დოჭუს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოჭუს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დოჭუში.

დათარიღბულია გვიანი შუა საუკუნეებით. მჭიდროდ განაშენიანებული სოფლის განაპირას, კლდოვანი ნიადაგის ბორცვზე მდგარი კოშკი ჰარმონიულად ერწყმის რელიეფს. კვადრატული გეგმარების ნაგებობა ტრადიციისამებრ, ფიქალის ქვის მშრალი წყობითაა ნაშენი. თავდაპირველად, კედლები ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდებოდა. დღესდღეობით, კოშკი, თითქმის, დანგრეულია და მხოლოდ მესამე სართულის დონეზეა შემორჩენილი. ზედა სართულები, ისევე როგორც სართულშუა და მთავარი გადახურვა, უკვე აღარ არსებობს. ტრადიციისამებრ, კოშკის ფასადები მინიმალურადაა დანაწევრებული არქიტექტურული ელემენტებით და სიმკაცრით გამოირჩევა. კედლის ყრუ ზედაპირებს მხოლოდ კარ-სარკმლის ღიობები და სათოფურები თუ ანაწევრებს. კოშკში შესასვლელი რთულად მისადგომ მხარესაა მოწყობილი. ღიობის თავზე სათოფურები და მცირე ზომის სარკმლები ნაწილდება. კოშკის ირგვლივ სხვადასხვა შენობის ნანგრევები განირჩევა, რაც გვაფიქრებინებს, რომ თავდაპირველად, ის საერთო ურბანული ქსოვილის განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. კოშკი მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულებების მატარებელი ძეგლია. მისი დაცვა-შენარჩუნება სოფელ დოჭუს არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 25007