დოფინე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოფინე

დოფინე (ფრანგ. Dauphiné) — ისტორიული ოლქი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უმთავრესად ალპებსა და რონის ხეობაში. დოფინეს ტერიტორია ემთხვევა იზერის, დრომის, ზემო ალპების დეპარტამენტს. ჩამოყალიბდა როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული ბურგუნდიის სამეფოს დაშლის შემდეგ, XI საუკუნეში. მისი ბირთვი იყო ვიენუის საგრაფო, რომელსაც თანდათან სხვა ფეოდალური სამფლობელოებიც შეუერთდა. დ’ალბონის გვარის ვიენუის გრაფებმა მიითვისეს დოფინეს ტიტული და XIII საუკუნეში მათ სამფლობელოს დოფინე ეწოდა. 1349 წელს გრაფმა უმბერტო II-მ დოფინე მიჰყიდა შარლ ვალუას (მოგვიანებით საფრანგეთის მეფე შარლ V), მაგრამ დოფინე სამეფო დომენს კი არ შეუერთდა, არამედ ტახტის მემკვიდრის აპანაჟად იქცა (ცენტრი გრენობლი) და XVII საუკუნის დამდეგამდე ინარჩუნებდა თავის პრივილეგიებს, იქ იკრიბებოდა პროვინციული შტატები. XVI საუკუნის II ნახევრიდან დოფინე რელიგიური ომების ასპარეზად გადაიქცა. XVII საუკუნის დამლევსა და XVIII საუკუნის დამდეგს ჰუგენოტების დევნის გამო დოფინეს მოსახლეობის მეოთხედი ემიგრაციაში წავიდა.

ლუი XIV-ის მმართველობის ხანაში დოფინეს თავს ესხმოდნენ სავოიის ჯარები. XVII-XVIII საუკუნეებში სახალხო მოძრაობის კერა იყო. 1790 წლიდან დოფინე იზერის, ზემო ალპებისა და დრომის დეპარტამენტებად დაიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]