ედმუნდ ფრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთის მუზეუმი (ყოფ. ომერ ავგენინოს სახლი, 1907); არქიტექტორი — ედმუნდ ფრიკი.

ედმუნდ ფრიკი (გერმ. Edmund Fryk; ლიეტ. Edmundas Alfonsas Frykas; რუს. Эдмунд Эдмундович Фрик; დ. 10 მარტი, 1876, კოვნო, ახლანდ. კაუნასი, ლიეტუვა, — გ. 1944, გერმანია) — გერმანელ-ლიეტუველი არქიტექტორი და ინჟინერი.

არქიტექტორ ედმუნდ-ემილიონას ფრიკის შვილი. სწავლობდა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტში. 1902-1920 წლებში მუშაობდა საქართველოში: ჯერ ბათუმში, შემდეგ ფოთსა და ქუთაისში. 1921 წლიდან მოღვაწეობდა ლიეტუვაში, იყო კაუნასის საქალაქო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფოთში 1907-1909 წლებში ქალაქის თავის ნიკო ნიკოლაძის მიწვევით იყო საქალაქო ინჟინერი. ასევე იყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის შემოწირულობების კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დააპროექტა საქალაქო ბიბლიოთეკა (ქალაქის პარკი, ფოთი), სასტუმრო „ბრისტოლის“ შენობა (დავით აღმაშენებლის ქ., ფოთი), სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი (26 მაისის ქ., ფოთი), საცხოვრებელი სახლები (ვ. გეგიძის ქ., ფოთი), ყოფილი ყრუთა საზოგადოების შენობა (ტელეკომპანია „ფაზისის“ ადმინისტრაციის შენობა, ფოთი), ომერ ავგენინოს საცხოვრებელი სახლი (ყოფ. ლიალინსკის ქ., ფოთი), ყოფ. სახელმწიფო უშიშროების შენობა (ქუთაისი), ასევე რკინიგზის სადგურის შენობა (მარიამპოლე, ლიეტუვა), საულის გიმნაზიის შენობა (კაუნასი), ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სასნავი, ლიეტუვა), სახანძროს სამსახურის შენობა (კაუნასი), ადამ მიცკევიჩის სახელობის გიმნაზია (კაუნასი), ხარების საკათედრო ტაძარი (კაუნასი) და სხვ. მის მიერ აგებული შენობების უმრავლესობა მოდერნის სტილს განეკუთვნება; ისინი წარმოადგენს ცვალებადი სიმაღლის მქონე შენობებს, რომლებიც გამსხვავებული დეკორატიული ელემენტების მიუხედავად, საერთო სახეს ატარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nijolė Lukšionytė-Tolvaišienė. Edmundas Alfonsas Frykas. Visuotinė lietuvių enciklopedija, T. VI (Fau-Goris). – Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos institutas, 2004. 264 psl.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]