ევროპაში გამარჯვების დღე

ევროპაში გამარჯვების დღე — სამოქალაქო დღესასწაული, რომელიც ზეიმობს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას. 1945 წლის 8 მაისს მოკავშირეებმა ფორმალურად მიიღეს გერმანიის შეიარაღებული ძალების უპირობო კაპიტულაცია. ამით ოფიციალურად დასრულდა საბრძოლო მოქმედებები. აღმოსავლეთ ფრონტზე უკანასკნელი ცნობილი გასროლა განხორციელდა 11 მაისს.
არაერთი ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს საჯარო დღესასწაულად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე, გათავისუფლების დღე ან უბრალოდ გამარჯვების დღე. დიდ ბრიტანეთში ეს დღე ხშირად აღინიშნება აბრევიატურით VE Day, რომელიც ჯერ კიდევ 1944 წლის სექტემბერში შეიქმნა[1] მომავალში მოსალოდნელი გამარჯვების მოლოდინში.
რუსეთსა და ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში 9 მაისს აღნიშნავენ, რადგან გერმანიის უპირობო კაპიტულაცია ძალაში შევიდა ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 8 მაისის 23:01-ზე, რაც მოსკოვის დროით 9 მაისის 00:01-ს შეესაბამებოდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წლის 30 აპრილს დაიწყო ბრძოლები რაიხსტაგისათვის. რაიხსტაგის შტურმი დაევალა 171-ე მსროლელ დევიზიას და 150-ე მსროლელ დევიზიას. იმავე დღის საღამოს სერჟანტებმა მ. ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს. ჰიტლერმა 30 აპრილს თავი მოიკლა. ადმირალ დენიცის ახალმა მთავრობამ 1 მაისს საბჭოთა სარდლობას პარლამენტიორები გაუგზავნა და გადასცა გებელსისა და ბორმანის ხელმოწერილი წინადადება საბრძოლო მოქმედების დროებით შეწყვეტის თაობაზე. საბჭოთა სარდლობამ კაპიტულაცია მოითხოვა. გერმანელთა სარდლობამ უარყო ეს მოთხოვნა. 1 მაისს საღამოს საბჭოთა ჯარებმა შეტევა განაახლეს. 2 მაისს ბერლინის გარნიზონის ნარჩენებმა ბერლინის დაცვის უფროსის გენერალ ვაიდლინგის მეთაურობით იარაღი დაყარეს. ერთდროულად საბჭოთა ჯარები უტევდნენ აგრეთვე დასავლეთის მიმართულებით. 25 აპრილს რიზის და ტორგაუს რაიონებში უკრაინის პირველი ფრონტის ჯარები შეხვდნენ ამერიკის პირველი არმიის ნაწილებს, 7 მაისს ბელორუსიის პირველი ფრონტის ჯარები ფართო ფრონტით გავიდნენ მდინარე ელბაზე, ხოლო ბელორუსიის მეორე ფრონტის ჯარები 4-5 მაისს ინგლისის ჯარებს შეხვდნენ.
კარლ დენიცის ხელმძღვანელობით შექმნილი ადმინისტრაცია ცნობილია როგორც ფლენსბურგის მთავრობა. სამხედრო კაპიტულაციის აქტს პირველად ხელი 7 მაისს 02:41-ზე საათზე საფრანგეთის ქალაქ რეიმსში SHAEF-ის შტაბბინაში მოაწერეს,[2] ხოლო ოდნავ შეცვლილ დოკუმენტს, რომელიც საბოლოოდ გახდა გერმანიის კაპიტულაციის აქტი, ხელი მოაწერეს 1945 წლის 8 მაისს, ბერლინის კარლსჰორსტში, ადგილობრივი დროით 22:43 საათზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Harper, Douglas. VE Day. Online Etymology Dictionary. ციტირების თარიღი: 12 March 2016
- ↑ Hamilton, Charles (1996). Leaders & Personalities of the Third Reich, Vol. 2. San Jose, CA: R. James Bender Publishing, გვ. 285, 286. ISBN 978-0-912138-66-4.