დრევლიანები
დრევლიანები — აღმოსავლეთ სლავთა ტომობრივი გაერთიანება VI-X საუკუნეებში. ეჭირა მარჯვენა ნაპირის უკრაინის ტერიტორია მდინარეების ტეტერევის, უჟის, უბორტის, სტვიგის აუზებში. დრევლიანებს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა პოლიანთა, დასავლეთით ვოლინელებისა და ბუგელების, ჩრდილოეთით - დრეგოვიჩების ქვეყანა. არქეოლოგიური ძეგლებიდან გვხვდება მრავალი მიწათმოქმედ ტომთა ნამოსახლარი, სამარხი და გორასამარხი, ნაქალაქარი და სხვ. მთავარი ქალაქი იყო ისკოროსტენი მდინარე უჟზე. ახ. წ. I ათასწლეულის ბოლოს განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა. მატიანის მიხედვით, დრევლიანებს საკუთარი სამთავრო ჰქონიათ. 883 წელს კიევის მთავარმა ოლეგმა დრევლიანები დახარკა. 907 წელს დრევლიანები კიევის ჯართან ერთად ლაშქრობდნენ ბიზანტიის წინააღმდეგ. 945 წელს დრევლიანებმა მოკლეს კიევის მთავარი იგორი, რომლის ქვრივი ოლგა სასტიკად გაუსწორდა დრევლიანებს, გაანადგურა წარჩინებულები და ცეცხლს მისცა მათი ქალაქები. დრევლიანების მიწა კიევის სუფლისწულო გახდა (ცენტრი ქალაქი ვრუჩი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 634.