ევროკავშირის გაფართოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროკავშირის გაფართოება

ევროკავშირის გაფართოება (ინგლ. EU enlargement) — ევროპის სახელმწიფოების გაერთიანების პროცესი ევროკავშირში. ევროპის სახელმწიფოებს, რომლებიც პატივს სცემენ ევროკავშირის ხელშეკრულებაში მოხსენიებულ ევროპულ ღირებულებებს და ხელს უწყობენ მათ პროვოცირებას სახელმწიფოში აქვთ უფლება შეიტანონ განაცხადი ორგანიზაციის წევრობაზე.

გაფართოების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ევროკავშირის ისტორია 1951 წლიდან იწყება. ექვსმა ევროპულმა სახელმწიფომ: ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და დასავლეთ გერმანია, ხელი მოაწერა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებას. 1957 წელს იმავე ქვეყნების მიერ ხელი მოეწერა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების რომის ხელშეკრულებას. გარდა ამისა, იმავე დღეს, იმავე ქვეყნებმა, სხვა ხელშეკრულებით გააფორმეს ევროპის ატომური ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის ორგანიზაცია ანუ ევრატომი. რომის ხელშეკრულებით შეიქმნა საბაჟო კავშირი, რომელიც გულისხმობდა გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საბაჟო ტარიფების ნულამდე დაყვანას, ხოლო სხვა არაწევრი სახელმწიფოებისადმი ერთიანი ტარიფის შემოღებას. 1967 წელს მოხდა ზემოაღნიშნული სამი ორგანიზაციის გაერთიანება, რომელსაც ეწოდა ევროგაერთიანება. ევროგაერთიანება წარმატებულად ვითარდებოდა, რაც გახდა მთავარი მიზეზი მისი სამომავლო გაფართოებისა.

პირველი გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს ევროგაერთიანებას შეუერთდა სამი ევროპული სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია. თავდაპირველად დიდი ბრიტანეთი წინააღმდეგი იყო გაერთიანებაში გაწევრიანებისა. მცირედი ეკონომიკური სარგებელი არ უღირდა სუვერენიტეტის იმ დანაკარგად, რასაც გაერთიანებაში შესვლა მოითხოვდა. ბრიტანეთის ისტორიული ეკონომიკური სიძლიერის მიუხედავად, მისი 1960-იანი წლების ეკონომიკის კლება გამოწვეული იყო გაერთიანების წევრების მზარდი ეკონომიკით. ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე დაყრდნობით, ბრიტანეთმა ორჯერ, 1961 და 1967 წლებში შეიტანა განაცხადი გაერთიანებაში გაწევრიანებისათვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ორივეჯერ ვეტო დაადო ბრიტანეთის გაწევრიანების საკითხს. დე გოლი მიიჩნევდა, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანება დაარღვევდა საფრანგეთ-გერმანიის თანამშრომლობის სიმეტრიულ ღერძს და ჩამოაქვეითებდა საფრანგეთს გაერთიანების მეორეხარისხოვან წევრად. თუმცა, დამოკიდებულება დიდი ბრიტანეთის გაწევრიანების მიმართ მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1969 წელს საფრანგეთის სათავეში მოვიდა ჟორჟ პომპიდუ. მას მიაჩნდა, რომ ევროგაერთიანების ჩრდილოეთით გაფართოება მეტ ეკონომიკურ წარმატებას მოუტანდა საფრანგეთს და ზოგადად კონტინენტის ეკონომიკას. ამ პროცესებმა დააჩქარა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი.

დანია და ირლანდია, ორივე სახელმწიფო სარგებლობდა სტაბილური დემოკრატიული რეჟიმებით, რომლებიც ფუნქციონირებდნენ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ ჩარჩოებში. დანიასა და ირლანდიას ხელი არ ჰქონდათ მოწერილი რომის ხელშეკრულებაზე, რადგან თვლიდნენ რომ მათ ხელთ გაერთაინების მიღმაც არსებობდა ეკონომიკური ბერკეტები. ევროგაერთიანების ეკონომიკურმა წარმატებამ გააჩინა შიში, რომ დანიისა და ირლანდის სოფლის მეურნეობა და ზოგადად ეკონომიკა კონტინენტური გაერთიანების მიღმა დარჩებოდა და დროთა განმავლობაში ეკონომიკის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევდა. ორივე სახელმწიფოს მჭიდრო დამოკიდებულებამ დიდ ბრიტანეთთან და ევროპულ ერთიან ბაზარში გაერთიანების სურვილმა, უზრუნველყო მათი ინტეგრაცია ევროგაერთიანებაში.

მეორე და მესამე გაფართოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლის იანვარში ევროგაერთიანების წევრი გახდა საბერძნეთი და გაერთიანების წევრთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, ხოლო 1986 წლის მესამე გაფართოების შედეგად მათ შეუერთდა ესპანეთი და პორტუგალია, შესაბამისად წევრების საერთო რაოდენობა 1986 წლისათვის 12 ევროპულ სახელმწიფოს შეადგენდა.

საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია გაწევრიანებამდე რამდენიმე წლით ადრე დიქტატორული რეჟიმის ქვეშ იყო. ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობა გახდა იმის მიზეზი, რომ 1960-იან წლებში არაერთხელ უარყვეს აღნიშნული ქვეყნების ევროგაერთიანებაში მიღების განაცხადები. ესპანეთმა, კერძოდ, ფრანკოს რეჟიმმა რამდენჯერმე შეიტანა განაცხადი გაწევრიანებაზე ჯერ კიდევ 1961 წლამდე. თუმცა მალევე, 1970-იანი წლებიდან მდგომარეობა სამივე ქვეყანაში მკვეთრად იცვლება და ევროგაერთიანება იწყებს მუშაობას აღნიშნული ქვეყნების ინტეგრაციისათვის.

საბერძნეთი სამხედრო დიქტატურიდან დემოკრატიას 1974 წლის ივლისში დაუბრუნდა და ამავე წელს შეიტანა განაცხადი ევროგაერთიანების სრულუფლებიან წევრობაზე. ევროგაერთიანების ასოცირებული წევრი კი 1961 წლიდან იყო. დიქტატორული მმართველობისა და მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალურმა სახელმწიფოებმა ესპანეთმა და პორტუგალიამ ომის შემდეგ ვერ გაატარეს ფუნდამენტური რეფორმები. მათი ეკონომიკა და ცხოვრების სტანდარტები განვითარებადი სახელმწიფოს მაჩვენებლებს უტოლდებოდა. დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობამ ესპანეთსა და პორტუგალიაში ევროგაერთიანების წევრებს მარტივად მისცა საშუალება მათ გარეშე გაეტარებინათ მთელი რიგი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. ესპანეთმა 1960-იან წლებში რამდენჯერმე შეიტანა განაცხადი გაწევრიანებაზე. კერძოდ კი 1962 და 1964 წლებში. მესამე განაცხადი კი გენერალ ფრანკოს სიკვდილისა და მისი რეჟიმის გადავარდნის შემდეგ, 1975 წელს შეიტანეს. პარალელურად, პორტუგალიას მიხაკების რევოლუციამ და დიქტატურის დამხობამ მისცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა პირველი დემოკრატიული არჩევნები და განაცხადი შეეტანა ევროგაერთიანების წევრობაზე.

მოკლე პერიოდში ევროგაერთიანებამ მიიღო სამი განაცახადი სამხრეთით გაფართოების საკითხზე. მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ქვეყნები სწრაფად გამხდარიყვენენ ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოები. 1981 წლის თებერვალში ესპანეთი სამხედრო გადატრიალების საშიშროების წინაშე კიდევ ერთხელ დადგა. ამასთანავე, საბერძნეთს შედარებით ადრე ქონდა გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანილი. პარალელურად, ესპანეთისა და პორტუგალიის ბაზრის სიდიდე ბევრ პრობლემას გამოიწვევდა ევროგაერთიანებაში ამიტომ გადაწყდა მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე დაჩქარებულიყო საბერძნეთთან და არა ესპანეთსა და პორტუგალიასთან.

დიდი დაფინანსებების საშუალუალებით პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რეფორმება, ამავდროულად საბერძნეთსა და თურქეთს შორის მეზობლური პოლიტიკის დარეგულირებამ 1981 წელს, საბერძნეთი ევროგაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახადა. ესპანეთისა და პორტუგალიის ბაზრის სიდიდე კონკურენციას უწევდა სხვა ევროპული გაერთიანების სახელმწიფოებს, მაგალითად ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებში საბერძნეთს, ხოლო თევზჭერაში ჩრდილოეთის სახელმწიფოებს. ეს საკითხეები დარეგულირდა 1984 წლის ივნისის ევროპული საბჭოს სამიტზე ფონტებლოში. პორტუგალისა და ესპანეთისათვის ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის გზა გათავისუფლდა. შედეგად, 1986 წლის მესამე გაფართოების საშუალებით ევროპას შეუერთდა ორი სამხრეთის სახელმწიფო, ესპანეთი და პორტუგალია.

კოპენჰაგენის კრიტერიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპენჰაგენის კრიტერიუმები 1993 წელს შეიქმნა. კრიტერიუმების მთავარი მიზანი იყო იმ რისკების მინიმალიზება, რაც ეკონომიკურად და პოლიტიკურად არასტაბილურმა სახელმწიფომ შეიძლება მოუტანოს ორგანიზაციას. შეიქმნა ერთგვარი გაწევრიანების პირობები. ეს პირობებია:

  1. წევრობისათვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ მიაღწიოს ინსტიტუციების სტაბილურობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების დაცვას.
  2. წევრობისათვის საჭიროა ქვეყანაში ფუნქციონირებდეს საბაზრო ეკონომიკა და ამავდროულად ქვეყანას უნდა ქონდეს შესაძლებლობა გაუმკლავდეს ევროკავშირში კონკურენტულ და საბაზრო ძალებს.
  3. წევრობა გულისხმობს კანდიდატი სახემწიფოს შესაძლებლობას, აიღოს პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის ვალდებულებები.

კოპენჰაგენის სამივე ძირითადი პირობა ძალიან ფართოა და მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციისათვის ღიაა.

მეოთხე გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს ევროკავშირში მეოთხე გაფართოება მოხდა. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის არეალს სამი სახელმწიფო შეუერთდა. შვედეთი, ავსტრია და ფინეთი ევროკავშირის მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე წევრები გახდნენ. სამივე სახელმწიფოში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გაწევრიანებას, განსხვავებით ნორვეგიისა. ნორვეგიაში ორჯერ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მოსახლეობის უმრავლესობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

აღნიშნული სამი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანება კავშირის ყველაზე უმტკივნეულო გაფართოებად მიიჩნევა, რადგან შვედეთიც, ავსტრიაც და ფინეთიც 1993 წელს ჩამოყალიბებულ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს სრულებით აკმაყოფილებდნენ. სამივე სახელმწიფო გამოირჩეოდა დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებით, რაც გამოიხატებოდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვის საკითხში. სამივე ქვეყანაში ფუნქციონირებდა საბაზრო ეკონომიკა. შვედეთი, ავსტრია და ფინეთი ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის წევრი სახელმწიფოები იყვნენ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ევროგაერთიანების საბაზრო ეკონომიკასა და კონკურენტულ ძალებთან. ამავდროულად სამივე სახელმწიფოს ქონდა ის რესურსები, რომ დიდი რაოდენობით თანხები ჩაედოთ კავშირში და აეღოთ პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული ვალდებულებები.

ევროკავშირის გაფართოება 2004-2013 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი თანამშრომლობდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებთან მათი პოლიტიკური სისტემებისა და ეკონომიკის რეფორმირების მიზნით, ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ევროკავშირი განიხილავს გაფართოებას ევროპის აღმოსავლეთით, როგორც ისტორიული დაპირების შესრულებას, რითაც მოახდენს კონტინენტის მშვიდობიანი გზებით ინტეგრაციას, ათწლეულების განმავლობაში ხელოვნური დაყოფის გადალახვას და ხელს შეუწყობს ევროპის „მთლიანობასა და თავისუფლებას“. მალტამ და კვიპროსმა გამოთქვეს სურვილი შეერთებოდნენ ევროკავშირს.

1989 წელს სტრასბურგის სამიტზე ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ ევროგაერთიანებამ უნდა აიღოს „სპეციალური პასუხისმგებლობა“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე. ამ ოფიციალურ დეკლარაციას მოჰყვა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებიც, კერძოდ კი 1989 წელს პოლიტიკურად შედარებით დაწინაურებული ქვეყნებისთვის, როგორიც იყო პოლონეთი და უნგრეთი, შეიქმნა ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა PHARE, რომლის მიზანიც იყო აღნიშნულ ქვეყნებში სხვადასხვა სექტორისა და პოლიტიკის მიმართულების რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა. მალევე ამ პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც. PHARE გახდა ევროკავშირის ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების პროგრამა ამ ქვეყნებში. აღსანიშნავია ისიც, რომ დაფინანსების პრიორიტეტები მოგვიანებით შეიცვალა ამ სახელმწიფოებში მიმდინარე რეფორმების ფონზე. 1991 წელს შეიქმნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომლის მიზანიც იყო მხარდაჭერა დასავლეთ ევროპას მხრიდან აღმოსავლეთ ევროპაში კერძო სექტორის განვითარებისთვის. გარდა ამისა, 1990 წლის ოქტომბერში ევროგაერთიანებას გაფორმებული ჰქონდა ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებები ვარშავის პაქტის ყოფილ წევრ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. თუმცა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ეს ფორმატი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ქვეყნების მიზანი ევროკავშირში გაერთიანება იყო და ამ პოლიტიკურ გადაწვეტილებას თითოეული მათგანი ევროპულ სტრუქტურებში ლობირებდა. ამ სახელმწიფოებს კომუნისტური მემკვიდრეობა ერგოთ, ამიტომაც გაწევრიანებამდე მათ ხანგრძლივი გარდამავალი ეტაპი უნდა გაევლოთ: საჭირო იყო საკანონმდებლო და ბიზნესრეფორმები, ინფრასტრუქტურის განვითარება, აგრარული და ინდუსტრიული მოდერნიზაცია, უცხო ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბაზრის მოძიება. ნათელი იყო, რომ აღმოსავლეთით გაფართოება სწრაფად ვერ მოხდებოდა. თანაც 90-იანი წლების დასაწყისში ევროგაერთიანების პოლიტიკურ დღის წესრიგში დომინირებდა ისეთი თემები, როგორებიცაა გერმანიის გაერთიანება, მაასტრიხტის ხელშეკრულება, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გაფართოება. მიუხედავად ამისა, ევროგაერთიანება გამოთქვამდა მზადყოფნას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის. 1991 წელს ევროგაერთიანებამ ვიშეგრადის ქვეყნებთან, პოლონეთთან, უნგრეთთან და ჩეხოსლოვაკიასთან, „ევროპული შეთანხმებები“ (ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ასოცირების შეთანხმებებს) გააფორმა, რაც ევროკავშირსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვყნებს შორის ურთიერთობის მეორე ეტაპზე გადასვლის სიმბოლური მაჩვენებელი იყო. 90-იანი წლების შუა ხანებისთვის ევროკავშირმა ევროპული შეთანხმებები გააფორმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებთანაც. ევროპული შეთანხმებები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა, ეკონომიკური ლიბერალიზაცია, ტექნიკური და ლეგალური დახმარება, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა და პოლიტიკური დიალოგი. 1993 წლის კოპენჰაგენის სამიტი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ასოცირებული ქვეყნები, მათი სურვილიდან გამომდინარე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან“, გაწევრიანება კი დამოკიდებული იქნება წევრობის მსურველი ქვეყნების მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე.

1990 წელს ხმელთაშუა ზღვის ორმა სახელმწიფომ, მალტამ და კვიპროსმა, ევროგაერთიანების წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ორივე ქვეყანა იზიარებდა დასავლეთ ევროპაში დამკვიდრებულ ღირებულებებს და, თანაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაწინაურებული იყო. თუმცა კვიპროსისა და მალტის გაერთიანებაში მიღება პრობლემური იყო შემდეგი გარემოებების გამო: ორი პატარა ქვეყნის შემოერთებით ევროგაერთიანებას შიდა ინსტიტუციური ცვლილებები უნდა განეცადა; კვიპროსში არსებული კონფლიქტი კი ევროგაერთიანებასა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, 1993 წელს ევროკომისიამ მალტასა და კვიპროსის აპლიკაციები პოზიტიურად შეაფასა. აქვე აღნიშნული იყო, რომ კვიპროსის ევროკავშირში მიღება ხელს შეუწყობდა კუნძულზე მშვიდობის დამკვიდრებას და ხალხებს შორის დაახლოებას.

1994-1996 წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანამ (ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. 1998 წლის მარტში ევროკავშირმა დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები კვიპროსთან, ჩეხეთთან, ესტონეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და სლოვენიასთან. 1999 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გადაწყვიტა მოლაპარაკებების გახსნა კიდევ ექვს ქვეყანასთან: ბულგარეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, მალტასთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან. 2001 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნებიდან 10: კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია - სავარაუდოდ შეძლებენ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას 2002 წლის ბოლოს. 2002 წელს ამ 10 კანდიდატთან მოლაპარაკებები დარჩენილ საკითხებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და რეგიონული დახმარება, რთული აღმოჩნდა, რადგან მათ წამოიაყენეს საბიუჯეტო და ტვირთის განაწილების საკითხები. საბოლოოდ მიღწეულ იქნა გარიგება და 2002 წლის დეკემბრის სამიტზე ევროკავშირმა დაასრულა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. გაწევრიანების ხელშეკრულება გაფორმდა 10 ქვეყანასთან 2003 წლის 16 აპრილს და ისინი შეუერთდნენ ევროკავშირს 2004 წლის 1 მაისს.

2007 წლის გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთმა და რუმინეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადება 1995 წელს შეიტანეს და ორივე ქვეყანამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2000 წლის თებერვალში დაიწყო. ბულგარეთის და რუმინეთის პროგრესს გაწევრიანების კუთხით, აქტიურად ადევნებდა თვალს ევროპული კომისია, რომელიც 1998 წლიდან აქვეყნებს მის რეგულარულ მოხსენებებს პროგრესთან დაკავშირებით. აუცილებელი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტეირუმების დაკმაყოფილება, ისევე როგორც მოთხოვნილება კანდიდატი ქვეყნებისთვის მიიღონ და განახორციელონ ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩო. აღნიშნული ჩარჩო შედგებოდა 31 თავისგან, რომელთაგან ყველა უნდა ყოფილიყო „დახურული“ გაწევრიანების დრომდე. მაშინ როცა ბულგარეთი და რუმინეთი აკმაყოფილებდნენ პოლიტიკურ კრიტერიუმს, კომისიამ 2005 გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იყო რიგ სფეროებში რეფორმების განხორციელება. მოხსენება ხაზს უსვამს სასამართლო სტრუქტურების შემდგომი რეფორმის აუცილებლობას ბულგარეთსა და რუმინეთში, განსაკუთრებით მისი წინასასამართლო ფაზებში, ისევე როგორც პოლიტიკური კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობის, წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი ძალისხმევის საჭიროების მხრის. 2000-იან წლებში ბულგარეთმა და რუმინეთმა განახორციელეს მრავალი რეფორმა ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებლად, მათ შორის დემოკრატიული სისტემების კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების პატივისცემა, გამოხატვის თავისუფლების ერთგულება, და მოქმედი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განხორციელება. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა 2004 წლის დეკემბერში, ხოლო გაწევრიანების ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის აპრილში. ბულგარეთისა და რუმინეთის შესახებ 2006 წლის 26 სექტემბრის მონიტორინგის დასკვნით მოხსენებაში კომისიამ დაასკვნა, რომ ორივე ქვეყანა საკმარისად არის მზად ევროკავშირის წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად. 2007 წლის 1 იანვარს ევროკავშირი მიესალმება ორ ახალ წევრ სახელმწიფოს და 30 მილიონ ადამიანს, როდესაც ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანდებიან. ამით დასრულდა ევროკავშირის გაფართოების ისტორიული მეხუთე რაუნდი, რომელიც მშვიდობიანად აერთიანებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას ათწლეულების გაყოფის შემდეგ.

2013 წლის გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიამ, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ნაწილი იყო, 2001 წელს გააფორმა ევროკავშირთან სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულება (SAA). SAA განიხილება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის წევრობის პირველი ნაბიჯად. ხორვატიის SAA-მ დაადგინა ხორვატია-ევროკავშირის ურთიერთობების პარამეტრები, მათ შორის ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ხორვატიას ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების შესრულებაში. ხორვატიამ ევროკავშირში შესვლის შესახებ განცხადება შეიტანა 2003 წლის თებერვალში. 2004 წლის ივნისში ევროკავშირმა დაასახელა ხორვატია წევრობის ოფიციალურ კანდიდატად. იმ დროს, ევროკავშირი ამტკიცებდა, რომ ხორვატიას კიდევ სჭირდებოდა შემდგომი პროგრესის მიღწევა წევრობის ზოგიერთ პოლიტიკურ წინაპირობასთან დაკავშირებით, როგორიცაა უმცირესობების უფლებები, სასამართლო რეფორმა და ომის დამნაშავეების დაკავება, რომლებიც ბალკანეთის 1990-იანი წლების კონფლიქტებს უკავშირდებოდა. 2004 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ხორვატიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებდა 2005 წლის მარტში, იმ პირობით, რომ ხორვატია განახორციელებდა „სრულ თანამშრომლობას“ ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო კრიმინალურ ტრიბუნალთან (ICTY). გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შეფერხდა, რადგან ევროკავშირის ზოგიერთ წევრი არ იყო დარწმუნებული, რომ ხორვატია საკმარისად თანამშრომლობდა ICTY–სთან სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილების დაკავებაში. საბოლოოდ, ხორვატიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წლის ოქტომბერში გაიხსნა, იმის დადგენის შემდეგ, რომ ხორვატია სრულ შესაბამისობაში იყო ICTY-სთან. ხორვატიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეფერხდა, 2008 წლის დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის მეზობელმა წევრმა სლოვენიამ სასაზღვრო დავის ფონზე დაიწყო ინტეგრაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავების დაბლოკვა. 2009 წლის სექტემბერში სლოვენია დათანხმდა საზღვრის საკითხის ცალკე მოგვარებას, რითაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების საშუალება მიცა ხორვატიას. 2011 წლის ივნისში ევროკავშირმა დაასრულა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ხორვატიასთან. ევროკავშირმა და ხორვატიამ ხელი მოაწერეს გაწევრიანების ხელშეკრულებას 2011 წლის დეკემბერში. 2012 წლის იანვარში ხორვატმა ამომრჩეველმა დაამტკიცა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული რეფერენდუმის საფუძველზე, 66 %-ით, ხოლო ხორვატიის პარლამენტმა გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა 2012 წლის მარტში. ევროკომისიამ ხორვატიის პროგრესის შესახებ საბოლოო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა 2013 წლის მარტში, სადაც დაასკვნეს, რომ ხორვატია მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამასთან, კომისიამ ხორვატიას მოუწოდა გააგრძელოს მუშაობა კანონის უზენაესობის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ მოახდინა ხორვატიის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება 2013 წლის ივნისამდე. ხორვატია გახდა ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა 2013 წლის 1 ივლისს.

კანდიდატი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირი:
  ამჟამინდელი წევრები
  წევრობის კანდიდანტები
  აპლიკანტი ქვეყნები
  პოტენციური კანდიდანტები
  ყოფილი წევრები

მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირს დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანა მიაჩნდა პოტენციურ მომავალ კანდიდატებად. ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესი (SAP) წარმოადგენს ევროკავშირის ურთიერთობის ჩარჩოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან. SAP–ის მთავარი ნაწილია სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების დადება (SAA), რომელიც წარმოადგენს ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის თითოეულ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას; SAA ასევე განსაზღვრავს ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, რათა დაეხმაროს თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების შესრულებაში. ბევრი განიხილავს SAA-ს, როგორც პირველ ნაბიჯს ევროკავშირის წევრობისკენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. დღეისათვის ევროკავშირს ჰყავს 5 კანდიდატი ქვეყანა და 2 პოტენციური კანდიდატი.

ალბანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთი, დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, გამოვლინდა როგორც ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატი 2003 წლის ივნისში, თესალონიკის ევროპული საბჭოს სამიტის დროს. 2009 წელს ალბანეთმა შეიტანა ოფიციალური განცხადება ევროკავშირის წევრობის შესახებ. ალბანეთის განაცხადის შესახებ (2010 წელს) გამოთქმულ მოსაზრებაში კომისიამ შეაფასა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნამდე ალბანეთმა უნდა მიაღწიოს წევრობის კრიტერიუმების შესაბამისობაში შესრულება. 2012 წლის ოქტომბერში კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ალბანეთს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც დაკავშირებული იყო ძირითადი ზომების დასრულებასთან სასამართლო და საჯარო მმართველობის რეფორმების სფეროებში და საპარლამენტო პროცედურების გადასინჯვისა და გაუმჯობესების მხრივ. 2014 წლის ივნისში, ევროკავშირმა ალბანეთს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. 2018 წლის აპრილში კომისიამ გასცა უპირობო რეკომენდაცია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. 2018 წლის ივნისის დასკვნებში საბჭომ დაადგინა პროცედურები გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისკენ 2019 წლის ივნისში, რაც დამოკიდებული იქნება მნიშვნელოვან სფეროებში მიღწეულ პროგრესზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სადაზვერვო სამსახურები და საჯარო ადმინისტრაცია. ევროპულმა კომისიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა რეკომენდაციები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გაფართოების პაკეტში, რომელიც მიღებულია 2019 წლის მაისში. 2019 წლის ივნისის დასკვნებში საბჭომ კარგად გაითვალისწინა კომისიის რეკომენდაცია. 2020 წლის მარტში ევროსაბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ალბანეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას, ხოლო 2020 წლის ივლისში წევრ სახელმწიფოებს წარუდგინეს მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტი.

მონტენეგრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 15 ოქტომბერს მონტენეგრომ ხელი მოაწერა სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებას (SAA) და შუალედურ შეთანხმებას ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს უკანასკნელი ძალაში შევიდა 2008 წლის 1 იანვარს, ხოლო SAA ძალაში შევიდა 2010 წლის 1 მაისიდან. სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აქტით, მონტენეგრო ოფიციალურად დათანხმდა ასოციაციას ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რითაც იღებს პასუხისმგებლობას მის ევროპულ მომავალზე. მონტენეგრომ ევროკავშირის წევრობის შესახებ განცხადება შეიტანა 2008 წლის 15 დეკემბერს. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა 2009 წლის 23 აპრილს ითხოვეს, რომ ევროკომისიამ მოამზადოს დასკვნა განაცხადის შეფასების თაობაზე. 2009 წლის 22 ივლისს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლი რენმა მონტენეგროს ხელისუფლებას გადასცა კითხვარი, რომელიც დაეხმარებოდა ქვეყნის მზადყოფნას შეასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები. იმავე წლის 9 დეკემბერს, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩმა ევროკომისიის კითხვარზე პასუხები გადასცა კომისარ რენს. ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მონტენეგრომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით, გამოხატა მხარდაჭერა და 2010 წლის 9 ნოემბერს მისცა კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია, ხოლო 2010 წლის 17 დეკემბერს ევროკავშირმა მონტენეგროს მიანიჭა კანდიდატის ოფიციალური სტატუსი. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მონტენეგროსთან გაიხსნა 2012 წლის 29 ივნისს. 2017 წლის 11 დეკემბრისთვის გახსნილია 30 მოლაპარაკების თავი, კანონის უზენაესობის თავების ჩათვლით, 23 — სასამართლო და ძირითადი უფლებები და 24 — სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრთხოება, ხოლო დარჩენილი სამი თავი (25 — მეცნიერება და კვლევა, 26 — განათლება და კულტურა და 30 — საგარეო ურთიერთობა) დროებით დაიხურა.

ჩრდილოეთი მაკედონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ მაკედონია 2003 წელს სალონიკის ევროპული საბჭოს სამიტის დროს გამოცხადდა ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატად. მან რეგიონში პირველმა გააფორმა სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაშია 2004 წლიდან. მან ევროკავშირის წევრობისთვის განცხადება შეიტანა 2004 წლის მარტში და საბჭომ გადაწყვიტა დეკემბერში 2005 წელს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. 2009 წლის ოქტომბრიდან კომისია მუდმივად ურჩევს დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან. 2015-2016 წლებში რეკომენდაციამ მიიღო პირობითი ხასიათი, რაც დამოკიდებული იყო „სასწრაფო რეფორმის პრიორიტეტების“ განხორციელებაზე. ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას, სახელთან დაკავშირებით 2018 წლის ივნისში, რის შემდეგაც საბერძნეთმა მოხსნა მისი წინააღმდეგობა და ჩრდილოეთ მაკედონიას საშუალება მიეცა გაეგრძელებინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით და საბჭოს მიერ 2018 წლის ივნისში ერთხმად დადგენილი პირობების შესრულებით, 2019 წლის მაისში კომისიამ რეკომენდაცია გაუკეთა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. 2020 წლის მარტში, გენერალურმა საქმეთა საბჭომ გადაწყვიტა გახსნას მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. 2020 წლის ივლისში წევრ სახელმწიფოებს წარუდგინეს მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტი. თუმცა, 2020 წლის ნოემბერს, ბულგარეთმა უარი თქვა ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებაზე ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რაც ფაქტობრივად ბლოკავს გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას ჩრდილოეთ მაკედონიისთვის. ბულგარეთს, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, მოლაპარაკებების ჩარჩოში სურს გარანტიები, რომ სკოპიე შეასრულებს სოფიასთან 2017 წლის მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად ისტორიულ საკითხებს ეხება. სოფია ასევე ეძებს გარანტიებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია არ დაუჭერს მხარს მაკედონელი უმცირესობის პრეტენზიებს ბულგარეთში. მას ასევე სურს ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში თავიდან იქნას აცილებული „მაკედონური ენა“, რომელიც, მისი თქმით, ბულგარულიდან არის წარმოქმნილი.

სერბეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის ოქტომბერში სერბეთმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, რომ დასრულებულიყო პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია და დაეწყო ევროპული ინტეგრაციის გზა. 2003 წელს თესალონიკის ევროპული საბჭოს სამიტის დროს, სერბეთი დასავლეთ ბალკანეთის სხვა 5 ქვეყანასთან ერთად, დასახელდა ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატად. 2007 წელს, მთავრობამ სათანადო ზომები მიიღო ჰააგაში საერთაშორისო ომის დანაშაულთა ტრიბუნალთან თანამშრომლობის გასამყარებლად. 2010 წლის თებერვალში ძალაში შევიდა შუალედური შეთანხმება ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო ივნისში გადაწყდა სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების თავიდან ამოქმედება (SAA), რის დამსახურებითაც სერბეთი მყარად დააბრუნებს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზას. SAA ევროკავშირსა და სერბეთს შორის ძალაში შევიდა 2013 წლის სექტემბრიდან. 2012 წლის მარტში, სერბეთს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 2013 წლის 19 აპრილს, ბრიუსელში ევროკავშირის ხელშემწყობით გაიმართა დიალოგის ათი რაუნდი, ხშირად გამძაფრებული მოლაპარაკებების ფონზეც, რის შედეგადაც კეტრინ ეშტონის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, სერბეთის პრემიერ-მინისტრის ივიცა დაჩიჩისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ჰაშიმ ტაჩის თავმჯდომარეობით მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის მიზანია ურთიერთობების ნორმალიზება სერბეთსა და კოსოვოს შორის. ამ შეთანხმების განხორციელების კონკრეტული შედეგები რეგიონში უფრო ნათელ მომავალს და მდგრად სტაბილურობას მოუტანს. 2013 წლის ივნისში ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, საბჭომ 2013 წლის დეკემბერში მიიღო მოლაპარაკებების ჩარჩო და შეთანხმდა სერბეთთან პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარების თაობაზე 2014 წლის იანვარში. 2014 წლის 21 იანვარს, ჩატარდა პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელიც სერბეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების მანიშნებელია.

თურქეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს თურქეთმა შეიტანა განცხადება ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ, ხოლო 1999 წელს დაიწყო განცხადების განხილვის პროცესი. თურქეთის ევროინტეგრაციაში ჩართვა ჯერ კიდევ 1959 წლიდან იწყება და მოიცავს ანკარის ასოცირების ხელშეკრულებას (1963 წ.) საბაჟო კავშირის პროგრესული დამყარების შესახებ (საბოლოოდ შეიქმნა 1995 წელს). გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ სანამ თურქეთი არ დათანხმდება კვიპროსის ანკარის ასოცირების შეთანხმების დამატებითი პროტოკოლის გამოყენებას, მოლაპარაკებების რვა თავი არ გაიხსნება და არცერთი თავი არ დაიხურება დროებით. თურქეთი არის ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მიგრაცია, უსაფრთხოება, ანტიტერორიზმი და ეკონომიკა, მაგრამ უკან დაიხია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ძირითადი უფლებების სფეროებში. ამის საპასუხოდ, გენერალურ საქმეთა საბჭომ 2018 წლის ივნისში გადაწყვიტა, რომ თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაეყინა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო 2013 წელს. მესამე ანგარიში თურქეთის მიერ ვიზის ლიბერალიზაციის საგზაო რუკის მოთხოვნების შესრულების შესახებ, 2016 წლის მაისში გამოქვეყნდა და ნაპოვნია შვიდი ეტაპი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თურქეთი. თურქეთის ეკონომიკა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა მაღალი უმუშევრობა და ინფლაცია. ძლიერმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ შეარყია ბიზნეს გარემო და გარე დაფინანსებაზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ საკმაოდ მოწყვლადი გახადა მისი ეკონომიკა. თურქეთი სირიიდან თავშესაფრის მაძიებელთა უპრეცედენტო და მუდმივად მზარდ ნაკადს იღებს, რაც დღემდე 3,6 მილიონს გადააჭარბა (4 მილიონიდან). საერთო ჯამში, თურქეთში მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილია და უკვე დახარჯა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ამ კრიზისის მოსაგვარებლად. 2015 წლის ოქტომბერში შეთანხმებულ იქნა ევროკავშირსა და თურქეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც ამოქმედდა ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე 2015 წლის 29 ნოემბერს. სამოქმედო გეგმის მიზანია მიგრაციული ნაკადების წესრიგის დამყარება და არალეგალური მიგრაციის ნაკადის შეჩერება. ევროკავშირმა და თურქეთმა დაადასტურეს თავიანთი საერთო ვალდებულება, შეწყვიტონ არალეგალური მიგრაცია თურქეთიდან ევროკავშირში, დაარღვიონ კონტრაბანდისტების ბიზნეს მოდელი და მიგრანტებს შესთავაზონ მისაღები ალტერნატივა, როგორც ეს 2016 წლის 18 მარტის ერთობლივ განცხადებაში არის ნათქვამი.

პოტენციური კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნია და ჰერცეგოვინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს თესალონიკის ევროპული საბჭოს სამიტის დროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭა პოტენციური კანდიდატის სტატუსი. მას შემდეგ ძალაში შევიდა მთელი რიგი შეთანხმებები ევროკავშირსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის: ვიზების გამარტივებისა და გაცემის შესახებ შეთანხმებები (2008 წ.), ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული შუალედური შეთანხმება (2008 წ.). სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულება (SAA) რატიფიცირდა და ძალაში შევიდა 2015 წლის 1 ივნისს. ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში წევრობის თხოვნით მიმართა 2016 წლის თებერვალში. კომისიამ მიიღო დასკვნა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის შესახებ 2019 წლის მაისში, სადაც განისაზღვრა ქვეყნისთვის 14 ძირითადი პრიორიტეტული სფერო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით. ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა დასკვნასა და ძირითად პრიორიტეტებს 2019 წლის დეკემბერში. აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და საჯარო მმართველობის სფეროებში ღრმა რეფორმების გატარების სრულყოფილ გზას. ევროკავშირი განაგრძობს მნიშვნელოვანი რესურსების განთავსებას ბოსნია და ჰერცეგოვინაში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) და საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში. ევროკავშირის ამჟამინდელი სპეციალური წარმომადგენელი, იოჰან სატლერი, ასევე არის ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი. EUFOR / Althea- ს მისია ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში იმყოფება 600-მდე ჯარისკაცით, აღმასრულებელი მანდატით, ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების მიზნით.

კოსოვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირმა წამყვანი როლი შეასრულა კოსოვოს ახალი მომავლის მშენებლობის საერთაშორისო მცდელობებში 1999 წლიდან. კოსოვოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, როგორც დასავლეთ ბალკანეთის ფართო რეგიონის ნაწილი. ევროკავშირი აქტიურია კოსოვოში სპეციალური წარმომადგენლის (EUSR) და ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) მისიის მეშვეობით კანონის უზენაესობის სფეროში (EULEX). ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია კოსოვოში არის ყველაზე დიდი სამოქალაქო მისია, რომელიც ოდესმე დაიწყო ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. EULEX– ის მისიაა დაეხმაროს კოსოვოს ხელისუფლებას მდგრადი და დამოუკიდებელი კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. EULEX მუშაობს გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის ფარგლებში. ევროკავშირმა ჩაატარა რეგულარული შეხვედრები კოსოვოს ხელისუფლებასთან, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის დიალოგის (SAPD) ფარგლებში. 2016 წლის 1 აპრილს ევროკავშირსა და კოსოვოს შორის სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების (SAA) ძალაში შესვლისთანავე, დიალოგის ჩარჩო რეფორმირდება - დისკუსიები გაიმართება SAA–ს ფარგლებში, ქვეკომიტეტებში. შეიქმნა კონკრეტული დარგობრივი შეხვედრები ტექნიკური განხილვებისთვის შემდეგ სფეროებში: სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრთხოება; ინოვაცია, ინფორმაციული საზოგადოება და სოციალური პოლიტიკა; სოფლის მეურნეობა, თევზაობა, სატყეო მეურნეობა და სურსათის უვნებლობა; შიდა ბაზარი, კონკურენცია და მომხმარებელთა / ჯანმრთელობის დაცვა; ვაჭრობა, მრეწველობა, საბაჟო და დაბეგვრა; ტრანსპორტი, ენერგია, გარემო და რეგიონული განვითარება; ეკონომიკური და ფისკალური საკითხები. დარგობრივი შეხვედრები ტარდება წელიწადში ერთხელ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]