოვლათის მოცულობას. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ახალშექმნილი სიმდიდრე, ეკონომიკური ზრდა რეალურად არ მოხდება, ვერ უზრუნველყოფს პროგრესს.

ეკონომიკური ზრდის ცნება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში აისახება ეკონომიკური განვითარების ხასიათი. მთავარია მისი კავშირი მოსახლეობის ცხოვრების დონესთან. ეკონომიკურმა ზრდამ უნდა უზრუნველყოს ხალხის კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის სიმდიდრის მოცულობის გადიდებით.

ეკონომიკური ზრდა, თავისი ხასიათითა და ფაქტორებით, არაერთგვაროვანი, რთული პროცესია. იგი მერყევია და დაკავშირებულია ეკონ. დინამიკის ციკლურობასთან და არაციკლურ ცვლილებებთან. ეკონომიკური დინამიკა არ არის მხოლოდ აღმავალი პროცესი. მისი ტემპები შეიძლება იყოს ნულოვანიცა და უარყოფითიც ანუ კლებადი. ძირითადი კანონზომიერება არის ზრდის ტენდენცია, რაც ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ერთ-ერთი პირობა არის.

ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, წარმოების ფაქტორების რაოდენობის გადიდებაზე, მეორე მხრივ, ეკონომიკურ განვითარებაზე, ამ ფაქტორების თვისებრივ გაუმჯობესებაზე. ეკონომიკური ზრდის გადამწყვეტი პირობა უფრო მეტად თვისებრივი და არამატერიალური ფაქტორებია, რომლებიც ნაკლები დანახარჯებით ან სულაც უდანახარჯოდ ზრდიან ეკონომიკურ დოვლათს (სიმდიდრეს).

ეკონომიკური ზრდის ტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ეკონომიკაში განარჩევენ ეკონომიკური ზრდის ოთხ ტიპს: თანაბარი ზრდა (აშშ და ევროპის ქვეყნები) სასწაულებრივი ზრდა (იაპონია, სამხრეთი კორეა...), ტრაგიკული ზრდა (აფრიკის რამდენიმე ქვეყანა) და ეკონომიკური ზრდის არარსებობა (ზიმბაბვე).

ფაქტორებთან მიმართებით არსებობს ეკონომიკური ზრდის ორი გზა: ექსტენსიური და ინტენსიური, რომლებიც აბსტრაქტული თეორიული მოდელებია, ხოლო პრაქტიკაში, როგორც წესი, შერწყმულად თანაარსებობენ.

ექსტენსიური ეკონომიკური ზრდა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსტენსიური ეკონომიკური ზრდა ნიშნავს გამოყენებული რესურსების რაოდენობის შესაბამისად დოვლათის (სიმდიდრის) გადიდებას შრომის დანახარჯების, ძირითადი კაპიტალისა (შენობა-ნაგებობანი, მანქანა-იარაღები, უახლესი ტექნოლოგია და სხვ.) და საბრუნავი კაპიტალის (ნედლეულის, მასალების, ენერგიის და სხვ.) ზრდის ხარჯზე. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის ტემპი მოხმარებული რესურსების რაოდენობის გადიდების ტემპის ტოლია.

ინტენსიური ეკონომიკური ზრდა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტენსიური ეკონომიკური ზრდა კი წარმოების ეფექტიანობის, ანუ რესურსების გამოყენების გაუმჯობესებით, და შედეგიანობის გადიდებით მიიღწევა. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სჭარბობს ინტენსიური ფაქტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია დოვლათის მატება დანახარჯებთან შედარებით, ე. ი. როგორია უტოლობის – „შედეგები > დანახარჯებზე“ – სიდიდე. თანამედროვე ეკონომიკა უპირატესად ხასიათდება ინტენსიური ფაქტორების როლის გაძლიერებით, ე. ი. ეფექტიანობის გადიდებით, რაც ნიშნავს, რომ მცირდება წარმოებული დოვლათის შრომატევადობა, მასალატევადობა, ენერგოტევადობა და იზრდება სასარგებლო თვისებები.

ეკონომიკური ზრდა საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს. XX საუკუნეში, საბჭოთა პერიოდის გარკვეულ ეტაპზე, მიღწეული იყო ეკონომიკური განვითარების შთამბეჭდავი წარმატებები. შეიქმნა განვითარებული მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, მომსახურება და სხვა. XX საუკუნის 90-იან წლებში სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის, სამოქალაქო უთანხმოებათა და კონფლიქტების შედეგად გამოწვეულმა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში ეკონომიკური ზრდა არა მარტო შეაჩერა, არამედ ეკონომიკა მკვეთრად დააქვეითა, რაც 1995 წლამდე გაგრძელდა. 1995 წლიდან დაიწყო ეკონომიკის ნელი გამოცოცხლება.

  • მალაშხია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 599-560.
  • კეინსი ჯ. მ., დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია, ქუთ., 1995;
  • მალაშხია გ., საქართველოს ეკონომიკა. საუკუნოვანი პანორამის შტრიხები, თბ., 2002;
  • ჭანია მ., ეკონომიკური ზრდისა და საგადასახდელო ბალანსის პრობლემები პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში (საქართველოს მაგალითზე), თბ., 2004;
  • Harrod R., Economic Dynamics, L.–N. Y., 1973.