დროის მბრძანებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დროის მბრძანებელი)

დროის მბრძანებლები (ინგლ. The Time Lords) — ფიქციური უძველესი უცხოპლანეტური ცივილიზაცია ჰუმანოიდური სახეობისა, რომელიც ცნობილია, როგორც გალიფრეელები. დროის მბრძანებლები და მათი წევრი დოქტორი გვხვდება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანულ ტელესერიალში Doctor Who. დროის მბრძანებლებს ეს სახელი დაერქვათ დროის არასწორხაზოვანი აღქმის გამო, რაც მათ საშუალებას აძლევს, ნახონ ყველაფერი, რაც კი მომხდარა, ხდება ან ოდესმე მოხდება, როგორც ნაჩვენებია 1996 წლის ფილმში „Doctor Who". ამ სპეციფიკური აღქმის გამო მათ განავითარეს მფარველობის კულტურა და დროსთან დაკავშირებული ტექნოლოგიები, რაც მოიცავს დროსა და სივრცეში სამოგზაურო მექანიზმებს (იგივე ტარდისებს) და სამეთვალყურეო მოწყობილობებს, რომლითაც დროში მოგზაურობენ და დროის დამახინჯებას ხელს უშლიან. თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათია, რადგან მათი ტაქტიკა იყო ჩარევისგან თავის არიდება და ნეიტრალიტეტი. დროის მბრძანებლებს შეუძლიათ, მანიპულაცია მოახდინონ სხვადასხვა სახის მოვლენებსა და ინდივიდებზე, თუკი არ ჩაერევიან საკუთარ პიროვნულ ისტორიაში.[1][2]

თავდაპირველად დროის მბრძანებლები მოიხსენიებოდნენ, როგორც ძლიერი, მაგრამ მშვიდობიანი რასა პლანეტა გალიფრეიდან, საიდანაც დოქტორი გამოაძევეს. მოგვიანებით ფიქციურ სამყაროში მათი როლი გაიზარდა და მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ დროის მბრძანებლების საზოგადოება იყო სტაგნაციური, ცერემონიების მოყვარული ოლიგარქია, მათი წარსული სავსე იყო მითებითა და ლეგენდებით. მეოთხე ინკარნაციისას დოქტორი მათი პრეზიდენტი გახდა და ბევრ რამეში დაეხმარა დროის მბრძანებლებს.[3] განახლებულ სერიებში (2005 წლიდან) დროის მბრძანებლების საზოგადოება განადგურებულია, რაშიც დამნაშავედ დოქტორი ცხადდება. ბოლო დიდი დროის ომის პერიოდში ის მოვლენების მსვლელობაში ჩაერია. ამ დროს დროის მბრძანებლების პრეზიდენტი იყო ტირანი რასილონი, რომელიც გადასარჩენად მთელი დროისა და სივრცის განადგურებას აპირებდა.

დროის მბრძანებლები ითვლებიან ერთ-ერთ უძველეს და ტექნოლოგიურად ყველაზე ძლიერ რასად Doctor Who-ს სამყაროში. იმ მცირეოდენში, რომლებიც მათზე ძლიერები არიან, შედიან (უკვე გადაშენებული) ოსირიელები[4] და სამყაროს უმაღლესი ძალები, როგორიცაა შავი[5] და თეთრი მცველები[6], და შესაძლოა მუდმივებიც.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]