შინაარსზე გადასვლა

დოფინის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოფინის მოედანი
La place Dauphine
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ქალაქი პარიზი
მდებარეობა სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუა
კოორდინატები 48°51′23″ ჩ. გ. 2°20′32″ ა. გ. / 48.8565389° ჩ. გ. 2.3424278° ა. გ. / 48.8565389; 2.3424278
დაიწყო 1607
Map

დოფინის მოედანი (ფრანგ. La place Dauphine) — ისტორიული მოედანი პარიზის ცენტრში. მდებარეობს კუნძულ სიტეს დასავლეთ კიდეზე, I ოლქში. მოედანი შეიქმნა ანრი IV-ის (1589-1610) მმართველობის პერიოდში; მისი ცხენზე ამხედრებული სტატუა მოედნიდან მცირე მანძილზე დგას. გეგმით სამკუთხა მოედნის სიგრძე 102 მეტრია, ხოლო სიგანე — 67 მეტრი. სამკუთხედის დასავლეთი მწვერვალი ახალი ხიდის შუაგულს გადაჰყურებს, ხოლო აღმოსავლეთ ფუძეს მართლმსაჯულების სასახლე კეტავს.[1]

შექმნის მომენტში მოედანს ეწოდა სახელი დოფინის, მომავალი მეფის, ლუი XIII-ის პატივსაცემად. თუმცა, ის არასოდეს ითვლებოდა „სამეფო მოედნად“, განსხვავებით „სამეფო მოედნისგან“ (მოგვიანებით ვოგეზების მოედანი). დოფინის მოედანზე არ იყო განთავსებული მეფეების სტატუები. მეფე ანრი IV-ის ქანდაკება თავიდანვე კუნძულის შუაგულში, ახალი ხიდის ნიშაში, მოედნის საზღვრებს გარეთ დაიდგა — ადგილზე, რომელსაც მანამდე „Place du Cheval de Bronze“ („ბრინჯაოს ცხენის მოედანი“) ერქვა, ახლა კი „Place du Pont-Neuf“ ეწოდება.[2]

1607 წელს, მას შემდეგ, რაც სამეფო მოედანზე (ამჟამინდელი ვოგეზების მოედანი) სამუშაოები დაიწყო და პონ-ნეფი გაიხსნა, მეფე ანრი IV-მ მოისურვა კუნძულ სიტეს დასავლეთ კიდის კეთილმოწყობა თავის სასახლესა და ახალ ხიდს შორის. მან გადაწყვიტა მოედანი ძველი პატარა კუნძულებისა და სამეფო ბაღის ადგილას შეექმნა. სამუშაოები 1607 წლის მაისში დაიწყო. აშილ დე ჰარლემ, მეფის ერთგულმა კარისკაცმა და პარლამენტის პრეზიდენტმა, მიიღო მიწა და მშენებლობის ნებართვა. მოედანს სახელი თავად მეფემ უწოდა 1601 წელს დაბადებული დოფინის, მომავალი ლუი XIII-ის პატივსაცემად.

XVIII საუკუნის დასაწყისიდან დოფინის მოედანი პარიზის მხატვრული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი იყო. მოედანზე იმართებოდა „დებიუტანტთა გამოფენა“.[3] მის შესახებ ინფორმაცია გვხვდება იმდროინდელ ლიტერატურულ ჟურნალში „Mercure de France“. გამოფენა ღია ცის ქვეშ, კათოლიკურ დღესასწაულზე — „ქრისტეს სისხლისა და ხორცის დღეს“ ტარდებოდა. თუ ამ დღეს წვიმდა, გამოფენას მომდევნო კვირისთვის გადადებდნენ ხოლმე. თავდაპირველად გამოფენა სტიქიურად იმართებოდა, თუმცა თანდათან რეგულარულ და მოსალოდნელ მოვლენად იქცა.

1722 წლიდან გამოფენით ფერწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიის წევრები დაინტერესდნენ. სწორედ დოფინის მოედანზე გამართული გამოფენების წყალობით მოიპოვეს საზოგადოების პირველი აღიარება ისეთმა ფერმწერებმა, როგორებიც იყვნენ ონორე ფრაგონარი, ჟან ბატისტ სიმეონ შარდენი და ნიკოლა ლანკრე. „დებიუტანტთა სალონმა“ საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე იარსება, ვიდრე რევოლუციურმა მთავრობამ „ქრისტეს სისხლისა და ხორცის დღესასწაულის“ აღნიშვნა არ აკრძალა.

დოფინის მოედანი ხშირად ხდება მხატვრული ფილმებისა და ტელესერიალების გადასაღები მოედანი, მაგალითად, როგორიცაა „სიყვარული სამ წელს ცოცხლობს“ (2011). მოედნის სახელწოდება მრავალჯერ არის ნახსენები სხვადასხვა ლიტერატურულ და მუსიკალურ ნაწარმოებში.

დოფინის მოედანი აღწერილია მწერლისა და პოეტ-სიურეალისტის, ანდრე ბრეტონის რომანში „ნადია“ (1927). მოგვიანებით, კრიტიკულ ესეში „მინდვრების გასაღები“ (1953), ბრეტონმა სენას ორი განშტოება ქალის გაშლილ ფეხებს შეადარა, ხოლო კუნძულ სიტეს წინ წამოსულ სამკუთხა ფორმის დაბოლოებას, რომელიც მცენარეულობითაა დაფარული, „le sexe de Paris“ (პარიზის სასქესო ორგანო) უწოდა.[4] ბრეტონსვე ეკუთვნის სიტყვების თამაში: „მე ვარ დოფინის მოედნის დოფინი“ (Je suis le dauphin de la place Dauphine). აქ გამოყენებულია სიტყვათა თამაში: „დოფინი“ პირდაპირი მნიშვნელობით „მემკვიდრესაც“ ნიშნავს.

  • № 15: აქ ცხოვრობდნენ სიმონა სინიორე და ივ მონტანი.
  • № 15: აქ ცხოვრობდა კომპოზიტორი და მსახიობი ივ სიმონი.
  • № 23: აქ მდებარეობს სამხატვრო გალერეა „ორფევრი“.
  • № 26: ადგილი, სადაც 1314 წლის 11 (ან 18) მარტს კოცონზე დაწვეს ტამპლიერთა ორდენის მაგისტრი ჟაკ დე მოლე.
  • № 28: ამ სახლში 1912 წლიდან 1934 წლამდე ცხოვრობდა ანდრე ანტუანი — ფრანგი მსახიობი და „თავისუფალი თეატრის“ დამფუძნებელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Place Dauphine: le sol [archive], notice no PA00085996, base Mérimée, ministère français de la Culture. — URL: https://www.pop.culture.gouv.fr/notice/merimee/PA00085996 დაარქივებული 2021-05-10 საიტზე Wayback Machine.
  2. Paris. — Paris: Michelin et Cie, 1996. — Рр. 134, 146
  3. Salon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-10. ციტირების თარიღი: 2017-12-10
  4. Place Dauphine: pourquoi est-elle surnommée le "Sexe de … — URL: https://vivreparis.fr/la-question-de-la-semaine-pourquoi-la-place-dauphine-est-surnommee-le-sexe-de-paris/ დაარქივებული 2021-05-10 საიტზე Wayback Machine.