ედვარდ ები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედვარდ ები (ინგლ. Edward Abbey; დ. 29 იანვარი, 1927, ინდიანა, პენსილვანია, აშშ, — გ. 14 მარტი, 1989, ტუსონი, არიზონა, აშშ) — ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი, გარემოს დამცველი აქტივისტი.

დაამთავრა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი (B.A., 1951; M.A., 1956). კარიერის დასაწყისში მუშაობდა აშშ ეროვნული პარკების სამსახურის რეინჯერად და ტყის ხანძრების აღმომჩენად. ების ეკუთვნის არაერთი მხატვრული ნაწარმოები და ესე, რომელშიც გაკრიტიკებულია თანამედროვე მომხმარებლური კულტურის უხეში ჩარევა ველურ ბუნებაში და ასახულია ავტორის რადიკალური ენვაირონმენტალისტური ფილოსოფია. მისი თხზულებებიდან აღსანიშნავია ავტობიოგრაფიული ხასიათის „უდაბნოს განდეგილები“ (Desert Solitaire, 1968) და რომანი „ქანჩის გასაღების ბანდა“ (The Monkey Wrench Gang, 1975). ეს უკანასკნელი აღწერს პარტიზანი გარემოს დამცველების ჯგუფის თავგადასავალს, რომელიც შთაგონების წყაროდ იქცა არაერთი წამოწყებისთვის რეალურ ცხოვრებაში. საკუთარი ანდერძის თანახმად საძილე ტომარაში მოთავსებული დაკრძალეს მოუნიშნავ ადგილზე არიზონის უდაბნოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]