მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკალღიჭი[1] (ლათ. Smilax) — მცენარეთა გვარი ეკალღიჭისებრთა ოჯახისა. ლიანასებრი ფესურიანი ბუჩქებია ეკლიანი ყლორტებით (სიგრძე 30–40 სმ-მდე); ხშირად წარმოქმნიან ძნელად გასავლელ ბარდებს; იშვიათად შედარებით დაბალი ბალახებია. ფოთლებს ყუნწის ძირში, ჩვეულებრივ, მოსაჭიდი ულვაშების წყვილი აქვს. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია იღლიურ ყვავილედებში. ნაყოფი კენკრაა. ცნობილია 300-მდე სახეობა. გავრცელებული არიან სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, იშვიათად ორივე ნახევარსფეროს თბილზომიერ და ჭარბტენიან რაიონებში.[2] საქართველოს ჭალის ტყეებში ფართოდ არის გავრცელებული Smilax excelsa.[3] სამკურნალო (S. officinalis), ჩინური (S. china) და სხვა სახეობის ეკალღიჭის ფესვები შეიცავს სტეროიდული ხასიათის საპონინებს, სახამებელს, ფისს და ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.[2]