შინაარსზე გადასვლა

ეკატერინა დაშკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინა დაშკოვა
რუს. Екатерина Романовна Дашкова
დაბადების თარიღი 17 (28) მარტი, 1743[1]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 (16) იანვარი, 1810[1] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია კალუგის ოლქი[1]
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოლიტიკოსი, მწერალი და ფრეილინა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ჯილდოები Order of Saint Catherine
მეუღლე Mikhail Dashkov
შვილ(ებ)ი Pavel Dashkov
ხელმოწერა

ეკატერინა რომანის ასული დაშკოვა (რუს. Екатери́на Рома́новна Да́шкова, დაბადებით ვორონცოვა), დ. 17 მარტი, 1743, სანქტ-პეტერბურგი — გ. 4 იანვარი, 1810, მოსკოვი) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, რუსული განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა, მწერალი და პედაგოგი.

იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მრავალწლიანი მეგობარი და თანამებრძოლი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1762 წელს ეკატერინეს ტახტზე ასვლაში. რუსეთის ისტორიაში პირველი არაიმპერატორული წარმოშობის ქალი, რომელსაც მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავა: სანქტ-პეტერბურგის იმპერატორული მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის დირექტორი (1783-1796), იმპერატორული რუსული აკადემიის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი თავმჯდომარე (1783-1796), რუსული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონის — „რუსული აკადემიის ლექსიკონის“ — შექმნის ორგანიზატორი და მონაწილე.

ეკატერინა დაშკოვა გრაფ რომან ვორონცოვის მესამე ქალიშვილი იყო. ორი წლის ასაკში მან დედა დაკარგა, რის შემდეგაც მისი აღზრდა ბიძამ, იმპერიის კანცლერმა მიხეილ ვორონცოვმა ითავა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძის ოჯახში მას საუკეთესო განათლებას აძლევდნენ, დაშკოვა მოგვიანებით იხსენებდა, რომ ეს სწავლება მხოლოდ გარეგნულ ბრწყინვალებაზე, ენების ცოდნასა და დახვეწილ მანერებზე იყო ორიენტირებული. ეკატერინამ დამოუკიდებლად დაიწყო სერიოზული ლიტერატურის კითხვა და მალე თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქალად იქცა.

ოთხი წლის ასაკიდან იგი იზრდებოდა ბიძის, ვიცე-კანცლერ მიხეილ ვორონცოვის სახლში. მისი „საუკეთესო“ — იმ დროინდელი გაგებით „წმინდა ფრანგული“ — აღზრდა (თავის კუზინა ანასთან ერთად) შემოიფარგლებოდა ენების, ცეკვისა და ხატვის სწავლებით. მხოლოდ „შემთხვევითობის წყალობით“ (ეკატერინას წითელა შეეყარა და იგი პეტერბურგიდან ჩვიდმეტი ვერსის დაშორებით, სოფელში გაგზავნეს), იგი კითხვამ გაიტაცა და თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქალად იქცა. მისი საყვარელი მწერლები იყვნენ ბეილი, მონტესკიე, ვოლტერი, ბუალო და ჰელვეციუსი. როდესაც ი. შუვალოვმა მისი კითხვისადმი სიყვარულის შესახებ შეიტყო, მისთვის იმ დროინდელი ლიტერატურული სიახლეების გაგზავნა დაიწყო.

1759 წლის თებერვალში თხუთმეტი წლის ასაკში მან გაიცნო თავადი მიხეილ დაშკოვი და მასზე ფარულად დაქორწინდა. მათი კავშირი სიყვარულზე იყო დაფუძნებული, რაც იმ დროის დიდგვაროვანთა წრეში იშვიათობას წარმოადგენდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი დაახლოება დიდ მთავარ ეკატერინესთან, რომელიც მოგვიანებით რუსეთის იმპერატრიცა გახდა. მათ აერთიანებდათ საერთო ინტერესი ლიტერატურის, ფილოსოფიისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხებისადმი. ეკატერინა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

მონაწილეობა პოლიტიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ასაკიდან ეკატერინას მუდმივად აინტერესებდა პოლიტიკის საკითები. ჯერ კიდევ ბავშვობაში იგი ბიძის დიპლომატიურ ქაღალდებში იქექებოდა და თვალს ადევნებდა რუსული პოლიტიკის მიმდინარეობას. ინტრიგებისა და სწრაფი სახელმწიფო გადატრიალებების ეპოქამ ხელი შეუწყო მასში პატივმოყვარეობისა და ისტორიული როლის შესრულების სურვილის განვითარებას. გარკვეულწილად, ეკატერინამ ეს მოახერხა კიდეც.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგონა სამეფო კართან იყო დაკავშირებული და იმ მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა, რომელმაც ეკატერინას ტახტზე ასვლისას დაუჭირა მხარი. 1758 წელს იგი წარუდგინეს დიდ მთავარ ეკატერინას, როგორც „ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თითქმის მთელ დროს სწავლას უთმობს“, და მას პირადად გაეცნო.

ეკატერინესთან საბოლოო დაახლოება 1761 წლის მიწურულს, პეტრე III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მოხდა. დაშკოვა მონაწილეობდა პეტრე III-ის წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი მისი ნათლია იყო, ხოლო მისი და, ელისაბედი — იმპერატორის ფავორიტი, რომელიც შესაძლოა მისი ახალი ცოლიც გამხდარიყო. სახელმწიფო გადატრიალების ჩაფიქრებისას ეკატერინამ, რომელსაც სურდა, დროზე ადრე ჩრდილში დარჩენილიყო, თავის მთავარ მოკავშირეებად გრიგორი ორლოვი და თავადის ასული დაშკოვა აირჩია. პირველი მათგანი პროპაგანდას ჯარში ეწეოდა, მეორე კი — დიდებულებსა და არისტოკრატიაში. სწორედ დაშკოვას წყალობით გადმოვიდნენ იმპერატრიცას მხარეს გრაფი ნიკიტა პანინი, გრაფი კირილე რაზუმოვსკი, ივან ბეცკოი, ფიოდორ ბარიატინსკი, ალექსანდრე გლებოვი, გრიგორი ტეპლოვი და სხვები.

როდესაც გადატრიალება განხორციელდა, ეკატერინა დაშკოვას მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო საქმეებსა და სამეფო კარზე წამყვანი ადგილები სხვა პირებმა დაიკავეს, ამასთანავე, იმპერატრიცას დამოკიდებულება დაშკოვასადმი საგრძნობლად გაცივდა.

მოგზაურობა საზღვარგარეთ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლის, თავად მიხეილ დაშკოვის გარდაცვალებიდან (1764) მალევე, ეკატერინამ დრო მოსკოვისპირა მამულში, მიხალკოვოში გაატარა, ხოლო 1768 წელს რუსეთში იმოგზაურა. 1762 წლის მოვლენების შემდეგ, დაშკოვასა და ეკატერინე II-ს შორის ურთიერთობა აღარ იყო გულთბილი, თუმცა იგი იმპერატრიცას ერთგული რჩებოდა. მას ხშირად არ მოსწონდა იმპერატრიცას ფავორიტები და ხშირად ბრაზობდა იმ საჩუქრებისა და ყურადღების გამო, რასაც ისინი იღებდნენ. დაშკოვას პირდაპირმა მანერებმა, ფავორიტებისადმი დაუფარავმა ზიზღმა და იმის განცდამ, რომ მისი დამსახურებები სათანადოდ არ იყო დაფასებული, მათ შორის გაუცხოება გამოიწვია. ამის გამო დაშკოვამ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა ითხოვა. ნებართვა გაიცა და მალევე იგი გაემგზავრა, თუმცა მაინც რჩებოდა ეკატერინეს ერთგულ თანამებრძოლად და მეგობრად. ზოგიერთი ცნობით, მისი გამგზავრების ნამდვილი მიზეზი გახდა ეკატერინეს უარი, დაენიშნა იგი იმპერატორული გვარდიის პოლკოვნიკად.[2]

1769 წლის დეკემბერში მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებართვა დაერთო. სამი წლის განმავლობაში დაშკოვამ მოინახულა ინგლისი, საფრანგეთი, შვეიცარია და პრუსია. ევროპაში ამ ვრცელი ვოიაჟის დროს მას უცხო ქვეყნების სამეფო კარებზე დიდი პატივისცემით იღებდნენ. მისმა ლიტერატურულმა და სამეცნიერო რეპუტაციამ ევროპის დედაქალაქების მეცნიერთა და ფილოსოფოსთა საზოგადოებებში გზა გაუხსნა. პარიზში მან მტკიცე მეგობრობა დაამყარა დიდროსა და ვოლტერთან.

1775-1782 წლები მან კვლავ საზღვარგარეთ გაატარა თავისი ერთადერთი ვაჟის აღსაზრდელად, რომელმაც ედინბურგის უნივერსიტეტის კურსი დაასრულა. მან კვლავ მოინახულა პარიზი, შვეიცარია, გერმანია და იტალია. რამდენიმე წელი იცხოვრა შოტლანდიაში, სადაც მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა ადამ სმითთან, უილიამ რობერტსონთან (რომელსაც შვილის განათლება მიანდო) და შოტლანდიური განმანათლებლობის სხვა ლიდერებთან.

1789 წელს პარიზში ყოფნისას მან ბენჯამინ ფრანკლინი გაიცნო. სწორედ ფრანკლინის ინიციატივითა და რეკომენდაციით, იმავე წელს დაშკოვა ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრად მიიღეს. იგი გახდა რუსეთის მეორე წარმომადგენელი და პირველი ქალი — ამ საზოგადოების წევრი.[3] თავის მხრივ, დაშკოვას რეკომენდაციით, იმავე წელს ბენჯამინ ფრანკლინი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.[3]

ეკატერინე II-ის მორიგი ფავორიტის, პლატონ ზუბოვის კარის ინტრიგის შედეგად, დაშკოვამ იმპერატრიცას უკმაყოფილება გამოიწვია იმის გამო, რომ აკადემიასთან არსებულ კრებულში „რუსული თეატრი“ დაიბეჭდა ტრაგედია „ვადიმი“ (1795). ეს ტრაგედია საბოლოოდ ბრუნვიდან ამოიღეს, თუმცა თავადის ასულმა მოახერხა იმპერატრიცასთან ახსნა-განმარტება და ამ ნაწარმოების ბეჭდვის გარემოებების განმარტება.

იმავე 1795 წელს, დაშკოვას წერილობითი თხოვნა გადადგომისა და საქმეების მოსაწესრიგებლად ორწლიანი შვებულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თავადის ასულმა გაყიდა პეტერბურგის სახლი, დაფარა ვალების დიდი ნაწილი, დატოვა სანქტ-პეტერბურგი და საცხოვრებლად მოსკოვსა და თავის მოსკოვისპირა მამულში, მიხალკოვოში გადავიდა, თუმცა ამავდროულად რჩებოდა ორი აკადემიის ხელმძღვანელად.

1796 წელს, ტახტზე ასვლისთანავე, იმპერატორმა პავლემ დაშკოვა დაკავებული თანამდებობებიდან გადააყენა და გადაასახლა ნოვგოროდის შორეულ მამულში, რომელიც მის ვაჟს ეკუთვნოდა. მხოლოდ იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას შუამდგომლობითა და თავად დაშკოვას მიერ იმპერატორის სახელზე დაწერილი თხოვნის საფუძველზე, მას ნება დართეს დაბრუნებულიყო თავის მამულში კალუგის გუბერნიაში, მოგვიანებით კი — მოსკოვში, სადაც იგი ცხოვრობდა და ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ საქმეებში მონაწილეობას აღარ იღებდა. მას შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტროიცკოეს მამულთან, რომელიც მან სანიმუშო მდგომარეობაში მოიყვანა.

1807 წელს თავადის ასულმა დაშკოვამ მოსკოვის უნივერსიტეტს გადასცა თავისი უმდიდრესი სამეცნიერო კოლექცია, რომლის დიდი ნაწილიც მან საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეაგროვა. კოლექცია მოიცავდა დაახლოებით 15 ათას ბიოლოგიურ და მინერალოგიურ ნიმუშს, ასევე წიგნებს, ნახატებსა და ფიზიკურ ინსტრუმენტებს.[4]

დაშკოვა გარდაიცვალა 1810 წლის 4 (16) იანვარს და დაკრძალეს კალუგის გუბერნიის სოფელ ტროიცკოეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში. XIX საუკუნის მიწურულს საფლავის კვალი პრაქტიკულად დაკარგული იყო. 1999 წლის 22 ოქტომბერს, ეკატერინა დაშკოვას სახელობის მოსკოვის ჰუმანიტარული ინსტიტუტის ინიციატივით, საფლავის ქვა აღადგინეს და კალუგისა და ბოროვსკის არქიეპისკოპოსმა კლიმენტიმ აკურთხა.

დადგინდა, რომ იგი დაკრძალული იყო ეკლესიის სატრაპეზო ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, იატაკქვეშა აკლდამაში. ტაძარში თავადური საგვარეულოების წარმომადგენელთა განსასვენებლის მოწყობა რუსულ მემორიალურ ტრადიციას შეესაბამებოდა. სატრაპეზოს კედელზე, მეორე და მესამე სარკმლებს შორის, განთავსდა სპილენძის დაფა ეპიტაფიით, რომელიც დაშკოვას დისშვილმა, ანა ისლენიევამ (1770–1847) შეადგინა:

ვიკიციტატა
„„აქ განისვენებს ნეშტი თავადის ასულ ეკატერინა რომანის ასული დაშკოვასი, დაბადებით გრაფის ასულ ვორონცოვასი, შტატს-დამის, წმინდა ეკატერინეს ორდენის კავალერის, იმპერატორული მეცნიერებათა აკადემიის დირექტორის, რუსული აკადემიის პრეზიდენტის, სხვადასხვა უცხოური აკადემიებისა და რუსეთის ყველა სამეცნიერო საზოგადოების წევრისა. დაიბადა 1743 წლის 17 მარტს, გარდაიცვალა 1810 წლის 4 იანვარს. ეს საფლავის ქვა აღმართულია მისი მარადიული ხსოვნისთვის, მისდამი გულითადი ერთგულებითა და მადლიერებით აღსავსე დისშვილის, ანა მალინოვსკაიას (დაბადებით ისლენიევას) მიერ“.“

ქორწინებიდან მას ყავდა ქალიშვილი ანასტასია და ორი ვაჟი:მიხეილი და პავლე.

1999 წლის ნოემბერში ეკატირინა დაშკოვას სახელობის მოსკოვის ჰუმანიტარულმა ინსტიტუტმა და რუსეთის იმპერატორული ორდენების კავალერთა ეროვნულმა კომიტეტმა დააწესეს თავადის ასულ დაშკოვას მედალი — „თავისუფლებისა და განმანათლებლობის სამსახურისთვის“. მედალი შეტანილია გაეროს საზოგადოებრივი ჯილდოების საბჭოს (UNCOPA) ბანკ-რეგისტრში.

2000 წლის მაისში, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლში, თავადის ასულ დაშკოვას პირველი ოქროს მედალი „თავისუფლებისა და განმანათლებლობის სამსახურისთვის“ გადაეცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ვალენტინა მატვიენკოს.

  • Воронцов-Дашков А. И. Екатерина Дашкова: Жизнь во власти и опале. — М.: Молодая гвардия, 2010. — 336 с. — (Жизнь замечательных людей). — 5000 экз. — ISBN 978-5-235-03295-8.
  • Тычинина Л. В. Великая россиянка. — М.: Наука, 2002. — 258 с. — 1000 экз. — ISBN 5-02-008811-0.
  • Тычинина Л. В., Бессарабова Н. В. Княгиня Дашкова и императорский двор / Московский гуманитарный ин-т им. Е. Р. Дашковой. — М.: МГИ им. Е. Р. Дашковой, 2006. — 173, [16] с. — ISBN 5-89903-040-2.
  • Тычинина Л. В., Бессарабова Н. В. «…Она была рождена для больших дел»: Летопись жизни княгини Е. Р. Дашковой. — М.: МГИ им. Е. Р. Дашковой, 2009. — 328 с. — 200 экз. — ISBN 978-5-89903-129-8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 https://scientificrussia.ru/articles/u-rula-dvuh-akademij-knagina-ekaterina-daskova
  2. Lib.ru/Классика: Огарков Василий Васильевич. Екатерина Дашкова. Ее жизнь и общественная деятельность. az.lib.ru. ციტირების თარიღი: 2020-03-08
  3. 1 2 Иванян Э. А., Энциклопедия российско-американских отношений. XVIII—XX века., Москва, 2001.  გვ. 696, ISBN 5-7133-1045-0.
  4. Валькова 2019.