შინაარსზე გადასვლა

დრეზდენის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრეზდენის ციხესიმაგრე
ციხესიმაგრის ხედი ცვინგერის სასახლიდან
გაგა მუმლაძის ფოტო
სტატუსი heritage monument in Saxony
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
Map

დრეზდენის ციხესიმაგრე (გერმ. Dresdner Residenzschloss ან Dresdner Schloss) — ციხესიმაგრე გერმანიის ქალაქ დრეზდენში, რომელიც ამ ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობაა. მას სამეფო სასახლის სახელითაც მოიხსენიებენ. თითქმის 400 წლის განმავლობაში დრეზდენის ციხესიმაგრე იყო საქსონიის კურფიურსტების (1547–1806) და ვეტინების დინასტიის მეფეების (1806–1918), ასევე პოლონეთის მეფეების (1697–1763) რეზიდენცია. იგი ცნობილია მშენებლობისას გამოყენებული სხვადასხვა არქიტექტურული სტილით, ბაროკოდან ნეო-რენესანსამდე.

დღეს ციხესიმაგრე სამუზეუმო კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ისტორიულ და ახალ მწვანე სარდაფს, ნუმიზმატიკურ კაბინეტს, ბეჭდურ მასალებს, ნახატებისა და ფოტოების კოლექციას, დრეზდენის შეიარაღების მუზეუმს თურქულ პალატასთან ერთად. მასში ასევე განთავსებულია ხელოვნების ბიბლიოთეკა და დრეზდენის ხელოვნების სახელმწიფო გალერიის სათავო ოფისი.

დრეზდენის ციხესიმაგრე 1896 წელს

თავდაპირველი შენობა რომანული სტილის ციხესიმაგრე იყო, რომელიც დაახლოებით 1200 წელს აშენდა. ციხესიმაგრის ჰაუსმანშტურმი ანუ ჰაუსმანის კოშკი XV საუკუნის დასაწყისში აშენდა. 1468 წლიდან 1480 წლამდე ციხესიმაგრე გაფართოვდა არნოლდ ფონ ვესტფალენის მიერ და დახურულ ოთხფრთიან ნაგებობად იქცა. XVI საუკუნის შუა ხანებში მას საქსონური რენესანსის სტილში ჩაუტარეს რესტავრაცია.

1701 წელს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ავგუსტ II ძლიერმა ციხესიმაგრის დიდი ნაწილი ბაროკოს სტილში აღადგინა. ამ დროს საგამოფენო სივრცე შენობის დასავლეთ ნაწილში შეიქმნა. ციხესიმაგრეში არსებული ვერცხლის და ჰერალდიკური ოთახები 1723–1726 წლებში აშენდა, ხოლო სამკაულების, სპილოს ძვლის და ბრინჯაოს ოთახი 1727–1729 წლებში.[1]

საქსონიის მმართველი ოჯახის, ვეტინების დინასტიის 800 წლის იუბილის აღსანიშნავად, 1889-1901 წლებში ციხესიმაგრეს კიდევ ერთი რესტავრაცია ჩაუტარდა. ამ რესტავრაციის დროს ის ნეორენესანსის სტილში აღადგინეს. 1914 წელს შენობაში დაამონტაჟეს იატაკქვეშა გათბობა და შეიყვანეს ელექტროენერგია.

1871 წლიდან 1876 წლამდე ციხესიმაგრის გარე კედელზე მხატვარმა ვილჰელმ ვალტერმა მსოფლიოს ყველაზე დიდი პანორამა „დიდგვაროვანთა მსვლელობა" დახატა, თავდაპირველად ის სგრაფიტოს სტილში იყო შესრულებული და მალევე დაკარგა მისი დიდებულება. პანორამის სიგრძე 102 მეტრია, მასზე საქსონიის მმართველთა მსვლელობაა გამოსახული და 1904-1907 წლებში ფაიფურის ფილებით აღადგინეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წლის 13 თებერვალს, დრეზდენის დაბომბვის დროს, ციხის უმეტესი ნაწილი დაინგრა. მწვანე სარდაფის სამი ოთახი განადგურდა. კოლექციები გადარჩა და ომის პირველ წლებში ის უსაფრთხო ადგილას, კენიგშტაინის ციხესიმაგრეში გადაიტანეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან პირველი 15 წლის განმავლობაში ციხის აღდგენის არანაირი მცდელობა არ ყოფილა, გარდა 1946 წელს დროებითი სახურავის დამონტაჟებისა. რესტავრაცია 1960-იან წლებში დაიწყო რამდენიმე ახალი ფანჯრის დამონტაჟებით და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ნელა მიმდინარეობდა. დრეზდენის ციხესიმაგრის რესტავრაცია საბოლოოდ 2019 წელს დასრულდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Fritz Löffler: Das alte Dresden - Geschichte seiner Bauten. 16th ed. Leipzig: Seemann, 2006, ISBN 978-3-86502-000-0 (German)
  2. Rüstkammer: The State Apartments in Dresden's Residenzschloss. ციტირების თარიღი: 2019-06-29