შინაარსზე გადასვლა

ედო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქ ედოს პანორამა, გამოსახულების ნაწილი დასაკეც შირმაზე „ედო-ძუ ბიობუ“ (Edo-zu byōbu), XVII საუკუნის პირველი ნახევარი.

ედო (იაპონ. 江戸 – ესტუარი) — ასე ეწოდებოდა ტოკიოს, იაპონიის დღევანდელ დედაქალაქს, 1868 წლამდე. დღეს ამ სახელით მოიხსენიებენ ქალაქის ძველ, ცენტრალურ ნაწილს, რომელიც ედოს ციხესიმაგრის სიახლოვეს მდებარეობს.

ედოს მთელი პერიოდის (1603-1867) განმავლობაში, ქალაქი ასრულებდა იაპონიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრის როლს, თუმცა ოფიციალურად ქვეყნის დედაქალაქი არ ყოფილა – იმ დროს ეს ფუნქცია კიოტოს ეკავა. ედო წარმოადგენდა ტოკუგავას შოგუნატის რეზიდენციას, რომელიც იაპონიას 1603 წლიდან 1868 წლამდე მართავდა.

XVII საუკუნისთვის, ედო პატარა დასახლებიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად გადაიქცა. XVIII საუკუნეში კი მისი მოსახლეობა ერთ მილიონს გადასცდა.[1]

კანტოს რეგიონის დაჭაობებულ ადგილს, სადაც მდინარე სუმიდა-გავა უერთდებოდა ყურეს, ედო ეწოდებოდა, რაც ნიშნავს „ყურის კარიბჭეს“ ან „მდინარის შესართავს“. ჯერ კიდევ XII საუკუნეში, ადგილობრივმა მმართველმა ჩიჩიბუ შიგეცუგუმ ამ ტერიტორიაზე პატარა სიმაგრე ააშენა.[2]

ქალაქ ედოს ისტორია იწყება 1456 წლიდან, როდესაც ადგილობრივმა მმართველმა, უესუგის სახლის ვასალმა, ოტა დოკანმა ბრძანა, რომ ძველი სიმაგრის ადგილას მტრებისგან ტერიტორიის დასაცავად პატარა ციხესიმაგრე აეგოთ.[1] ედოს დაარსების ოფიციალურ თარიღად ითვლება 1457 წლის 8 აპრილი — ედოს ციხესიმაგრის მშენებლობის დასრულების თარიღი.[3]

ციხესიმაგრე სამი ნაწილისგან შედგებოდა, ჰქონდა ორი კოშკი და ხუთი კარიბჭე, ხოლო პერიმეტრის გასწვრივ წყლით სავსე თხრილი იცავდა. იმ დროს, ეს ციხესიმაგრე კანტოს რეგიონში ყველაზე ცნობილი იყო. ონინის ომის გამო დანგრეული დედაქალაქიდან წამოსული არისტოკრატები და ბერები ციხესიმაგრეში პოულობდნენ თავშესაფარს. ციხესიმაგრის გარშემო გაშენებული ქალაქი, რომელიც მდინარე ჰირაკავას სამხრეთ ნაპირზე მდებარე სოფელ ჰირაკავადან გაიზარდა, თანდათან ფართოვდებოდა.

1468 წელს ოტა დოკანი მოკლეს უესუგი სადამასას ბრძანებით, რის შემდეგაც ქალაქი სწრაფად დაქვეითდა და დაცარიელდა. ეს პერიოდი დაახლოებით ასი წელი გაგრძელდა.[2]

„ნიჰონბასის ხიდი ედოში“ ფერადი გრავიურების სერიიდან „ფუძის ოცდათექვსმეტი ხედი“, კაცუსიკა ჰოკუსაი, 1830 წელი.

1590 წლიდან კანტოს რეგიონის მიწები ტოკუგავა იეიასუს სამფლობელოების შემადგენლობაში შევიდა. ციხესიმაგრისა და სხვა ნაგებობების მდგომარეობა სავალალო იყო, ადგილობრივი მოსახლეობა კი ციხესიმაგრის გარშემო არსებულ რამდენიმე პატარა სოფელში სახლობდა. ქალაქი პერიმეტრის გასწვრივ დამცავი კედლითაც კი არ იყო შემოსაზღვრული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ედოს მდებარეობა ეკონომიკურად და სტრატეგიულად ხელსაყრელი იყო, ტოკუგავა იეიასუმ ქალაქის განვითარება დაიწყო. ძველი ციხესიმაგრის კედლები დაანგრიეს, მისი ტერიტორია გააფართოვეს, ხოლო თხრილები მიწით ამოავსეს. 1599 წლისთვის, იმ დროისთვის, როდესაც მომავალი შოგუნი ტოკუგავა იეიასუ უკვე ქვეყნის მეორე პირი გახდა, ედო აქტიურ და გაცოცხლებულ ქალაქად იქცა.[1]

ქალაქ ედოს გარშემო გადაადგილების უზრუნველსაყოფად და ტერიტორიაზე კონტროლის გასაძლიერებლად, 1601 წელს ტოკუგავა იეიასუმ დაიწყო ხუთი მთავარი გზის მშენებლობა, რომლებიც სწორედ ედოდან იღებდა სათავეს. თითოეული მაგისტრალი ედოს ქვეყნის ძირითად ნაწილებთან აკავშირებდა: თოქაიდოს გზა მიემართებოდა კიოტომდე წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის გასწვრივ. ნაქასენდოს გზა ასევე კიოტომდე მიდიოდა, მაგრამ ეს მარშრუტი მთიან ტერიტორიაზე გადიოდა. ქოშიუქაიდოს გზით ქალაქი ედო უკავშირდებოდა ქაის პროვინციას (თანამედროვე იამანაშის პრეფექტურა). ნიქოუქაიდოს გზა ქალაქ ნიქოში მიდიოდა, ხოლო ოუშუქაიდოს გზა კი მუცუს პროვინციაში შედიოდა.

სურუგა-ჩოს ქუჩა, 1856 წელი, სერიიდან „ედოს ასი განთქმული ხედი“, ჰიროსიგე.

1603 წელს, შოგუნად გახდომის შემდეგ, ტოკუგავამ ედო ბაკუფუს – შოგუნების მთავრობის – რეზიდენციად აქცია.[1] შემდგომ წლებში ტოკუგავა ედოს ციხესიმაგრის განახლებითა და გაფართოებით იყო დაკავებული. ციხესიმაგრე გარშემორტყმული იყო ფართო თხრილით და შემოსაზღვრული იყო მასიური გარე კედლით, რომლის სიგანე 5 მეტრს, ხოლო საერთო სიგრძე 16 კილომეტრს შეადგენდა. ციხესიმაგრეში შესასვლელად 11 კარიბჭე გამოიყენებოდა. ედოს ცენტრი შენდებოდა იმ დროინდელი იაპონიის დედაქალაქის – კიოტოს – მსგავსად, რომელიც, თავის მხრივ, ჩინური ტანის დინასტიის დედაქალაქის ნიმუშის მიხედვით იყო აგებული. ციხესიმაგრის ირგვლივ მდებარე ტერიტორიამაც განიცადა ცვლილებები: ბორცვები სწორდებოდა, ჭაობები კი მიწით იფარებოდა.[4]

სანავიგაციო არხის, „დოსან-ბორის“ მეშვეობით, რომელიც ყურიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, შემოჰქონდათ ქვა, ხე-ტყე და სხვა სამშენებლო მასალები, აგრეთვე სხვადასხვა საქონელი. ტოკუგავამ ასევე გასცა ბრძანება, რომ ციხესიმაგრისთვის წყალი მიეწოდებინათ.

1603 წელს აშენებული ხის ხიდი („იაპონური ხიდი“) ქვეყნის მთავარ ხიდად ითვლება. ტოკუგავას ბრძანებით, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ყველა მანძილი სწორედ ამ ხიდიდან აითვლებოდა, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრად იყო მიჩნეული.[3] თანამედროვე საავტომობილო მაგისტრალებზე არსებული ნიშნები, რომლებიც ტოკიომდე მანძილს აჩვენებს, სწორედ ნიჰომბასის ხიდამდე დაშორებას მიუთითებს.

ტოკუგავა იეიასუს განკარგულებით, ქანაძავიდან ედოში გადმოიტანეს ჰოჯოს სახლის ბიბლიოთეკა, რომელსაც 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ. შოგუნის წყალობით, რომელიც ედოში იზიდავდა მეცნიერებს, ხელოსნებს, მხატვრებსა და მწერლებს, ქალაქი თანდათან ქვეყნის კულტურულ ცენტრად გადაიქცა.[1]

თხრილი და კედლები, რომლებიც გარს ერტყმოდა ედოს ციხესიმაგრეს, ფელიქს ბეატო, 1868 წელი.

1653 წელს ქალაქში სასმელი წყალი თამაგავას მდინარიდან გაიყვანეს. უკვე XVII საუკუნეში ქალაქის ფართობი შეადგენდა 43,9 კმ². ამ მაჩვენებლით ედო მნიშვნელოვნად აღემატებოდა ევროპის დიდ ქალაქებს — რომსა და ლონდონს.[5]

1645 წლიდან ედოს რაიონები გაიყო და შესვლა ორგანიზებული იყო კარიბჭეების გავლით, რომლებიც დაკეტილი რჩებოდა საღამოს ათი საათიდან გათენებამდე. ეს ზომები მიიღეს იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ არეულობები სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების მოქმედებების გამო.

გერმანელი ექიმი, მოგზაური და ნატურალისტი ენგელბერტ კემპფერი, რომელიც ნაგასაკიში ჰოლანდიის ფაქტორიაში მუშაობდა და ორჯერ ესტუმრა ედოს 1691 და 1692 წლებში, ერთ-ერთი პირველი ევროპელი იყო, რომელმაც იაპონიის სერიოზული აღწერა შეადგინა.

თავის ჩანაწერებში ის ედოს შემდეგნაირად აღწერდა:

ვიკიციტატა
„ხუთ მთავარ სავაჭრო ქალაქს შორის... ედო პირველი და მთავარია, იმპერატორის რეზიდენცია, დედაქალაქი, სახელმწიფოს უდიდესი ქალაქი... ზღვისკენ მიმართული, ის ნახევარმთვარის ფორმის კონტურს მოგვაგონებს, რომლის სიგრძე 7 მილია, სიგანე კი 5. ქალაქი ძალიან მრავალრიცხოვანია, იქ ბევრი მეზღვაური, უცხოელი და სასულიერო პირია“. პირდაპირ ქალაქის კარიბჭესთან გაშლილი იყო თევზის ბაზარი, სადაც სხვადასხვა ზღვის მცენარეებს, მოლუსკებსა და თევზს ყიდდნენ, რითაც აქ ყველა იკვებება. ჩვენ მივუყვებოდით მთავარ ქუჩას, რომელიც მთელ ქალაქზე გადიოდა და ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა დახვეული გზით. გავიარეთ რამდენიმე დიდებული ხიდი პატარა მდინარებსა და ჭუჭყიან არხებზე, ჩავუარეთ პატარა ქუჩებს, რომლებიც მთავარი ქუჩიდან მარცხნივ უხვევდა... მთავარ ქუჩაზე, რომლის სიგანე 50 ნაბიჯს შეადგენდა, უდიდესი ხალხმრავლობა იყო. სანამ ჩვენ ამ ქუჩაზე მივდიოდით, გვასწრებდნენ პრინცებისა და კარისკაცების პროცესიები, ხოლო გვერდით ჩაგვივლიდნენ მდიდრულად ჩაცმული ქალბატონები საკაცეებზე.

შევხვდით ასი მეხანძრისგან შემდგარ რაზმს, რომელიც სამწყობრო ნაბიჯით მიდიოდა, ზუსტად ისე, როგორც ევროპაში დადიან. მათ ეცვათ ტყავის ქურთუკები ცეცხლისგან დასაცავად; ზოგს მხარზე გრძელი შუბები ეკიდა, ზოგს კი – სახანძრო კავები (ბარღები). რაზმის შუაგულში მათი კაპიტანი მიჰყვებოდა ცხენით.

ქუჩის ორივე მხარეს მრავალი კარგად აღჭურვილი მაღაზია იყო განთავსებული. აქ იყიდებოდა ქსოვილები, ფარდები, აბრეშუმი, წამლები, კერპების ფიგურები, წიგნები, მინის მბერავების ნაწარმი და მრავალი სხვა... “

ქალაქი ხშირად იტანჯებოდა ხანძრებისგან, საშუალოდ ერთი დიდი ხანძარი ედოში სამ წელიწადში ერთხელ ჩნდებოდა. სულ 1600-დან 1866 წლამდე ქალაქში დაფიქსირდა დაახლოებით 20 მსხვილი ხანძარი. 1629 წელს მთავრობის მითითებით შეიქმნა პირველი სახანძრო გუნდი. 1718 წლიდან ხანძრის ჩაქრობაში მოქალაქეების ჩართვა დაიწყეს, ხოლო ორი წლის შემდეგ ედოს ყველა კვარტალში შეიქმნა სახანძრო რაზმები. მიუხედავად ამისა, 1657 წელს ქალაქს სამჯერ მოედო ცეცხლი, სერიოზულად დაზიანდა შენობების ნახევარი, ხოლო მსხვერპლი მოქალაქეებს შორის 108 ათას ადამიანად ფასდება. 1772 წელს ხანძარმა ედოში ხის ნაგებობების უმეტესი ნაწილი გაანადგურა, ხოლო 1806 წელს ცეცხლმა ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი დაანგრია, სადაც სამურაების მამულები მდებარეობდა. 1703 წელს ედო ძლიერ დაზარალდა მასშტაბური მიწისძვრისგან, რომელმაც ორ ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ისევე როგორც იაპონიის სხვა მსხვილ ქალაქებში, XVIII საუკუნის შუა ხანებში, ბრინჯზე ფასების ზრდის გამო, ედოში ხდებოდა ბუნტები.

ასე, რომ, 1733, 1787 და 1866 წლებში არეულობების დროს ედოში ღარიბები ანგრევდნენ მდიდარი მოქალაქეების სახლებს და ბრინჯით მოვაჭრე მაღაზიებს. მეამბოხეთა რაოდენობა ხუთ ათას ადამიანს აღწევდა.

ედოს რუკა, 1844-1848 წლები

ედოს სახელის გადარქმევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1868 წელს, მეიძის რესტავრაციის დროს, იმპერატორის რეზიდენცია ედოში გადაიტანეს, ხოლო თავად ქალაქმა მიიღო ახალი სახელი — ტოკიო. 1943 წელს ქალაქი ტოკიო გამოცხადდა ქვეყნის ოფიციალურ დედაქალაქად. ედოს ციხესიმაგრე გადაკეთდა ტოკიოს იმპერიულ სასახლედ.

გეოგრაფიული მდებარეობა და ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედო მდებარეობდა კანტოს რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე. ქალაქი ვითარდებოდა სასახლისპირა ქალაქის ტიპის მიხედვით, თუმცა მისი მშენებლობა ქაოსურად მიმდინარეობდა. ედო დაყოფილი იყო ორ დიდ საცხოვრებელ მასივად: სამურაების მამულები განლაგებული იყო ქალაქის გორაკიან ნაწილში, რომელსაც იამანოტე ეწოდებოდა, ხოლო ვაჭრები და ხელოსნები სახლდებოდნენ ბარში განლაგებულ კვარტლებში, რომელთაც სიტამატი ერქვა. ქალაქის ცენტრში აღმართული იყო ტოკუგავას შოგუნების ციხესიმაგრე.

ედოს ციხესიმაგრის ნაწილი, თანამედროვე იმპერიული სასახლე.

XVII საუკუნის ბოლოს მისი მოსახლეობა შეადგენდა 430 ათას ადამიანს, ხოლო 1721 წელს — ერთ მილიონზე მეტ ადამიანს. ქალაქის მოსახლეობის ზრდა დიდწილად განპირობებული იყო შემოღებული სანკინ კოტაის მძევლობის სისტემით, რომლის მიხედვითაც ყველა დაიმიოს შეეძლო თავის სასახლეში მხოლოდ ერთი წელი ეცხოვრა, ხოლო ყოველი მეორე წელი ვალდებული იყო შოგუნის კარზე გაეტარებინა. ამასთან, დაიმიოს ოჯახი რჩებოდა ედოში, ხოლო თავად ის დროის უმეტეს ნაწილს გადაადგილებაზე ხარჯავდა. დაიმიოსთან ერთად ედოში ცხოვრობდა მისი მრავალრიცხოვანი ამალა, ასობით მისი მსახური და სამურაი. მათი უზრუნველყოფისა და მომსახურებისთვის ედოში ჩვეულებრივი ქალაქელები გადმოდიოდნენ. გარდა ამისა, ედოში ხშირი ხანძრების გამო, ყოველ დაიმიოს შეეძლო ჰქონოდა არა ერთი, არამედ რამდენიმე მამული. სანკინ კოტაის სისტემა საბოლოოდ 1634-1635 წლებში ჩამოყალიბდა.

შოგუნატი ნიშნავდა ქალაქის მმართველებს, ეგრეთ წოდებულ მატი ბუგიოს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ წესრიგს ქალაქში, წყვეტდნენ ადმინისტრაციულ და სასამართლო საკითხებს. ედოს პერიოდის განმავლობაში ქალაქს მართავდა ორი მატი ბუგიო, მაგრამ 1702-დან 1719 წლამდე პერიოდში ქალაქს სამი მმართველი ჰყავდა.[6] მატი ბუგიოს მმართველობის ქვეშ მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ, ხოლო სამურაები, რომლებიც ედოს მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს შეადგენდნენ, არ ემორჩილებოდნენ ქალაქის მმართველებს.[1]

მუზეუმი „ედო-ტოკიო“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის მარტში ტოკიოში გაიხსნა ისტორიული მუზეუმი „ედო-ტოკიო“, რომელიც ქალაქის ისტორიას ეძღვნება. მუზეუმში წარმოდგენილია ფოტოები, ედოს ციხესიმაგრის მაკეტი, ქალაქის შენობებისა და ხიდების მინიატურები ედოს პერიოდიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 История Японии, ტ. 1: С древнейших времён до 1868 г, М.: Институт востоковедения РАН, 1998. — გვ. 659, ISBN 5-8928-2-107-2.
  2. 2.0 2.1 Akira Naito, Kazuo Hozumi, H. Mack Horton, Edo, The City That Became Tokyo: An Illustrated History, Kodansha International, 2003. — P. 19, 211 p, ISBN 4770027575, ISBN 978-4-7700-2757-3 Invalid ISBN.
  3. 3.0 3.1 Н. А. Ионина, 100 великих городов мира, Вече, 2005. — გვ. 480 (100 великих) 7000 ეგზ., ISBN 5-9533-0741-1, ISBN 5-9533-1445-0, ISBN 5-7838-1025-8 Invalid ISBN.
  4. David Young, Michiko Young, Michiko Kimura Young, Hong Yew Tan, Tan Hong Yew, Introduction To Japanese Architecture, Tuttle Publishing, 2003. — P. 78, 128 p, ISBN 0794601006, ISBN 978-0-7946-0100-3 Invalid ISBN.
  5. От старого Эдо до современного Токио: 400 лет. веб-журнал «Ниппония». ციტირების თარიღი: 2008-08-19
  6. Don Cunningham, Taiho-Jutsu: Law and Order in the Age of the Samurai, Tuttle Publishing, 2004. — P. 39, 192 p, ISBN 0804835365, ISBN 978-0-8048-3536-7 Invalid ISBN.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ედო&oldid=4948128“-დან