დონ ჟუანი (პოემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დონ ჟუანი“
Don Juan

პირველი გამოცემა, 1819
ავტორი ჯორჯ გორდონ ბაირონი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
ჟანრი ეპიკური პოემა, სატირა
გამოცემის თარიღი 1819–1824 (ბოლო კანტოები გამოქვეყნდა სიკვდილის შემდგომ)
გვერდი 555
წინამორბედი ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა
მომდევნო Mazeppa

დონ ჟუანი (ინგლ. Don Juan) 一 ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის, ჯორჯ გორდონ ბაირონის დაუსრულებელი პოემა, რომელიც ასახავს ესპანური ფოლკლორული პერსონაჟს 一 დონ ჟუანს 一 არა როგორც მექალთანეს, არამედ როგორც მამაკაცს, რომელსაც ქალები მარტივად აცდუნებენ.[1] ჟანრობრივად, დონ ჟუანი ეპიკური პოემის ტიპური სახეა, რომელიც შესრულებულია ოქტავური რითმის ტიპით და შეიცავს თექვსმეტ კანტოს. ლორდ ბაირონმა პერსონაჟი, თუმცა არა ისტორია, ესპანური ფოლკორიდან ისესხა.[2] 1819 წელს, I და II კანტოების გამოქვეყნებისთანავე, ნაშრომი გააკრიტიკეს იქიდან გამომდინარე, რომ ავტორი მასში აბუჩად იგდებდა იმდროინდელ სოციალურ სუბიექტებს, პიროვნებებს და თავისი დროის ცნობილ პერსონებს.[3] 1824 წელს, როცა ბაირონი გარდაიცვალა, მას უკვე თექვსმეტი კანტო ჰქონდა დაწერილი, თუმცა XVII კანტო დაუმთავრებელი დარჩა, მიუხედავად ამისა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა მოხდებოდა შემდეგ კანტოებში.  აღნიშნული ნაწარმოები, ავტორის აზრით, "ეპიკური პოემა", არსით კი 一 რომანი ლექსად, ბაირონის გვიანდელი შემოქმედების ეს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მასშტაბური ნაშრომი, პოეტის მუდმივი ფიქრისა და კრიტიკოსთა ცხარე კამათის საგანი იყო. ავტორის თანამედროვეთა მიმოწერის, ასევე მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, პოეტმა ცხოვრების ბოლო შვიდი წელი „დონ ჟუანს“ მიუძღვნა, მაგრამ თავისი გრანდიოზული ჩანაფიქრის მხოლოდ ორი მესამედის განხორციელება შეძლო. (ეპოსი ოცდაოთხ კანტოდ იყო ჩაფიქრებული და გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში ცხოვრების შემდეგ დონ ჟუანს სიცოცხლე საფრანგეთში, დიდი რევოლუციის დროს უნდა დაესრულებინა). ცნობილია, რომ ბაირონმა ის მის თანამედროვე პოეტსა და კონკურენტს 一 რობერტ საუთის 一 მიუძღვნა, რომელიც, იმავდროულდა, ბრიტანული ლიტერატურის პრემიის ლაურეატი იყო.[4]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ კანტოში ბაირონი მკვეთრი სატირული ფერებით ხატავს XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სევილიელ დიდგვაროვანთა ერთ საკმაოდ არაორდინალურ ოჯახსა და მის გარემოცვას. ავტორი მკითხველს ისეთ განწყობას უქმნის, რომ მისთვის სრულიად არ არის მოულოდნელი სწორედ აქ, ამ ოჯახში ქალთა მომავალი გულთამპყრობელის დაბადება. „ჩაილდ ჰაროლდზე“ მუშაობისას ესპანეთში ყოფნამ ბაირონს დიდი სამსახური გაუწია: სიცოცხლის მოყვარული და ოპტიმისტი დონ ხოსესა და მისი ცოლის 一 „მაღალშუბლიანი“, მიბდენილი, საკმაოდ ცივი დონა ინესას 一 სახეები თითქოს რომელიღაც ფლამანდიელ ფერმწერს შეუქმნია. ბაირონის მახვილ თვალს მხედველობიდან არ რჩება მისი თანამედროვე ბრიტანული არისტოკრატიის ზნე-ჩვეულებები, იგი მკითხველის ყურადღებას იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებებზეც შეაჩერებს, რომელიც სევილიის ამ მდიდრულ სახლში სუფევს: თექვსმეტი წლის წინ დონ ჟუანი ეროტიკული აღზრდის პირველ გაკვეთილებს დედამისის უახლოეს მეგობარ დონა იულიასთან (ის დონ ჟუანზე სულ შვიდი წლითაა უფროსი) გადის; ავტორი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ იულიას ქმარი ალფონსო და დონ ჟუანის დედა წარსულში ერთმანეთის მიმართ გულგრილნი არ ყოფილან; ახლა კი ალფონსო დონ ჟუანს იულიას საწოლ ოთახში მიუსწრებს და ყმაწვილის მშობლები სკანდალის თავიდან ასაცილებლად თავიანთ ვაჟს გემით ხანგრძლივ მოგზაურობაში ისტუმრებენ.

ლივორნოში მიმავალი გემის მგზავრთა უმრავლესობა, მათ შორის დონ ჟუანის მსახური და აღმზრდელი, ძლიერი ქარიშხლის დროს იღუპება. დონ ჟუანს კი ტალღა უცხო კუნძულზე გარიყავს. ასე იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი 一 სასიყვარულო ისტორია მშვენიერ ბერძენ გოგონა ჰაიდესთან.

ჰაიდე მეკობრე მამასთან ერთად ცხოვრობს და გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილია. იგი სანაპიროზე ზღაპრული სილამაზის ყმაწვილს წააწყდება და მას სამუდამოდ „უძღვნის სულსა და გულს“.

დონ ჟუანისა და ჰაიდეს ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. კუნძულზე ბრუნდება ჰაიდეს მამა, რომელიც თავისი ერთ-ერთი კონტრაბანდული „ექსპედიციის“ შემდეგ დაღუპულად ითვლება. იგი ქალიშვილის ვედრებას არ შეისმენს და გაკოჭილ დონ ჟუანს სხვა ტყვეებთან ერთად კონსტანტინოპოლის ტყვეთა ბაზარში აგზავნის. ამ ამბით გაოგნებული ჰაიდე გონებას კარგავს და ცოტა ხანში კვდება.

დატყვევებული დონ ჟუანი კი სუვოროვის არმიის მეომარ ბრიტანელ ჯონ ჯონსონთან ერთად ოსმალეთის სულთნის ჰარამხანაში აღმოჩნდება. სულთნის უსაყვარლესი ცოლი გულბია დონ ჟუანს თვალს დაადგამს. უსაფრთხოების მიზნით, ქალის კაბაში გადაცმული დონ ჟუანი მომხიბლავ ოდილისკებს შეუერთდება და უმშვენიერესი ქართველი ქალიშვილის კეთილგანწყობას იმსახურებს. ეჭვიანი გულბია გაცეცხლებულია, მაგრამ იძულებულია, დონ ჟუანს, მის მეგობარ ჯონსონსა და ორ უიღბლო მძევალ ქალს ჰარამხანიდან გაქცევაში დაეხმაროს.

ეროტიკულ სცენებს ომის ეპიზოდები ენაცვლება და ჰარამხანიდან გაქცეულები რუსულ ჯარს შეუერთდებიან. რუსი მეომრები ფელდმარშალ სუვოროვის მეთაურობით დუნაიზე თურქულ ციხესიმაგრე ისმაილს უტევენ.

რომანის ამ მონაკვეთს ისტორიულ დამაჯერებლობას სძენს დიდი რუსი მხედართმთავრის მხატვრული სახე (ამ ეპიზოდებში კუტუზოვის პიროვნებაც აისახება). აქვე ნათლად იკვეთება ბაირონის დამოკიდებულება სისხლისმღვრელი ომებისადმი, რომლებიც, მისი აზრით, ყველა ევროპული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ანტიმილიტარისტი ბაირონი, ჩვეულებისამებრ, წინ უსწრებს თავის დროს: იგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომხრეა. ამიტომ ქედს იხრის სუვოროვის სიმამაცისა და ნიჭიერების, მისი თავმდაბლობისა და დემოკრატიულობის წინაშე. ის მტკიცე „არას“ ეუბნება მონარქ დამპყრობლებს, რომელთაც ეფემერული დიდებისთვის ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.

ავტორის მსგავსად, მისი გმირი გასაოცარ სიმამაცეს იჩენს 一 ციხესიმაგრის აღებისას დონ ჟუანი უყოყმანოდ მიეჭრება გააფთრებულ კაზაკებს, რომელთაც ხელიდან ხუთი წლის თურქ გოგონას გამოსტაცებს და მიუხედავად იმისა, რომ ამით თავის კარიერას საფრთხეს უქმნის, მასთან განშორებაზე უარს ამბობს.

დონ ჟუანს სიმამაცისთვის რუსული ორდენით აჯილდოვებენ და პეტერბურგში იმპერატორ ეკატერინესთან აგზავნიან. სუვოროვის დეპეშაში, რომელიც მას დედოფლისთვის მიაქვს, თურქული ციხესიმაგრის აღების შესახებაა საუბარი.

მართალია, „რუსული ეპიზოდი“ ვრცელი არ არის, მაგრამ საყურადღებოა იმით, რომ ბაირონი, რომელიც რუსეთში საერთოდ არ ყოფილა, დაწვრილებით გადმოგვცემს რუსეთის სამეფო კარის წეს-ჩვეულებებს და რუსული თვითმპყრობელობის არსის ამოცნობას ცდილობს. საინტერესოა იმპერატორ ეკატერინეს ბაირონისეული დახასიათებაც.

ეკატერინეს რჩეულ დონ ჟუანს შეეძლო რუსეთის სამეფო კარზე ბრწყინვალე კარიერა ჰქონოდა, მაგრამ ავადმყოფობას შეუშალა ხელი. ყოვლისშემძლე დედოფალმა მას დესპანის რწმუნებულთა სიგელი უბოძა და ინგლისში გაისტუმრა.

პოლონეთის, პრუსიის, ჰოლანდიის შემდეგ დონ ჟუანი ბაირონის სამშობლოში ჩადის. აქ ავტორი იმ დროისათვის საკმაოდ თავ~მამ, ოფიციოზისგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს „თავისუფლებისმოყვარე“ ინგლისის როლზე ევროპულ პოლიტიკაში.

თხრობის მანერა კვლავ იცვლება, როდესაც ლონდონში დონ ჟუანს თავს ესხმიან ქუჩის მძარცველები. ამ ხიფათიდან ის თავს იმით იხსნის, რომ ერთ-ერთ მათგანს სიცოცხლეს გამოასალმებს. რომანის შემდეგ მონაკვეთში, რომელიც დედაქალაქისა და სოფლის მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას ასახავს, ბაირონი სატირული პორტრეტის სწორუპოვარ ოსტატად გვევლინება.

არ არის გამორიცხული, რომ ბაირონს თავისი ნაწარმოების ცენტრალურ ნაწილად სწორედ ეს ნაწილი ჰქონდა ჩაფიქრებული. არც ამ ნაწილის წამძღვარებული სიტყვები („თორმეტი კანტო დავწერე, მაგრამ ეს მხოლოდ პრელუდიაა“) უნდა იყოს შემთხვევითი.

ამ მომენტისთვის დონ ჟუანი ოცდაერთი წლისაა. ახალგაზრდა, ერუდირებული, მიმზიდველი ყმაწვილი სადაც კი გამოჩნდება, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა 一 ახალგაზრდა და არცთუ ახალგაზრდა ქალბატონების გულებს იპყრობს. მაგრამ უკვე დაიღალა, სასიყვარულო თავგადასავლები მობეზრდა. ბაირონის დონ ჟუანი ფოლკლორულისგან იმით განსხვავდება, რომ მასში არაფერია „ზეადამიანური“

დონ ჟუანით ბრწყინვალე არისტოკრატიის წარმომადგენელი ლედი ადელინა ამონდიველი დაინტერესდება და მას თავისი ქმრის, ლორდ ამონდიველის 一 ლამაზი, მაგრამ თავისი წრის ზერელე წარმომადგენლის, ნადირობის მოყვარული ჭეშმარიტი ჯენტლმენის მამულში ეპატიჟება.

ლედი ამონდიელი დონ ჟუანის გულის მოსაგებად სხვას ვერაფერს მოიფიქრებს და გადაწყვეტს, მას შესაფერისი საცოლე შეურჩიოს. დონ ჟუანს დიდი ხნის შესვენების შემდეგ ნორჩი ავრორა რები შეუყვარდება. ეს გოგონა თავისი უმანკო გრაციოზულობით მას შექსპირის გმირ ქალებს აგონებს.

ეს კი ლედი ადელინა ამონდიველის გეგმაში ნამდვილად არ შედიოდა. მან დონ ჟუანს საცოლედ თავისი მეგობარი უკვე შეურჩია. ღამის წყვდიადში დონ ჟუანი სწორედ მას შეეჩეხება სოფლის ერთ ძველ სახლში. ბაირონის რომანი სწორედ აქ წყდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. English 151-03 Byron's 'Don Juan' notes დაარქივებული 18 July 2006 საიტზე Wayback Machine. , Gregg A. Hecimovich
  2. (Don Juan, canto xiv, stanza 99)
  3. <ref>Benét's Reader's Encyclopedia, Fourth Edition (1982) p. 282.
  4. "Don Juan: Dedication", The Oxford Anthology of English Literature Volume II (1973), Frank Kermode and John Hollander, eds., p. 317.