დოსითეოს ფიცხელაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოსითეოს ფიცხელაური (დ. ოქტომბერი, 1774, იკოთი — გ. 19 ნოემბერი, 1830) — ქართველი სასულიერო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსნის ერისთავის აზნაურის არჯევან ფიცხელაურის ოჯახში, სოფელ იკოთში დაიბადა ვაჟი – დიმიტრი, მომავალი მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი. დოსითეოსის დედა მარინე მაღალაშვილი სახლთუხუცესთა ოჯახს ეკუთვნოდა. 17 წლის ასაკში 1791 წელს ახალგაზრდა ფიცხელაური იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში მონაზვნად აღიკვეცა. ოთხიოდე წლის შემდეგ კი 21 წლისა, ერეკლე მეფის თანხმობით ხოფის მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი.

დოსითეოსი ანტონ II-ის ერთგულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა და მადლიერი კათალიკოსი მისთვის წყალობას არ იშურებდა. 1801 წელს მან დოსითეოსს მიანდო იკორთის წინამძღვრობა, იმავე წელს ქვაბათახევის მონასტერიც ჩააბარეს. 1803 წელს დოსითეოსი დროებით წილკნის ეპარქიასაც მართავდა. 1806 წელს ანტონმა დოსითეოსს შიომღვიმისა და თერის მონასტერთა წინამძღვრობა უბოძა, ხოლო 1808 წელს მასვე ჩააბარა ურბნისის ეპარქიაც. ასე რომ, 1810 წლისათვის დოსითეოსი 36 წლის ასაკში განაგებდა ექვს ეპარქიას – იკორთის, ქვაბთხევის, შიომღვიმის, თერის, წილკნის და ურბნისის.

1810 წელს კათოლიკოსი ანტონ II რუსეთის მთავრობამ პეტერბურგში გაიწვია. კათალიკოსს რუსეთში დოსითეოს ფიცხლეურიც თან გაჰყვა. დოსითეოსი ცდილობდა რუსეთის მთავრობის ყურადღება მიექცია და ამას მიაღწია კიდეც. 1811 წლის 18 სექტემბერს იგი მიიღო პეტერბურგის მიტროპოლიტმა, რომელმაც მას ეპისკოპოსად კურთხევა აღუთქვა.

XIX საუკუნის 10-იან წლებში რუსეთის წინაშე წამოიჭრა ოსეთში ქრისტიანობის გავრცელების საკითხი. სინოდის ობერპროკურპრმა ეს საკითხი პეტერბურგში მოღვაწე ეპისკოპოსს დოსითეოს ფიცხელაურს დაავალა. 1811 წლის დეკემბერში დოსითეოსმა ა. გოლიცინს წარუდგინა მოხსენება აღნიშნულ საკითხზე. ოსების გაქრისტიანების საქმე რუსეთის მთავრობამ მისთვის საიმედო დოსითეოსს მიანდო.

დოსითეოსი დაინიშნა ოსეთის ეპარქიის არქიერად და ოსეთის სასულიერო კომისიის ხელმძღვანელად. 1815 წლის 2 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ოსეთის სასულიერო კომისა. კომისიის წევრებმა მიიღეს ფიცი. დოსითეოსის პატაკებიდან ირკვევა რომ 1715 წლის მაისიდან 1816 წლის ბოლომდე გაუქრისტიანებია 10506 სული, მაგრამ მათ შორის ქსნის ხეობის ოსები არ იხსენიებიან. 1816 წელს ქსნის ხეობაში მდგომარეობა გართულებულა, ამიტომ ქსანი და გვედისძირი ერისთავებს დაუბრუნეს. 1817 წელს დოსითეოსი იმპერატორის ბრძანებით ყველა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და მოსკოვს გაიწვიეს – ფაქტობრივად საპატიო პატიმრობაში ვისოკოპეტრეს მონასტერში, სადაც მას 12 წლის გატარება მოუხდა.

რუსეთში დოსითეოსი ბიბლიურ საზოგადოებას დაუკავშირდა და მისი დავალებით მოსკოვში ქართულ ენაზე ახალი აღქმის წიგნების ბეჭდვას ხელმძღვანელობდა. დოსითეოსს რუსულიდან უთარგმნია მილტონის „დაკარგული სამოთხე“.

1829 წელს დოსითეოსს საქართველოში დაბრუნების ნება დართეს. წამოსვლის წინ მოწყალე იმპერატორმა მას ძვირფასი პანაღია აჩუქა და დამატებით პენსია დაუნიშნა: ათასი მანეთი ასიგნაციებით და 500 მანეთი ვერცხლით (მანამდე 2000 მანეთის რაოდენობით ჰქონდა პენსია დანიშნული). თბილისში დაბრუნებულ მთავარეპისკოპოსს რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ელოდა. იგი ქოლერით მოცულ ქალაქში 1830 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსნისხეველი არქიეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური, ქსნის ხეობის წარსული და აწმყო, ვ. ზანგურაშვილი, თბ., 2005, გვ. 109-112
  • სანქტპეტერბურგიდან მოვლინებული ქართველი მთავარეპისკოპოსი: დოსითეოს ფიცხელაური, ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე: ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან, მ. ღაღანიძე, თბ., 2010, გვ. 52-55

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]