დოსითეოზ ფიცხელაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიცხელაური.

არქიეპისკოპოსი დოსითეოზი (ერისკაცობაში დიმიტრი ფიცხელაური; დ. ოქტომბერი, 1774, იკოთი — გ. 1830, თბილისი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მთავარეპისკოპოსი, ქვათახევის, შიომღვიმის, თირის, ხოფის და ლარგვისის მონასტრების წინამძღვარი, ურბნისის, გორის, ოსეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი და კავკასიის მთის ქორეპისკოპოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ფიცხელაური ახალგორის მოურავის არჯევან ფიცხელაურის მეოთხე ვაჟი იყო. მოურავის ოთხივე ვაჟი – გლახა, ლუარსბი, ნიკოლოზი და დიმიტრი – თავგამოდებით ებრძოდნენ ქსნის ერისთავების ხელისუფლებას. 1809 წელს ხეობაში მოწყობილი ამბოხების მეთაურები სწორედ ისინი იყვნენ. სწორედ ამიტომ არჯევანის ვაჟებს და განსაკუთრებით დოსითეოზს ძალიან ბევრი სასულიერო თუ საერო პირი მტრობდა. 1809 წელს თბილისის მიტროპოლიტი არსენი რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I ეახლა რათა ეუწყებინა, რომ დავით ბატონიშვილის მიერ დაწინაურებულ კაცს ჯერ კიდევ არ ჩამორთმევია სასულიერო წოდება. პირიქით, კიდევ უფრო დაწინაურდა და 4 საარქიმანდრიტო ეპარქია და ერთიც საარქიიერეიო, ურბნისის ეპარქიაც მას დაექვემდებარაო.

როგორც ჩანს დოსითეოზი რუსულ მმართველობას არ სწყალობდა. მისი დამოკიდებულება რუსული მმართველობის მიმართ კარგად სჩანს 1810 წლის საჩივრიდან, რომელიც იგივე მიტროპოლიტ არსენს ეკუთვნის. მარიამობა დღეს დოსითეოზს რუსეთის იმპერიის გერბი ეკლესიის იატაკზე დაუნარცხებია.

1811 წელს საქართველოს კათალიკოს ანტონ II ერთად რუსეთში გადაასახლეს. დოსითეოზ ფიცხელაური ალბათ ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა სამშობლოში, რომ არა ერთი შემთხვევა. რუსეთის საიმპერატორო კარი იმხანად დაინტერესებული იყო ოსების გაქრისტიანების საკითხით, კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრ ტორმასოვი იუეზუიტებს ითხოვდა იმპერატორი ალექანდრემ კი 1815 წელს აღადგინა ოსეთის სასულიერო კომისია და სათავეში ჩაუყენა დოსითეოზ ფიცხელაური.

მანამდე 1814 წელს დოსითეოზმა უწმინდეს სინოდს წარუდგინა ოსთა გაქრისტიანების პროექტი, სადაც ამტკიცებდა, რომ მათი და კავკასიის სხვა ხალხების გასაქრისტიანებლად საჭიროა მათთვის იმ უფლებების აღდგენა, რომლებითაც სარგებლობდნენ ქართველი მეფეების დროს. ქსნის ერისთავების მიერ ოსების ჩაგვრა, ოსებს და კავკასიის სხვა ხალხებს მტრულად განაწყობდა ქართველების და მათი სარწმუნოების მიმართ. ამიტომ დოსითეზ არქიეპისკოპოსი მიიჩნევდა:

  1. ქსანი და გვერდისძირი ჩამორთმეოდათ ქსნის ერისთავებს და სანაცვლოდ მისცემოდათ ხელფასი 10 000 მანეთი ვერცხლით
  2. ქსნის მოსახლეობის მართვა დავალებოდათ ადგილობრივ აზნაურებს: ფიცხელაურებს, ფურცელაძეებს და ჩერქეზიშვილებს.

იმპერატორმა ალექსანდრემ პროექტი მოიწონა და ოსეთის სასულიერო კომისიის თავმჯდომარის რანგში 1815 წელს დოსითეოზი საქართველოში დაბრუნდა და თავის სასულიერო საქმიანობას შეუდგა.

სასულიერო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1807 წელს დოსითეოზი ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მის შესახებ იოანე ბაგრატიონი წერს:

ვიკიციტატა
„“არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობასა შინა რიტორი. ამან იღვაწა მსგავსად პირველისა და განაახლა ხელახლა მონასტერი და დაადგინა ბერები. ამანვე აღაშენა კარგი წისქვილი გორსა შინა და განუმრავლა შემოსავალი მონასტერსა“.“

1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოზის ძებნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა ქვათახევის მონასტრის სიწმინდეები, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინ ბერებმა ლეკთა შემოსევის გამო გადამალეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნა.

1811 წელს ქვათახევის შიომღვიმის სავანეც მიეწერა და არქიმანდრიტი დოსითეოზი შეთავსებით შიომღვიმის წინ ამძღვრადაც დაინიშნა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ გორის ეპისკოპოსად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად ინიშნება.

1815 წელს უკვე მთავარეპისკოპოს დოსითეოზს ახლად შექმნილი ოსეთის ეპარქიის მართვა დაევალა, მასვე დაუმორჩილეს სამწყსოდ თელავის მაზრის ქრისტიანები და კავკასიის მთის ქორეპისკოპოსის წოდება მიანიჭეს. მთავარმართებელ ნიკოლაი რტიშჩევის დროს ქსნის ერისთავების დასმენის შედეგად მოსკოვში გაიწვიეს სადაც მოღვაწეობდა 1825 წლამდე, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1830 წელს და დაკრძალულია ავლაბრის გორაზე მდებარე თბილისის ფერისცვალების მონასტერში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრე ნაზღაიძე, ფიცხელაურები, თბ. 1994 წ.