ევლოგი სალოსი
ევლოგი — XIII საუკუნის ქართველი ბერი, თამარ მეფის თანამედროვე. მემატიანეების დახასიათებით, „სალოსად წოდებული და წინასწარმცნობლობისა ღირსქმნილი“ („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“), „ქრისტესთჳს სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა“ (ბასილი ეზოსმოძღვარი). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდადად, მოიხსენიება წმინდა იოანე შავთელთან ერთად 1 (14) აპრილს.
ევლოგი ბასიანის ბრძოლის (დაახლ. 1203 წ.) წინ სალოცავად ოძრხეში წასულ თამარ მეფეს თან ახლდა კათოლიკოს თევდორესთან, ეპისკოპოსებთან, იოანე შავთელთან და სხვა მონაზვნებთან ერთად. მემატიანეების ცნობით, წირვის დროს ევლოგი სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა, წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!“. მან იოანე შავთელს გაანდო ხილვის საიდუმლო — ღვთის შეწევნით ქართველებმა ბასიანში გამარჯვება მოიპოვესო, რის შემდეგაც „მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
- ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
- ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.–ათენი, 2003.
- მარგველაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 552.