შინაარსზე გადასვლა

ევსებიოსის კანონები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევსებიოსის კანონებიკანონების ორიგინალური სისტემა. შექმნა ევსებიოს კესარიელმა, რომ დახმარებოდა მკითხველს ოთხთავში პარალელური პასაჟების მოძებნაში. მისი სისტემა აღმოჩდა ძალიან პროდუქტიული მოსახმარი, რადგან ეს სისტემა დართული აქვს ოთხთავების არა მხოლოდ ბერძნულ, არამედ ლათინური, სირიული, კოპტური, გოთური, სომხური და ქართული თარგმანების ძალიან დიდ ნაწილს.

ეს სისტემა შედგენილია შემდეგი პრინციპით: თითოეული სახარება დაყოფილია გრძელ ან მოკლე თემატურ ნაწილებად. ეს ნაწილები დანომრილია ზედმიწევნით ოთხივე სახარებაში (355 – მათესთან, 233 – მარკოზთან, 342 – ლუკასთან, 232 – იოანესთან). ევსებიოსმა შექმნა კანონების ათი ტაბულა. პირველი შეიცავს დანომრილ პარალელებს ოთხივე სახარების მიხედვით. მეორე კანონში - მათეს, მარკოზისა და ლუკას საერთო პასაჟები. მესამე კანონში - მათეს, ლუკასა და იოანეს საერთო პასაჟები და ასე გრძელდება ყველა შესაძლო კომბინაცია. ბოლო ტაბულა გვაძლევს მითითებებს თითოეული სახარების თავისებურების შესახებ. ეს რიცხვებით აღნიშნული (ნუმერირებული) პასაჟების ტაბულები, დაწერილი სვეტებად, ოთხთავს წინ აქვს დართული. ოთხთავის ტექსტის გასწვრივ არშიებზე დაწერილია ამა თუ იმ პასაჟის ნომერი, რის მიხედვითაც შესაძლებელია მისი მოძებნა. მაგალითად, იოანეს სახარებაში წერია: „თავადი იესო წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს" (იოვ. 4. 44). პარალელის საპოვნელად არშიაზე ამ მუხლის გასწვრივ ვნახავთ ნომერს 35. შემდეგ ჩახედავთ კანონების პირველ ტაბულას, იოანეს სახარების ვერტიკალურ სვეტში ვიპოვით 35 და ჰორიზონტალურად მის გასწვრივ აღმოვაჩენთ, რომ იგივე პასაჟი გვაქვს მათესთან – 142, მარკოზთან – 51, ლუკასთან – 21.

ზოგიერთ ხელნაწერში წარმოდგენილია ტაბულების გამარტივებული ვარიანტი. ტაბულებში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით გადამწერები ფურცლის ქვედა ნაწილში წერდნენ იმ გვერდზე აღწერილი ნაწყვეტის პარალელს სხვა სახარებასთან. ევსებიოსმა განმარტა თავისი ორიგინალური სისტემა ეპისტოლეში კარპიანოსის მიმართ, ამ წერილის ასლი დართული აქვს ბევრ სახარებას კანონების წინ.

XX საუკუნეში გამოცემულ რამდენიმე სახარებაშიც არის წარმოდგენილი ევსებიოსის კანონები, რაც საშუალებას აძლევს თანამედროვე მკითხველს, გაეცნოს კანონების მოხმარების წესს.

  • კვირველია 2019: კვირკველია ე., სადოქტორო დისერტაცია „სახარების XI საუკუნის ქართული ხელნაწერების კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი და ოთხთავის გიორგი მთაწმინდლისეული რედაქციის ჩამოყალიბების ისტორია“, 2019 წელი.