დოჰიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოჰიო 1910 წელს რიოგოკუ კოკუგუკანში ჩატარებულ ტურნირზე

დოჰიო — ადგილი, სადაც სუმოს ორთაბრძოლები იმართება. დოჰიო წარმოადგენს სანახევროდ თიხაში ჩაფლული ბრინჯის ჩალის კონებისაგან შექმნილ 4,55 მეტრის დიამეტრის მქონე წრეს. ოფიციალური პროფესიონალური ტურნირების (ბაშოს) დროს დოჰიო ეწყობა კვადრატული ფორმის თიხის შემაღლებულ პლატფორმაზე, რომლის სიმაღლე 66 სანტიმეტრია, ხოლო თითოეული გვერდის სიგანე — 6,70 მეტრი.

პროფესიონალურ სუმოში დოჰიოს ყოველი ბაშოს წინ აშენებენ იობიდაშები, რომლებიც ამისთვის ტრადიციულ ხელსაწყოებს იყენებენ. 66 სანტიმეტრის სიმაღლის თიხის პლატფორმისა და მასზე დოჰიოს მოწყობას 3 დღეს უნდებიან.

დოჰიოს ასაგებად თიხა საგანგებოდ მოაქვთ საიტამას პრეფექტურიდან, მდინარე არაკავას ნაპირებიდან. თუმცა მზარდი ურბანიზაციის გამო დაიწყეს იბარაკის პრეფექტურიდან მოტანილი თიხის გამოყენებაც. დოჰიოს ზედაპირს ქვიშით ფარავენ. ყოველი ტურნირის (ბაშოს) დასრულების შემდეგ, დოჰიოს შლიან, ხოლო ნაგოია-ბაშოს შემთხვევაში, მის ნატეხები გულშემატკივრებს მიაქვთ სუვენირებად. საწვრთნელ-სავარჯიშო დოჰიოსაც იობიდაშები აგებენ ხოლმე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Morita, Hiroshi. "Sumo Q&A". NHK World-Japan. Retrieved December 25, 2020.
  • Newton, Clyde (1994). Dynamic Sumo. Tokyo: Kodansha International. p. 18.