ებრაელები ჩინეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ებრაელები ჩინეთში — ებრაელების პირველი დიდი ნაკადი ჩინეთში ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ჩნდება. თანგ-ის ეპოქის ჩინეთი მსოფლიოს ხალხთათვის გახსნილი იყო. არაბების, სპარსების, ხორაზმელებისა და სხვათა დიასპორების არსებობა ჩინეთში უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ცალკეულ მეცნიერთა აზრით, ჯერ კიდევ ძვ. წ. II-I საუკუნეებში, ანუ ჭოუ-ს ეპოქაში, ებრაელები იოუთაი ჩინეთში უკვე იმყოფებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის შესახებ წერილობითი ცნობები არ არსებობს.

სამხრეთ სუნგ-ის დინასტია ებრაელებს ყველა პირობას უქმნიდა, რათა თავი უცხოელებად არ ეგრძნოთ. მათ აქ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, სასულიერო სასწავლებლები და რაბინთა ინსტიტუტი, საკულტო ტაძრები, სადაც ებრაელთა წესისამებრ აღესრულებოდა მსახურება, ვერცხლის რიგები, სავაჭროები და რა თქმა უნდა მიწები.

ებრაელები ჩინეთში მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, უფლებამოსილნი იყვნენ ესწავლათ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლებში. სახელმწიფო გამოცდების ქეძუეს ჩაბარების შედეგად სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობებსაც იკავებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ებრაელთა რელიგიას ჩინეთში დევნა არ განუცდია.

ჩინეთში ებრაელები მოიხსენიებიან ორი სახელით სამარიტელები და „შავი ებრაელები“.

პირველად 1163 წელს ქალაქს ქაიფენ-ში აგებულ იქნა ებრაელთა სამლოცველო ტაძარი, თუმცა XIII საუკუნის დასაწყისში კი ტაძარი მომთაბარე ტომების შემოსევისას დაინგრა, მაგრამ იმავე საუკუნის 20-იან წლებში ტაძარი აღადგინეს და მონღოლთა მმართველობის იუანის დინასტიის არსებობის განმავლობაში ტაძარში მსახურება არ შეწყვეტილა, ხოლო XIV საუკუნის დამდეგს იუანის დინასტიის წინააღმდეგ აჯანყებისას ტაძარი კვლავ დაინგრა, თუმცა იგი მალევე აღადგინეს.

XIV-XVII სუკუნეები ებრაელთათვის ჩინეთში დიდი აღმავლობის ხანად ითვლება. სწორედ ამ პერიოდში ფართოვდება მათი დასახლების ადგილსამყოფელი ქალაქ ქაიფენში. მოგვიანებით ამ ქალაქს შეემატა ქალაქები ხენანი და შენსი. იმ პერიოდში ქალაქ ქაიფენში ებრაელთა 500 ოჯახი დაახლოებით 6000 სულს მოითვლიდა.

ებრაელების ასეთი წინსვლა-განვითარება ჩინეთში ბუნების მოვლენებმა დაასრულა. 1642 წელს მდინარე ხუანხე ადიდდა, ნაპირებს გადავიდა, გარღვეული ჯებირებიდან გადმოხეთქილმა წყლის უზარმაზარმა ნაკადმა კი ებრაელთა დასახლებები მთლიანად დატბორა, რასაც მრავალი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. ზოგმა გაქცევით უშველა თავს.

XIX საუკუნეში საბოლოოდ განადგურდა ქალაქ ქაიფენის ებრაული ტაძარი. მისი ადგილი დაიჭირა ახალმა ნაგებობებმა და ქუჩებმა.

XIX საუკუნის ბოლოს იწყება ებრაელების ახალი ნაკადის შემოსვლა ჩინეთში, კერძოდ ქალაქ შანხაიში, შედარებით ნაკლები რაოდენობით ქალაქ უხანში, ქალაქ თიენწინსა და ქალაქ ხარპინში, რაც ძირითადად უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ ძვრებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩინეთი ჟამთა სივრცეში; თბ.,2007