შინაარსზე გადასვლა

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
42°05′12″ ჩ. გ. 44°40′52″ ა. გ. / 42.0866861° ჩ. გ. 44.6812194° ა. გ. / 42.0866861; 44.6812194
დაარსდა 1949[1][2]
მდებარეობა საქართველო, დუშეთი, მილახვრიანთკარი, ქეთევან წამებულის ქ./15
ექსპონატი 6.5 ათასამდე
კლასიფიკაცია მხარეთმცოდნეობის
Map

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში.

მუზეუმის საერთო ფართობია 402 მ², მ. შ. საექსპოზიციო-საგამოფენო — 159 მ², საფონდო — 105 მ². მუზეუმში დაცულია დაახლოებით 6,5 ათასი ექსპონატი.

დუშეთის საფოსტო სადგური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუშეთის საფოსტო სადგური („სტანცია“), 1910-იანები

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1949 წლიდან განთავსებულია ყოფილ საფოსტო სადგურში (რუს. почтовая станция). ზოგადად საფოსტო გაგანყოფილება დუშეთში, სადგურის ამოქმედებამდე არსებობდა და ის განთავსებული იყო იჯარით აღებულ კერძო სახლში, რომელიც დუშეთის განყოფილების უფორსს — სუხანოვს ეკუთვნოდა.[3]

1859 წლის 1 ნოემბერს დუშეთის მთებში გახსნა საქართველოს სამხედრო გზის დუშეთი-ანანურის მონაკვეთი. „კავკასიის კალენდარში“ დუშეთის საფოსტო სადგური 1863 წლიდან გვხვდება. იმ დროს საფოსტო სადგურების პროექტის ავტორი იყო საქართველოში მოღვაწე შვედი არქიტექტორი ოტო იაკობ სიმონსონი, რომელმაც შექმნა საქართველოს სამხედრო გზისათვის საფოსტო სადგურების ტიპური პროექტი. ამ პროექტის მიხედვით 8 სადგური, მათ შორის დუშეთის საფოსტო სადგურიც აშენდა. მეფის რუსეთის დროს საქართველოს სამხედრო გზის დუშეთი-ანანურის მონაკვეთი უშუალოდ საფოსტო სადგურის წინ გადიოდა. ცნობილია, რომ აქ გაჩერებულან ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ა. გრიბოედოვი, ა. დიუმა (მამა) და სხვა ცნობილი მოღვაწეები.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1957

1949 წელს მოხდა შენობის ადაპტაცია (დაშენდა მეორე სართული, პირველი სართულის აივნის თავზე ქვის აივანი მოეწყო) და საფოსტო სადგურის შენობაში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განთავსდა,[1][2] ხოლო 1953 წლის 30 ნოემბერს იგი საჯარო დათვალიერებისათვის გაიხსნა.[4] 1953 წელს სოფელ მაღაროსკარის სამკითხველოს გამგემ ნ. ქისტაურმა მუზეუმს გადასცა ბრინჯაოს ხანის ძვ. წ. XI-X საუკუნეების ბოლოკვეთილი მახვილი და საომარი ცული, რომლებიც სოფელ კანატიის მახლობლად იპოვეს კოლმეურნეებმა გ. ბულაურმა და ჭ. უძილაურმა.[5] 1960 წელს მუზეუმში გაიხსნა დ. ჭონქაძის მიძღვნილი მუდმივმოქმედი გამოფენა.[6]

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თავმოყრილია მრავალი საინტერესო ექსპონატი ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრისა და არაგვის, ქართლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული წარსულიდან; ადგილობრივი წარმოების საომარი თუ სამეურნეო იარაღები. დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგება 2 განყოფილებისაგან.

ისტორიულ-არქეოლოგიურ განყოფილებაში თავმოყრილია ქალაქ დუშეთისა და მდინარე არაგვის აუზის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან — გვიან შუა საუკუნეებამდე. არქეოლოგიური მასალა ასახავს მდინარე არაგვის აუზში მცხოვრები მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას, მატერიალურ და ნივთიერ კულტურას, რწმენა-წარმოდგენათა თავისებურებებს სხვადასხვა ეპოქაში; განსაკუთრებით სრულადაა წარმოდგენილი ადრე, შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მასალები.

ეთნოგრაფიულ განყოფილებაში დაცულია ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (ქსოვილების ნიმუშები, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის XIX საუკუნის ფარდაგები, ხალხური სამოსი და აქსესუარები, მინის და კერამიკული ჭურჭელი, მ. შ. მოჭიქული კერამიკა); აგრეთვე დ. ერმაკოვისა და ა. როინაშვილის მიერ გადაღებული XIX საუკუნის ფოტომასალა და სხვა.

ამჟამად შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და ესაჭიროება რეაბილიტაცია.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14916