შინაარსზე გადასვლა

დოროთი ჰაიტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოროთი ჰაიტი

ჰაიტი 2008 წელს
დაბადების სახელი დოროთი ირინ ჰაიტი
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1912
რიჩმონდი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 2010
ვაშინგტონი აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1] [2] [3]
მოქალაქეობა  აშშ[3]
განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი[4] , Steinhardt School of Culture, Education, and Human Development და Columbia University School of Social Work
საქმიანობა აღმზრდელი[5] [2] , ჟურნალისტი, სოციალური მუშაკი[2] [6] , პოლიტიკოსი[7] , ადამიანის უფლებათა დამცველი[3] [2] [6] , პედაგოგი[8] და პოლიტიკური აქტივისტი[8]

დოროთი ირინ ჰაიტი (დ. 24 მარტი, 1912 – გ. 20 აპრილი, 2010) — შავკანიანი ამერიკელი სამოქალაქო და ქალთა უფლებების აქტივისტი[9], განმანათლებელი და ჟურნალისტი. დოროთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა შავკანიანი ამერიკელი ქალების პრობლემებს, მათ შორის უმუშევრობას, წერა-კითხვის უცოდინარობასა და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას.[10]

ჰაიტი მიიჩნევა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის პირველ ლიდერად, რომელმაც საჯაროდ აღნიშნა, რომ ქალთა და ფუნდამენტური შავკანიანი ამერიკელების მიმართ უთანასწორობა ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემებია და ისინი ერთობლივად უნდა განიხილებოდეს.[11]

დოროთი 40 წლის განმავლობაში იყო შავკანიანი ქალების ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი.[12] ჰაიტის როლი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ე.წ. „დიდ ექვსეულში“ ხშირად უგულებელყოფილი იყო პრესის მიერ სექსიზმის გამო.

1974 წელს ჰაიტი დაინიშნა ბიოსამედიცინო და ქცევითი კვლევების ადამიანის სუბიექტთა დაცვის ეროვნული კომისიაში, რომელმაც გამოაქვეყნა — ბიოეთიკის ანგარიში.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოროთი ჰაიტი დაიბადა 1912 წლის 24 მარტს, ქალაქ რიჩმონდში, ვირჯინიის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.[13] ხუთი წლის ასაკში დოროთი ოჯახთან ერთად გადავიდა პენსილვანიის შტატში, ქალაქ მაკკის როქს-რენკინში — ფოლადის წარმოებით ცნობილ ქალაქში, რომელიც პიტსბურგის გარეუბანში მდებარეობდა. იქ დოროთი ჰაიტი სწავლობდა რასობრივად ინტეგრირებულ (შერეულ) სკოლებში.

ჰაიტის დედა აქტიურად მონაწილეობდა პენსილვანიის ფერადკანიანი ქალების კლუბების ფედერაციის საქმიანობაში და დოროთის ხშირად დაჰყავდა შეხვედრებზე, სადაც, როგორც თავად ამბობდა, „დაიმკვიდრა თავისი ადგილი დების ერთობაში“.[14]

ჰაიტის ხანგრძლივი კავშირი ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანულ ასოციაციასთან დაიწყო რენკინში გოგონათა კლუბში, რომელიც ორგანიზებული იყო პიტსბურგის ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული ასოციაციის მხარდაჭერით. ჰაიტი ძალიან აქტიური მონაწილე იყო და მალევე აირჩიეს კლუბის პრეზიდენტად. თუმცა, შეძრული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ რასობრივი კუთვნილების გამო ეკრძალებოდა ცენტრალური ფილიალის აუზში ცურვა. მიუხედავად იმისა, რომ 1920-იანი წლების პიტსბურგში მისმა მცდელობამ პოლიტიკის შეცვლა ვერ მოახერხა, მოგვიანებით ჰაიტმა თავისი პროფესიული საქმიანობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას მიუძღვნა.[14]

საშუალო სკოლაში სწავლის დროს ჰაიტი აქტიურად ჩაერთო ანტილინჩის მოძრაობაში.[15] როგორც ნიჭიერმა მჭევრმეტყველმა, დოროთიმ პირველი ადგილი და 1000 დოლარის სტიპენდია მოიპოვა ეროვნული ორატორული კონკურსში. [16]1929 წელს დოროთი ირინ ჰაიტმა დაამთავრა რენკინის საშუალო სკოლა.[17]

იმავე წელს ჰაიტი მიიღეს ბარნარდის კოლეჯში, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტს ეკუთვნის, თუმცა ჩარიცხვაზე უარი უთხრეს, რადგან სასწავლებელს ჰქონდა დაუწერელი წესი — წელიწადში მხოლოდ ორი შავკანიანი სტუდენტის მიღება.[18] ამის შემდეგ ჰაიტი ჩაირიცხა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სადაც 1932 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო მომდევნო წელს — განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი.[19] შემდგომ დოროთი ირინმა პოსტსაბაკალავრო სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში და ნიუ-იორკის სოციალური მუშაობის სკოლაში (რომელიც მოგვიანებით გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლა).[20]

დოროთი ჰაიტი ელეონორა რუზველტთან ერთად (1960 წელი)

1934–1937 წლებში დოროთი ჰაიტი მუშაობდა ნიუ-იორკის ქალაქის სოციალური კეთილდღეობის დეპარტამენტში. მოგვიანებით დოროთიმ აღნიშნავდა, რომ სწორედ ამ გამოცდილებამ ასწავლა კონფლიქტების მართვა ისე, რომ ისინი არ გამწვავებულიყო.

1937 წლის შემოდგომაზე ჰაიტი გადავიდა სამუშაოდ ნიუ-იორკის ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული ასოციაციის (YWCA) ჰარლემის ფილიალში მრჩევლად. იქ მუშაობის დაწყებიდან მალევე, შავკანიანი ქალების ეროვნული საბჭოს (NCNW) შეხვედრაზე, რომელიც YWCA-ში გაიმართა, ჰაიტი შეხვდა მერი მაკლეოდ ბეთუნსა და ელეონორა რუზველტს. თავის 2003 წლის მემუარებში ჰაიტი იხსენებდა ამ შეხვედრას როგორც გადამწყვეტ მომენტს, როდესაც ბეთუნმა დოროთის უთხრა: „თავისუფლების კარიბჭე ნახევრად ღიაა — ჩვენ უნდა გავაღოთ იგი ბოლომდე.“ ჰაიტის თქმით, სწორედ ამ დღიდან მიუძღვნა თავი ამ მოწოდებას.[21]

მომდევნო წელს დოროთი ჰაიტი დაინიშნა ნიუ-იორკის YWCA-ს „ემა რენსომ ჰაუსის“ საცხოვრებლის დროებით დირექტორად. YWCA-სა და შავკანიანი ქალების ეროვნული საბჭოს საქმიანობასთან ერთად, ჰაიტი აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანებული ქრისტიანული ახალგაზრდული მოძრაობის მუშაობაშიც, რომელიც რელიგიური რწმენის რეალურ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებაზე იყო ორიენტირებული.[14]

1939 წელს ჰაიტი გადავიდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, სადაც გახდა YWCA-ს „ფილის უიტლის“ ფილიალის აღმასრულებელი ხელმძღვანელი. 1944 წლის შემოდგომაზე დოროთი დაბრუნდა ნიუ-იორკში და შეუერთდა YWCA-ს ეროვნული შტაბის პროგრამულ გუნდს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით რასათაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. ჰაიტის საქმიანობა მოიცავდა ტრენინგებს, წერას და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტთან თანამშრომლობას რასობრივი საკითხების შესახებ. სწორედ ამ პერიოდში YWCA-მ მიიღო 1946 წლის რასათაშორისი ქარტია, რომელიც ორგანიზაციას ავალდებულებდა, ემუშავა არა მხოლოდ საკუთარი სტრუქტურის ინტეგრაციაზე, არამედ რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზეც — საზოგადოებაში, ქვეყანაში და მსოფლიოში.

ჰაიტი დარწმუნებული იყო, რომ სეგრეგაცია ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს და ამით აძლიერებს წინასწარგანწყობებს. ამიტომ დოროთი ჰაიტი აწყობდა შეხვედრებს, ატარებდა სამუშაო სემინარებს და წერდა სტატიებსა და ბროშურებს, რათა თეთრკანიან წევრებს დაეძლიათ შიში და თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა ორგანიზაციის პრინციპებთან შეეთანხმებინათ.[14] ჰაიტი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ქალთა სტუდენტური ჯგუფის „დელტა სიგმა თეტას“ აქტიური წევრი.[21] ავითარებდა ლიდერობისა და განათლების პროგრამებს, ხოლო 1947–1956 წლებში იყო ჯგუფის ეროვნული პრეზიდენტი.[21]

1950 წელს ჰაიტი გადავიდა YWCA-ს ტრენინგ-სერვისების დეპარტამენტში, სადაც ძირითადად თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებაზე მუშაობდა. 1952 წლის შემოდგომაზე დოროთი ინდოეთში, დელის სოციალური მუშაობის სკოლაში, მოწვეულ პროფესორად იმყოფებოდა. მოგვიანებით დაბრუნდა ნიუ-იორკში და განაგრძო ტრენინგ-საქმიანობა.[14] ჰაიტი ასევე მონაწილეობდა „ლიბერიის მონიტორინგის პროგრამაში“ და 1955 წელს ხელმძღვანელობის რიგებშიც მუშაობდა.[22]

1963 წელს, როდესაც სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ განსაკუთრებული ძალა მოიკრიბა, YWCA-ს ეროვნულმა საბჭომ დააფინანსა ქვეყნის მასშტაბით პროგრამა „ქმედითი პროგრამა ინტეგრაციისა და სეგრეგაციის გაუქმებისთვის ადგილობრივ YWCA-ებში“. ჰაიტმა დროებით დატოვა ტრენინგის ასოცირებული დირექტორის თანამდებობა და ორი წლის განმავლობაში ამ პროგრამას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით შეიქმნა რასობრივი ინტეგრაციის ოფისი (1969 წლიდან — რასობრივი სამართლიანობის ოფისი), რომლის პირველი დირექტორიც ჰაიტი გახდა. დოროთი აკონტროლებდა ორგანიზაციის სრულ ინტეგრაციაზე გადასვლის პროცესს, ადევნებდა თვალს სამოქალაქო უფლებების მოძრაობას და ხელს უწყობდა ღია და გულწრფელ დიალოგს. 1977 წელს, YWCA-დან პენსიაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჰაიტი აირჩიეს ეროვნული საბჭოს საპატიო წევრად — უვადოდ.[14]

1958 წელს ჰაიტი გახდა შავკანიანი ქალების ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი და ამ თანამდებობაზე დარჩა 1990 წლამდე. YWCA-სა და საბჭოში მუშაობის პარალელურად ჰაიტი აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში და მიიჩნეოდა „დიდ ექვსეულად“ ცნობილი ლიდერთა ჯგუფის წევრად. ამ ჯგუფში შედიოდნენ მარტინ ლუთერ კინგი, ჯეიმს ფარმერი, ჯონ ლუისი, ეი. ფილიპ რენდოლფი, როი უილკინსი და უიტნი იანგი. ჯეიმს ფარმერმა თავის ავტობიოგრაფიაში აღნიშნა, რომ ჰაიტის როლი ხშირად უგულებელყოფილი იყო პრესის მიერ სექსიზმის გამო.[23]

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის პერიოდში ჰაიტმა პოლი შპიგელ კოუანთან ერთად ორგანიზება გაუწია „ოთხშაბათებს მისისიპიში“ — ინიციატივას, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის შავკანიან და თეთრკანიან ქალებს აერთიანებდა სეგრეგაციის წინააღმდეგ მუშაობისთვის.[24] როგორც გამოცდილი და ჯილდოს მფლობელი ორატორი, ჰაიტი ხშირად ასრულებდა შუამავლის როლს და სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების დიალოგს აყალიბებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით გამოსასვლელად არ მოიწვიეს „ვაშინგტონის მარშზე სამუშაოსა და თავისუფლებისთვის“, დოროთი ამ ისტორიული აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოძრაობის წარმატებაში.[25] ღონისძიებაზე ჰაიტი წარმოადგენდა ქალთა ერთადერთ ეროვნულ ორგანიზაციას.[11] გარდა ამისა, ჰაიტმა შავკანიანი ქალების ეროვნულ საბჭოსთან ერთად შეიმუშავა მრავალი საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამა აზიაში, აფრიკაში, ევროპასა და სსამხრეთ ამერიკაში.[14]

1960-იანი წლების შუა პერიოდში დოროთი ჰაიტი წერდა სვეტს სახელწოდებით „ქალის სიტყვა“ ყოველკვირეული აფროამერიკული გაზეთისთვის „ნიუ-იორკ ამსტერდამ ნიუსი“.[26]

დოროთი ჰაიტი (ფოტო გადაღებულია ლინ გილბერტის მიერ)

1974 წელს ჰაიტი დაინიშნა ბიოსამედიცინო და ქცევითი კვლევების ადამიანის სუბიექტთა დაცვის ეროვნული კომისიის წევრად. ამ კომისიამ გამოაქვეყნა Belmont Report — ანგარიში, რომელიც გახდა პასუხი სკანდალურ „ტასკიგის სიფილისის კვლევაზე“ და დღემდე წარმოადგენს საერთაშორისო ეთიკურ საფუძველს მკვლევრებისთვის.[27] ჰაიტი იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო მერი მაკლეოდ ბეთუნის საპატივცემულოდ ძეგლის დადგმა ლინკოლნის პარკში, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი). ეს მონუმენტი გახდა პირველი ძეგლი, რომელიც ფედერალურ მიწაზე დაიდგა და ეძღვნებოდა ან ქალს, ან აფროამერიკელ ადამიანს.[28]

1974 წლის ივლისში, მერი მაკლეოდ ბეთუნის მემორიალის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც თვრამეტ ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ჰაიტმა განაცხადა, რომ ეს ძეგლი ასახავდა შეერთებულ შტატებში რასობრივი უმცირესობებისა და ქალების წვლილისადმი გაღვივებულ პატივისცემას — რაც, დოროთის თქმით, საუკეთესოდ შავკანიანი ქალის სახით იყო წარმოდგენილი.

დოროთი ჰაიტი და ნენსი პელოსი

1990 წელს დოროთი ჰაიტმა კიდევ 15 აფროამერიკელ ქალთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია „აფროამერიკელი ქალები რეპროდუქციული თავისუფლებისთვის“.[29] 1994 წელს დოროთიმ აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისგან მიიღო ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო — Presidential Medal of Freedom. 2002 წელს, ჰაიტის 90 წლის იუბილეს აღნიშვნისას, შეგროვდა ხუთი მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდა შავკანიანი ქალების ეროვნული საბჭოს (NCNW) ვაშინგტონში მდებარე შტაბ-ბინის იპოთეკის დაფარვას. შენობას ეწოდა „დოროთი ი. ჰაიტის შენობა“. იუბილეს მნიშვნელოვანი დონორები იყვნენ დონ კინგი და ოპრა უინფრი.[15]

2004 წელს ბარნარდის კოლეჯმა დოროთი საპატიო კურსდამთავრებულად აღიარა კოლეჯის მიერ „ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ“ ისტორიული სასამართლო გადაწყვეტილების 50 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში.[18] ჰაიტი ასევე ცნობილი იყო ქუდების კოლექციით. მათი დიდი ნაწილი შექმნილი იყო ვაშინგტონელი შავკანიანი მოდისტის, ვანილა ბინის მიერ. ერთ-ერთი ქუდი გამოსახული იყო დოროთი ჰაიტისადმი მიძღვნილ ამერიკის საფოსტო მარკაზეც.[30][31] ირინ ჰაიტის ქუდების კოლექციის ნაწილი სხვადასხვა მუზეუმში გამოიფინა.[32]

2005 წელს შედგა მუსიკალური თეატრალური დადგმის „ეს ქუდი რომ ლაპარაკობდეს“ პრემიერა, რომელიც დაფუძნებული იყო ჰაიტის მემუარებზე „გააღეთ თავისუფლების კარიბჭე ფართოდ“. ნამუშევარი წარმოაჩენს დოროთის უნიკალურ ხედვას სამოქალაქო უფლებების მოძრაობაზე და აღწერს იმ კულისებს მიღმა მოქმედ პირებსა და მენტორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს დოროთის ცხოვრებაზე, მათ შორის მერი მაკლეოდ ბეთუნსა და ელეონორ რუზველტს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დოროთი ჰაიტი უწოდა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ნათლიას და მრავალი ამერიკელისთვის გმირს“.[33]

დოროთი ირინ ჰაიტი ყოველწლიურად ესწრებოდა „შავკანიანი ოჯახების ეროვნულ შეკრებას“, რომელიც ვაშინგტონში, ეროვნული მოლის ტერიტორიაზე იმართებოდა, და ამას აგრძელებდა 2010 წელს გარდაცვალებამდე.[34] ჰაიტი ასევე იყო სამოქალაქო უფლებების ლიდერთა კონფერენციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე — ეს არის ამერიკის სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციების გაერთიანებული კოალიცია — და ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა. 2009 წლის 20 იანვარს დოროთი იყო საპატიო სტუმარი ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიაზე და სცენაზე, საპატიო ადგილას იჯდა.[12]

დოროთი ჰაიტის შენობა, შავკანიან ქალთა ეროვნული საბჭოს შტაბ-ბინა, მდებარეობს პენსილვანიის გამზირზე, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში.

2010 წლის 25 მარტს დოროთი ჰაიტი ვაშინგტონში მდებარე ჰოვარდის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს დაუზუსტებელი მიზეზებით. დოროთი ამას აპროტესტებდა, რადგან დაგეგმილი ჰქონდა საჯარო გამოსვლები.[35] ოთხ კვირაზე ნაკლებ დროში, 2010 წლის 20 აპრილს, დოროთი ირინ ჰაიტი გარდაიცვალა 98 წლის ასაკში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰაიტის პანაშვიდზე სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში 2010 წლის 29 აპრილს. ცერემონიას ესწრებოდა მრავალი მაღალი რანგის პირი და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.[36] შემდგომ დოროთი დაკრძალეს ფორტ ლინკოლნის სასაფლაოზე, კოლმარ მენორში, მერილენდის შტატში.[37]

ჰაიტის გარდაცვალებიდან მალევე კონგრესვუმენმა ელინორ ჰოლმს ნორტონმა და ვაშინგტონის მერმა ვინსენტ გრეიმ მოუწოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურს, რომ კოლუმბიის ოლქის ყოფილი მთავარი საფოსტო შენობისთვის დაერქმიათ „დოროთი აი. ჰაიტის საფოსტო ოფისი“. ამ პატივის მინიჭებით ჰაიტი გახდა ერთადერთი აფროამერიკელი ქალი, რომლის სახელიც ვაშინგტონში ფედერალურ დაწესებულებას ეწოდა.[35]

ჯილდოები, პატივისცემები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • უილიამ ლ. დოუსონის ჯილდო — კონგრესის შავკანიანთა კოკუსი (1974)[38]
  • ჯორჯ კოლინზის ჯილდო — კონგრესის შავკანიანთა კოკუსი (1986)[38][39]
  • „კენდასის“ ჯილდო გამორჩეული სამსახურისთვის — 100 შავკანიანი ქალის ეროვნული კოალიცია (1986)[40]
  • Presidential Citizens Medal (პრეზიდენტის მოქალაქეთა მედალი) — 1989
  • Spingarn Medal — გადაცემული ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაციის მიერ (1993)
  • ფრანკლინ დელანო რუზველტის „თავისუფლება გაჭირვებისგან“ ჯილდო (1993)
  • შეტანილი იქნა National Women's Hall of Fame-ში (1993)
  • Presidential Medal of Freedom (თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი) — (1994)[12]
  • ჰაინცის მე-7 ყოველწლიური ჯილდოს თავმჯდომარის მედალი (2001)[41]
  • ეროვნული ჯეფერსონის ჯილდო — უდიდესი საზოგადოებრივი სამსახურისთვის, რომელიც ხელს უწყობს დაუცველ ადამიანებს (2001)[42]
  • მოხსენიებული მოულეფი კეტე ასანტეს სიაში — „100 უდიდესი აფროამერიკელი“ (2002)[43]
  • Congressional Gold Medal — გადაცემული შეერთებული შტატების კონგრესის სახელით პრეზიდენტ ჯორჯ უ. ბუშის მიერ (დამტკიცდა 2003 წელს, გადაეცა 2004 წელს)[12]
  • ერთ-ერთი 34 პატივის მფლობელი ვაშინგტონში მდებარე „ექსტრა მაილის“ მემორიალზე (2005)
  • სიცოცხლის მიღწევების ჯილდო — ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ცენტრი (2009)[44]
  • ბენინგის / დოროთი აი. ჰაიტის სამეზობლო ბიბლიოთეკა, რომელიც 2010 წლის აპრილში გაიხსნა, მის პატივსაცემად დასახელდა.[45]
  • დოროთის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2010 წლის 29 აპრილს ბრძანა, რომ სახელმწიფო დროშები დაეშვათ ნახევარ ანძაზე მის პატივსაცემად
  • 2010 წლის 21 მაისს დოროთის სახელობის სატელეფონო ზარის ყუთი (ქოლბოქსი) გაიხსნა — მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ვაშინგტონში, მე-7 ქუჩაზე, იმ შენობის წინ, სადაც ჰაიტი ბოლოს ცხოვრობდა.[46]
  • 2014 წლის 24 მარტს, დოროთი ჰაიტის დაბადებიდან 102 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გუგლმა წარმოადგინა სპეციალური „დუდლი“, რომელზეც გამოსახული იყო ჰაიტის პორტრეტი საპროტესტო მსვლელობაში მონაწილე ადამიანების ფონზე.[47][48][49]
  • 2016 წლის ნოემბერში დოროთი ჰაიტი დაჯილდოვდა 2017 წლის ამერიკის საფოსტო მარკით — „შავი მემკვიდრეობის სამუდამო“ სერიის მე-40 მარკა. ჰაიტის გამოსახულება ეფუძნება 2009 წელს ლატიფ მანგუმის მიერ გადაღებულ ფოტოს[50]


„მინდა დამიმახსოვრონ, როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი და ყველაფერი, რასაც კი შეეძლო შეხებოდა, სამართლიანობისა და თავისუფლების სამსახურში ჩააყენა. მინდა დამიმახსოვრონ, როგორც ის, ვინც ეცადა.“ — დოროთი ჰაიტი

  1. Smith J. C. Notable Black American Women
  2. 1 2 3 4 BlackPast.org — 2004.
  3. 1 2 3 Notable Names Database — 2002.
  4. https://www.blackpast.org/african-american-history/height-dorothy-irene-1912/
  5. Library of Congress Library of Congress Names
  6. 1 2 SNAC — 2010.
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #129183571 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  8. 1 2 Národní autority České republiky
  9. Grant, Lyndia (April 29, 2010). „Uncommon Height“. Washington Informer.
  10. Dorothy Height (April 2021).
  11. 1 2 Dorothy I. Height. National Park Service. ციტირების თარიღი: 25 May 2019
  12. 1 2 3 4 Iovino, Jim. (April 20, 2010) Civil Rights Icon Dorothy Height Dies at 98. NBC Universal. ციტირების თარიღი: April 20, 2010
  13. Dr. Dorothy Height Biography. ციტირების თარიღი: 2021-12-26
  14. 1 2 3 4 5 6 7 Collection: Dorothy Irene Height papers, Smith College Finding Aids. ციტირების თარიღი: 2020-06-29 თარგი:Cc-notice
  15. 1 2 Skutch, Jan. Civil rights leader, beacon for black women Dorothy Height dies. Savannah Morning News. ციტირების თარიღი: 25 May 2019
  16. Hine, Darlene Clark, William C. Hine, and Stanley Harrold. "Chapter 21". The African-American Odyssey Combined Edition. 5th edition. Upper Saddle River, New Jersey: Pearson Education, 2010. 596. Web.
  17. Dorothy I. Height (U.S. National Park Service). ციტირების თარიღი: 2023-11-01
  18. 1 2 „Civil Rights Pioneer Honor 75 years after rejection Barnard College recognizes woman the school once barred because of admission limit for blacks“. Newsday. June 4, 2004. p. A22.
  19. „Dorothy Height was educator and activist organizer“. Post-Tribune. February 16, 2003. p. A2. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2014. ციტირების თარიღი: April 20, 2010.
  20. Dr. Dorothy I. Height: Chair and President Emerita, National Council of Negro Women დაარქივებული June 18, 2012, საიტზე Wayback Machine. , National Council of Negro Women. 75th Anniversary. Retrieved May 29, 2012.
  21. 1 2 3 Height, Dorothy (2003). Open Wide the Freedom Gates: A Memoir. New York: PublicAffairs Press. ISBN 978-1-58648-286-2. 
  22. Edelman, Marian (30 March 2006). „Dorothy Height broadens our horizon“. New York Beacon.
  23. Farmer, James (1998). Lay Bare the Heart. Fort Worth: Texas Christian University Press, გვ. 215. ISBN 9780875651880.  – Article on book: Lay Bare the Heart
  24. Evans, Ben. (April 20, 2010) Dorothy Height, civil rights activist, dies at 98. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2010. ციტირების თარიღი: April 20, 2010
  25. Owens, Donna M.. (August 23, 2023) The March on Washington's core ideas resonate 60 years later. NBC News. ციტირების თარიღი: August 23, 2023
  26. Height, Dorothy (March 20, 1965). "A Woman's World" column. New York Amsterdam News, p. 8 ff.
  27. "The Belmont Report", U.S. Department of Health & Human Services.
  28. Woodley, Jenny (17 May 2017). "Ma Is in the Park": Memory, Identity, and the Bethune Memorial“. Journal of American Studies. 52 (2): 474–502. doi:10.1017/S0021875817000536. ISSN 0021-8758. S2CID 149358949.
  29. Kathryn Cullen-DuPont (August 1, 2000). Encyclopedia of Women's History in America. Info base Publishing, გვ. 6. ISBN 978-0-8160-4100-8. 
  30. Cribb, Betsy. (7 October 2019) Meet Washington, D.C., Milliner Vanilla Beane. Southern Living. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2020.
  31. Baker, Damare. (25 October 2022) Vanilla Beane, DC’s Hat Lady, Passes Away at 103. ციტირების თარიღი: 24 August 2025
  32. Dorothy Height's Hats – Museum of Fine Arts, St Petersburg. Museum of Fine Arts, St Petersburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2024. ციტირების თარიღი: 25 October 2022
  33. Fox, Margalit (2010-04-20). „Dorothy Height, Largely Unsung Giant of the Civil Rights Era, Dies at 98“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-06-29.
  34. (2013) Why I Am So Proud to Be a Black Man: The Many Reasons to Uplift and Celebrate Our Uniqueness in the Universe. iUniverse, გვ. 165. ISBN 978-1475979299. 
  35. 1 2 „Norton's Black History Month Celebration Unveils Dorothy Height Post Office and Celebrates D.C.'s Congressional Protest in the Dorothy Height Tradition: Rep. Norton, Eleanor Holmes (D -DC) News Release“. Congressional Documents and Publications. 22 February 2011.
  36. Cooper, Helene (2010-04-29). „Civil Rights Leader Is Eulogized by Obama“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-06-29.
  37. Dorothy I. Height. National Park Service. United States Department of the Interior. ციტირების თარიღი: March 8, 2018
  38. 1 2 Past Phoenix Award Honorees (1996–2018)". https://s7.goeshow.com/cbcf/annual/2020/documents/CBCF_ALC_-_Phoenix_Awards_Dinner_Past_Winners.pdf
  39. LENA WILLIAMS (October 6, 1986). „CONGRESSIONAL BLACK CAUCUS REJOICES IN GROWING STRENGTH“. The New York Times (Late City Final ed.).
  40. CANDACE AWARD RECIPIENTS 1982-1990, Page 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 14, 2003.
  41. The Heinz Awards :: Dorothy Height.
  42. National Winners დაარქივებული November 24, 2010, საიტზე Wayback Machine. , Jefferson Awards.
  43. Asante, Molefi Kete (2002). 100 Greatest African Americans: A Biographical Encyclopedia. Amherst, New York: Prometheus Books. ISBN 1-57392-963-8.
  44. (2009)"The 2009 Health Policy Heroes and Foremother Awards". დაარქივებული May 14, 2011, საიტზე Wayback Machine. National Research Center for Women & Families. Retrieved December 5, 2010.
  45. Black History in Your Neighborhood (January 31, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-28. ციტირების თარიღი: 2021-01-18
  46. The Southwester, June 2010.
  47. Kashmira Gander (March 24, 2014). „Google Doodle US marks Dorothy Irene Height's birthday“. The Independent. ციტირების თარიღი: March 25, 2014.
  48. Michael Cavna (March 24, 2014). „DOROTHY IRENE HEIGHT: 'Godmother of the civil-rights movement' was a portrait in powerful change. Google Doodle salutes her accordingly“. The Washington Post. ციტირების თარიღი: March 25, 2014.
  49. Charlotte Alter (March 24, 2014). „Google Doodle Honors Dorothy Height, Unsung Leader in Civil Rights and Women's Movements“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2025. ციტირების თარიღი: March 25, 2014.
  50. Postal Service showcases more 2017 stamps (November 22, 2016). ციტირების თარიღი: 2020-06-29