დორთკონაკის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დორთკონაკის ციხე, ედირეს ციხე — ციხე თურქეთში ქალაქ გუმუშჰანე-ბაიბურთისაკენ მიმავალი გზის დორთკონაკის მონაკვეთში მდებარეობს. აქედან ძველ გუმუშჰანეს ადმინისტრაციულ ცენტრამდე 18 კმ-ია. გზები, რომელიც გერასუნიდან ხარშიტის, ხოლო მეორე გზა, რომელიც ტრაპიზონიდან დეღირმენდერეს ხეობით მოდიოდა, თორულის ვიწრო გასასვლელ ყელთან ერთიანდება. აქედან იგი ხარშიტის ხეობის მარცხენა მხარეს მიუყვება და შემდეგ იქისუსა და ხარშიტის წყლების ხერთვისიდან მარჯვნივ შეუხვევს. ხერთვისს კარგად აკონტროლებს მდინარის მარჯვენა მხარეს არსებული ფუმბულას და მარცხნივ კი იქისუს (იგივე დიპოტამოსის) ციხეები. ხერთვისიდან დაახლოებით 5 კმ-ში გზა ორად იყოფა. ერთი პირდაპირ იქისუს ხეობით ერზიჯანისაკენ, თუ შირანისაკენ მიდის, ხოლო მეორე მარცხნივ უხვევს და იქისუს მარჯვენა შენაკად ყარამუსტაფას ხეობით ბაღჩექოის-ჰასქოის, დორთკონაკის, იაიდემირის გავლით სულეიმანიეში ანუ იგივე ძველი გუმუშჰანეს ცენტრში ჩადის. აქედან კი ბაიბურთის თუ სხვა რეგიონებისაკენ მიემართება. ეს ის ძველი გზის მონაკვეთებია, რომელიც ზღვისპირეთს აკავშირებდა პონტოს მთებს გადაღმა სამყაროსთან. დორთკონაკის ციხე სწორედ იქისუს ხეობიდან ყარამუსტაფას ხეობით ძველი გუმუშჰანესაკენ მიმავალი გზის დასაწყისს აკონტროლებდა. სწორედ აქედან იქისუსა და ყარამუსტაფას ხერთვისიდან იყრება ძველი გზები ორი მიმართულებით-ერზიჯანისაკენსაკენ და მეორე გუმუშხანე-ბაიბურთისაკენ. საკუთრივ ციხისათვის ხეობის დასაწყისში ყველაზე ვიწრო ადგილი შეურჩევიათ. აქ ორივე მხარის მაღალი კლდოვანი ქედები ყველაზე მეტად უახლოვდებოდა ერთმანეთს და ვიწრო ყელს ქმნიდა. ციხის მშენებლებს სწორედ ყარამუსტაფას ხეობის მარჯვენა კლდოვანი ქედის ბოლო მონაკვეთი შეურჩევიათ. ციხე უშუალოდ ამ ქედის ბოლოს, ხეობისაკენ წინ წაზიდული კლდოვანი შვერილების ყელზე შემაღლებული კლდის წვერზე დაუშენებიათ. ციხის გეგმასაც მთლიანად კლდოვანი შვერილის მოყვანილობა განსაზღვრავს. ციხის გალავნის კედლების დიდი ნაწილი დანგრეულია. დღემდე შედარებით კარგადაა შემონახული სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი. იგი ჩაშენებულია კლდის შვერილებს შორის სივრცეში. მისი შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 7-8 მეტრია. კარგად ჩანს სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლების შეერთების ნაწილიც. აქ სამხრეთი კედელი რელიეფის შესაბამისად ერთგვარ შიგნით შეწეულ ტეხილს ქმნის. აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ მონაკვეთში შემორჩენილია კოჭებისათვის განკუთვნილი სამი ფოსო. იქვე, მათ ქვემოთ გალავნის კედელში, დატანილია სამკუთხედისებური ფორმის სათვალთვალო, ხოლო ძირში 2,30 მ-ის სიმაღლეზე, კლდეებს შორის ჩაშენებულ სივრცეში, კი - ორი თაღოვანი სარკმელი. ამავე მხარის ქვედა ნაწილში გამართულია კლდეში ნაკვეთი და მარჯვენა მხრეს ამოშენებულ კედლიანი სამალავი. აქ მხოლოდ და მხოლოდ ბაწრით თუ შეიძლება ციხის ტერიტორიიდან დაშვება. გალავნის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლები საძირკვლის დონემდეა მოშლილი. კლდის ზედაპირზე მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი მათი ნაშთები. აღმოსავლეთი და სამხრეთ კედლების მიხედვით ციხის მშენებლობაში შეიძლება ორი პერიოდი გამოიყოს. ერთი, რომელიც ადრეულია და განსხვავდება ზედა ნაწილისაგან. გალავნის კედელს შუა წელზე 0,70 მ სიმაღლის სარტყელი აქვს, რომელზედაც შემდეგ დაუშენებიათ ახალი კედლები. წყობები ქვედასა და ზედა ნაწილისა აშკარად განსხვავდება ერთმანეთისაგან. რიგები არცერთში არაა დაცული. უმთავრესად გამოყენებულია გვერდებ ჩამოსწორებული საშუალო ზომის კლდის ფლეთილი ქვები. ციხის მშენებლობის ადრეული ეტაპი ვფიქრობთ აქაურ უძველეს ჭანურ მოსახლეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. როგორც ჩანს, შემდეგ დაინგრა და იგი ხელახლა აღადგინეს ბიზანტიურ პერიოდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 40-41 ISBN 978-9941-8-1990-2