დორია პამფილის ვილა
დორია პამფილის ვილა Villa Doria Pamphili | |
---|---|
| |
მდებარეობა | რომი, იტალია |
დორია პამფილის ვილა — მეჩვიდმეტე საუკუნის ვილა, რომელსაც დღეს რომში (იტალია) ყველაზე დიდი კეთილმოწყობილი საჯარო პარკი აქვს. ის მდებარეობს მონტევერდეს კვარტალში, ჯანიკოლოზე (ანუ რომის იანიკულუმზე), რომის ძველი კედლების სან-პანკრაციოს კარიბჭის გარეთ, სადაც იწყება ძველი გზა - ვია აურელია.
თავდაპირველად ის იყო ვილა პამფილების[1] ოჯახისთვის. როდესაც ეს საგვარეულო მეთვრამეტე საუკუნეში გაქრა, ის გადავიდა პრინც ჯოვანი ანდრეა IV დორიას ხელში და მას შემდეგ ცნობილია როგორც ვილა დორია პამფილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ვილა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილის მთავარი ნაწილი, ვილა ვეკია ანუ 'ძველი ვილა', 1630 წლამდე უკვე უნდა არსებულიყო, როდესაც ის პამფილიო პამფილიმ, ოლიმპია მაიდალჩინის მეუღლემ შეიძინა. ამის შემდეგ მან დაიწყო მეზობლად მდებარე ვენახების შესყიდვა, იმისათვის, რომ საკუთარი მამული გაეფართოებინა.[2] ამ ტერიტორიას ხშირად ბელ რესპირო ან 'ლამაზი სუნთქვა' ეწოდებოდა, რადგან ის მაღალ ადგილზე იდგა, რომში მოდებული მალარია ვერ სწვდებოდა და მისგან გადმომაცქირალი ადამიანი ძალიან შთამბეჭდავ ხედებსაც იხილავდა, რაც ბაროკოს ვილის გარემოს სასურველი მახასიათებელი იყო.[3]

1644 წელს კარდინალი ჯამბატისტა პამფილი პაპად დანიშნეს, და ისინოკენტი X გახდა. ამ სტატუსის ცვლილების შესაბამისად, პამფილებს სურდათ უფრო დიდებულ და უფრო ფართო ვილაში ეცხოვრათ. ადრეული გეგმები, სავარაუდოდ, ვირჯილიო სპადას მიერ შემუშავდა (მიუხედავად იმისა რომ ამ ნამუშევრებს ბორომინის აწერდნენ), მაგრამ ეს პროექტები უარყოფილ იქნა.[4] ამის ნაცვლად პროექტი 1644 წელს გადაეცა ბოლონიელ მოქანდაკე ალესანდრო ალგარდის, რომელსაც დახმარებას უწევდა ჯოვანი ფრანჩესკო გრიმალდი.[5]
საწყის დიზაინს ჰქონდა ცენტრალური კაზინო („სახლი“ - ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობით) ფრთებით, მაგრამ ამ გეგმიდან მხოლოდ ცენტრალური ბლოკი აშენდა. არ არის დადგენილი, ვინ იყო არქიტექტორი; ალგარდი არ იყო არქიტექტორი და შესაძლოა, მას კარლო რაინალდი დახმარებოდა, ხოლო მშენებლობას ალბათ გრიმალდი ზედამხედველობდა.[6] განლაგებაში გვხვდება ცენტრალური წრიული ოთახი, რომლის გარშემოც სხვა ოთახებია „შემოლაგებული“. მშენებლობა დაიწყო 1645 წელს და დასრულდა 1647 წლისთვის, თუმცა დეკორი და ბაღის დაგეგმარება არ დასრულებულა 1653 წლამდე. კაზინო, რომელიც ზოგჯერ ცნობილია როგორც კაზინო დელ ბელ რესპირო, დაპროექტებული იყო როგორც პამფილის ქანდაკებების კოლექციის როგორც ძველი, ისე თანამედროვე, და სხვა რომაული სიძველეების (როგორიცაა ვაზები, სარკოფაგები და წარწერები) ერთგვარი ნამატი;[7] ის მხოლოდ კოლექციის გამოსაფენად იყო განკუთვნილი, ხოლო ოჯახი და სტუმრები ცხოვრობდნენ უფრო ძველ ვეკია ვინიაში.[8]
როგორც ქანდაკების საჩვენებელი ადგილი, რამდენადმე გადატვირთულ კაზინოს ფასადებს რიტმულად მონაცვლეობითი ფანჯრები (ნიშებით) ამკობს, რომლებიც დეტალურად იყო გაფორმებული ქანდაკებებით, (როგორც ანტიკური, ისე თანამედროვე), ბიუსტებით, ბარელიეფების პანელებით და რელიეფებით.
ლანდშაფტის ბაღები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქანდაკებებით გაფორმებული ექსტერიერი იძლევა მდიდრულ მიმზიდველობას, რომელიც არქიტექტურულად რამდენადმე კონსერვატიული იყო თავისი დროისათვის, ბაძავდა ვილა მედიჩის ან კასინა პიო IV-ს და უფრო მანიერისტული იყო, ვიდრე ბაროკო. ის დახვეწილ გემოვნებას მდიდრული სტუკოთი და ფრესკებით მოპირკეთებული ინტერიერებით გვაჩვენებდა, სადაც გამოხატული იკონოგრაფიული პროგრამა მიზნად ისახავდა პამფილების სიძველის დამკვიდრებას, ოჯახისა, რომელიც მაშინ რამდენადმე ახალმოსული იყო რომში (წარმოშობით გუბიოდან). შიგნით, ალგარდიმ უზრუნველყო დამატებითი ბარელიეფები და სტუკოს ჩარჩო რომაული ისტორიიდან აღებული გმირული ფრესკებისთვის, რომლებიც მოხატულია გრიმალდის მიერ.

კაზინო განთავსებულია ფერდობზე იმ მხრით, რომ მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთ მხარეს, იმ ტერიტორიაზე მაღლა მოექცეს, რომელიც არის ჯიარდინო სეგრეტო ანუ 'საიდუმლო ბაღის' შემოფარგლული სივრცე, სამხრეთით. ბაღები დაქანებულ ადგილზე დაახლოებით 1650 წელს, ინოკენტის ძმისწულის, კამილო პამფილის მიერ დაგეგმარდა, და მას პარტერების ფორმა მიეცა, რომელიც ნელ-ნელა, ქვევით, ფორმალიზებული ტყეების და შემოფარგლული ბოსკებისაკენ ეშვება, და საბოლოოდ ჩადის რუსტიკულ გროტიმდე ექსედრის ფორმით, სადაც ქვის ქანდაკებები გვხვდებიან. ეკსედრა, ახლა ბალახით დაფარული, ადრე ჩარჩოში აქცევდა ალგარდის აგებულ „ვენერას შადრევანს“, რომელიც დაცულია ვილა ვეკიაში, პუტების ბარელიეფებთან ერთად. შადრევანი იღვრებოდა პატარა კასკადით, რომელიც ჩაედინებოდა ხელოვნურ არხში. მთელი ამ კონსტრუქციის მიზანი იყო ის, რომ მნახველს მსგავსი რამ ადრიანეს ვილიდან გახსენებოდა - კიდევ ერთი ხერხი, რომ პამფილებს საკუთარი თავი ანტიკურ ხანასთან დაეკავშირებინათ.
ვილა დორია პამფილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯიროლამო პამფილი, 1760 წელს, ვაჟის გარეშე დაიღუპა. შესაძლო მემკვიდრეებს შორის წარმოქმნილი დავები მოგვარდა 1763 წელს, როდესაც პაპმა კლემენტ XIII რეცონიკომ პრინც ჯოვანი ანდრეა IV დორიას უფლება მიანიჭა, აეღო გვარი, ღერბი და პამფილების ვრცელი და მდიდრული ქონება. პრინცის პრეტენზია ეფუძნებოდა ქორწინებას ჯოვანი ანდრეა III დორიასა და ანა პამფილის შორის.[9] ამ მოვლენის შემდეგ ვილა ცნობილია როგორც ვილა დორია პამფილი.
მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში შენობას რეგულარულად ემატებოდა ისეთი ელემენტები, როგორიცაა შადრევნები და კარიბჭეები გაბრიელე ვალვასორისა და სხვა არქიტექტორების მიერ, რომლებიც დაქირავებული ჰყავდათ პამფილებს და მათ მემკვიდრეებს. ნაპოლეონის ეპოქის შემდეგ უფრო მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა. პარტერები, რომლებიც წარმოადგენდნენ კაზინოს ფორმალურ გაგრძელებას, შენარჩუნებულ იქნა, მაგრამ ხელახლა დაირგო ფერადი ყვავილების ხალიჩის ნიმუშებით, რომლებიც მიწოდებულ იქნა სათბურებიდან, ძველი ვილის მიერ. (დღეს პარტერები ხელახლა დარგულია XVI საუკუნის სტილში, პანელებით, რომლებიც დაფარულია მჭიდრო მწვანე ხვეულებით და განთავსებულია ფართო ხრეშის ბილიკებში.) დაქანებულ გარე ბაღებში ცვლილებები უფრო მასშტაბური იყო. მათი გადაკეთება მოხდა ინგლისური ლანდშაფტის ბაღების ბუნებრივ, იმ დროისათვის პოპულარულ სტილში. ტერიტორია, სავსე მრავალი სიურპრიზით და დახვეწილი დეკორით, პატარა ტბისკენ, ქვემოთ ეშვებოდა. ტყიან, ბუნებრივად გამოჩენილ ლანდშაფტებში, ჰორიზონტების გასწვრივ დგას ქანდაკებები და ვაზები, რომლებიც ნოსტალგიური ანტიკურობის გრძნობებს უღვიძებენ მნახველს. XVIII საუკუნის ინგლისური ლანდშაფტის ბაღები, როგორიცაა სტოუ და სტოურჰედი, რომლებიც ამ სტილის შთაგონება იყო, მიზნად ისახავდნენ იტალიური ლანდშაფტების გაცოცხლებას რომაული ნანგრევებით, (რომლების მაგალითებიც დახატულია კლოდისა და პუსენის მიერ). საყურადღებო განსხვავება ისაა, რომ ვილა დორია პამფილის ჯიარდინო ინგლესეს რომაული ნაშთები, სავარაუდოდ, ნამდვილია. ვილის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე რომაული საფლავიც.

მოკლე რომის რესპუბლიკის დაცვის პერიოდში, 1849-1850 წლებში, გარიბალდიმ სასწრაფოდ გაამაგრა სამი ვილა რომის გარეუბნებში. ვილა დორია პამფილი მდებარეობდა პორტა სან პანკრაციოსთან ყველაზე სასტიკი ხელჩართული ბრძოლის ადგილთან ახლოს, სადაც სტუდენტები შეუერთდნენ გარიბალდის ლეგიონებს რომის დასაცავად ფრანგული ჯარებისგან, რომლებიც საბოლოოდ წარმატებულნი იყვნენ პაპ პიუს IX-ის ტახტზე დაბრუნებაში. ფრანგული დაბომბვის პროცესში განადგურდა მეზობლად მდებარე ვილა კორსინი - რომელსაც ეწოდებოდა დეი კვატრო ვენტი, თავისი ჰაეროვანი ადგილმდებარეობის გამო. შედეგად პრინცმა დორია-პამფილიმ შეიძინა ვრცელი კორსინის მიწები, თითქმის გააორმაგა ვილა დორია პამფილის ისედაც დიდი ტერიტორია და ყოფილი ვილის ადგილზე აღმართა მონუმენტური მემორიალური თაღი, ასევე ცნობილი როგორც „ოთხი ქარის თაღი“, რომელიც მას შემდეგ ქმნის მთავარ შესასვლელს ვილის ტერიტორიაზე. კორსინის კაზინა მის ახლოს, რომელსაც ეწოდება პალაცინო კორსინი, არ დაზიანებულა. დღეს ის გამოიყენება ხელოვნების ნიმუშების დროებითი გამოფენებისთვის.
დაახლოებით 1929 წელს წამოაყენეს წინადადება, რომ ვილა დორია პამფილი შეიძლება მიერთებოდა ვატიკანის ახალ სახელმწიფოს ლატერანის ხელშეკრულების მეშვეობით, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში, ეს წინადადება არ იქნა მიღებული.[10]
ახალმა მშენებლობებმა გააფართოვა და შეცვალა ვილა ვეკია, რომელსაც მიეცა რომანული სტილის ფასადი. პირველად შუა საუკუნეების ქანდაკებები დაემატა დორია-პამფილის კლასიკური სიძველეების კოლექციას. მე-20 საუკუნის დასაწყისში პრინცმა დორია პამფილიმ დაამატა არტ-ნუვოს ინტერიერები. კაზინო დელ ბელ რესპირო, დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი და უკაცრიელი, 1957 წელს იტალიის სახელმწიფომ შეიძინა, და გამოიყენებოდა როგორც სამინისტროს რეზიდენცია. დღეს მისი სიძველეების და ქანდაკებების კოლექცია საზოგადოებისთვის (მუზეუმის სახით) ღიაა.
პარკს აქვს 1.8 კმ² ფართობი. ის შეიძინა 1965-1971 წლებში რომის ქალაქმა დორია-პამფილი-ლანდის ოჯახისგან. პარკის დაწესებულებები მოიცავს ადგილებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის და ვარჯიშისათვის, და მას ხშირად სტუმრობენ რომის მცხოვრებნი, განსაკუთრებით უქმე დღეებში.

გაფართოებული ვილის ტერიტორიის ორი ნაწილი გაყოფილია გზით, რომელიც აშენდა 1960 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, როგორც „ვია ოლიმპიკას“ ნაწილი, რომელიც აკავშირებს E.U.R.-ს ოლიმპიურ სტადიონთან: გზა ნაწილობრივ მიდის ვიწრო ხეობაში. 2000 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მრუდი და რკალოვანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც დაპროექტდა MdAA-ს მიერ და აშენდა Ove Arup Group-ის მიერ, აშენდა ორი ნაწილის უფრო კომფორტულად დასაკავშირებლად.[11]
გალერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ტბა
-
სამლოცველო
-
ტბა
-
ნაკადული
-
პანორამა
-
დიდი მუხა
-
წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათის ხედი
-
გაზაფხული
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barsali, Isa Belli. 1983 (revised edition). Ville Di Roma (Milan: Rusconi)
- Coffin, David R. 1991. Gardens and Gardening in Papal Rome. (Princeton: Princeton University Press)
- Benocci, Carla 1988. Villa Doria Pamphili. (Milan: Electa)
- Schezen, Roberto and Marcello Fagiolo (date). Roman Gardens : Villas of the City Photographs. Accompanying text by Marcello Fagiolo.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (in English) Sovrintendenza Beni Culturali: Museo di Villa Doria Pamphilj
- Roberto Piperno: Villa Doria Pamphili. Fountains, parterres and sculpture.
- Roberto Piperno: (Pamphili monuments in Rome)
- Galleria Doria Pamphilj: genealogical sketch
- Villa Doria Pamphili - a Gardens Guide review დაარქივებული 2008-08-29 საიტზე Wayback Machine.
Villa Doria Pamphili, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხანდახან იწერება როგორც „პამფილიი“ (Pamphilj);
- ↑ თანამედროვეები ამ მამულს ხანდახან „ვეგნა პამფილის“, მიწების დასავლეთ ნაწილის „პამფილის მარანს“ უწოდებენ
- ↑ პამფილის ოჯახი ვილას „ვილა დელ 'ალეგრეზეს“ ან „ბედნიერების ვილას“ უწოდებდა, რითაც ის ეკლესიასტე 7:4-ს არღვევდა, რამაც ედით უორტონის წიგნის: „ბედნიერების სახლის“ ინსპირირება მოახდინა.
- ↑ Montagu, Jennifer. Alessandro Algardi, Vol. 1, Yale, 1985, p. 94-6
- ↑ გრიმალდის, როგორც პეიზაჟების მხატვრის რეპუტაცია მეტად უმნიშვნელოა, თუმცა მან რომის ბორგეზეების სასახლის გალერეა გააფორმა: Howard Hibbard, "Palazzo Borghese Studies - II: The Galleria" The Burlington Magazine 104 No. 706 (January 1962), pp. 9-20.
- ↑ Blunt, Anthony. Guide to Baroque Rome, Granada, 1982, p. 219
- ↑ პამფილის მარმარილოს უდიდესი უმეტესობა დღეს კაპიტოლიუმის მუზეუმებში ინახება.
- ↑ Blunt, 1982, p.218-9
- ↑ :: Galleria Doria Pamphilj - Roma. Doriapamphilj.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-17. ციტირების თარიღი: 2012-10-29
- ↑ „Christus Vincit!“. TIME Magazine. January 28, 1929. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 27, 2010.
- ↑ Doria Pamphilj Bridge (19 June 2018).