დონის როსტოვის ალექსანდრე ნეველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის ალექსანდრე ნეველის ეკლესია

ეკლესია 1908 წელს

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დაკარგული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრე იაშჩენკო
თარიღდება 1891-1908

დონის როსტოვის ალექსანდრე ნეველის ეკლესია (რუს. Александро-Невский собор) — 1930 წელს დანგრეული საკათედრო ტაძარი დონის როსტოვში. ეკლესია აღმართეს ახალი ბაზრის მოედანზე, დიდი სადოვაიის ქუჩისა და სტოლიპინის პროსპექტის (ამჟამად ვოროშილოვის პროსპექტი) გადაკვეთაზე. დანგრევამდე ეკლესია იყო ყველაზე მაღალი საკულტო ნაგებობა და ყველაზე მაღალი ნაგებობა ქალაქში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1875 წელს „იმპერატორ ალექსანდრე II-ზე 1866 წლის 4 აპრილს თავდასხმისას გადარჩენის აღსანიშნავად“[1], მომავალი ალექსანდრე ნეველის ტაძრის ადგილზე, არქიტექტორ ს. ზაგოსკინის ესკიზის მიხედვით ააგეს დროებითი ეკლესია.

1887 წელს ქალაქის საკრებულომ ქალაქისთავ ა. მ. ბაიკოვის მეთაურობით გადაწყვიტა აეშენებინათ არა ეკლესია, არამედ მდიდარი ეკლესია, შემკული მხატვრობით[1]. ეკლესიის აგების ადგილად გამოყვეს ახალი ბაზრის მოედნის ნაწილი. ალექსანდრე ნეველის ეკლესიის პროექტი შეიმუშავა არქიტექტორ-აკადემიკოსმა ალექსანდრე იაშჩენკომ, ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძრის ხუროთმოძღვარმა. 1888 წელს მომავალი ეკლესიის სამეურვეო საბჭომ ქალაქის საკრებულოს წარუდგინა ეკლესიის პროექტის ესკიზი. საკრებულო დაეთანხმა ეკლესიის პროექტს, მაგრამ ფინანსური საკითხის გამო შეამცირეს ეკლესიის ზომები. 1890 წელს როსტოვის საკრებულომ დაამტკიცა მეორე პროექტი, 1891 წელს ეკატერინოსლავის სასულიერო კონსისტერიამ გადაწყვიტა ეკლესიის აშენება და ამავე წლის მაისის თვეში საძირკველი ჩაუყარეს ეკლესიას. მისი მშენებლობა გაგრძელდა 16 წელი და დასრულდა 1908 წელს. ამავე წლის 17 აგვისტოს ეკლესია აკურთხეს, მაგრამ არც არქიტექტორ ა. იაშჩენკოს და არც ტაძრის მშენებლობის მთავარ შემომწირველს პ. ილინს მის კურთხევამდე არ უცოცხლიათ. თავისი არსებობის განმავლობაში ალექსანდრე ნეველის ეკლესია იყო დომინანტი ნაგებობა ახალი ბაზრის მოედანზე.

საბჭოების სახლი და წითეარმიელის ძეგლი ეკლესიის ადგილზე
ეკლესია რევოლუციის შემდეგ

დანგრევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევოლუციის შემდეგ ძალიან მალევე ტაძარში ღვთისმსახურება შეწყდა. როსტოვში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, თვითმხილველთა აზრით ბევრჯერ გადაურჩა ბოლშევიკების მიერ დანგრევას. ტაძრის გუმბათებზე არსებული ჯვარი ჩაანაცვლეს ხუთქიმიანი ვარსკვლავით, ხოლო შესასვლელში გამოკიდეს საბჭოთა გერბი. 1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ალექსანვრე ნეველის ეკლესია დაანგრია. მის ადგილზე კი ააშენეს როსტოვის საოლქო აღმასკომის მუშათა და დეპუტატთა საბჭოს შენობა (ამჟამად მასში განთავსებულია საოლქო ადმინისტრაცია). 1972 წელს მოედნის ცენტრში დადგეს თეთრგვარდიელებისაგან როსტოვის განმათავისუფლებლის ძეგლი. ძეგლის სკულპტურული ჯგუფი შექმნა ევგენი ვუჩეტიჩმა. ზოგიერთი არქიტექტურული ნაწილი დააპროექტეს ასევე იოსებ ლოვეიკომ, იან რებაინმა და ლევ ებერგმა.

ექსტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლომის შემორჩენილი ქანდაკება, რომელიც ამშვენებდა ტაძრის შესასვლელს

ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის სამგანზომილებიანი შემადგენლობა ეფუძნება ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიას. ცენტრალური ნავი სრულდებოდა ბარაბნით და გუმბათით. კუთხეებში მდებარეობდა შედარებით მცირე ზომის ოთხი გუმბათი.

ეკლესიის ირგვლივ კანადური ვერხვების დიდი მოედანი იყო, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დეკორაცია იყო.

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ფართობი 1 000 კვადრატული მეტრი იყო, სადაც შეიძლებოდა ერთდროულად 1 500 ადამიანის განთავსება. ეკლესია შემკული იყო ფრესკებით, რომლის ესკიზებიც შეასრულეს ძმებმა ვასნეცოვებმა. ეკლესიას ჰქონდა სამი კანკელი: ცენტრალური ალექსანდრე ნეველის სახელობისა და კუთხეებისა წმინდა პანტელეიმონის და წმინდა პეტრეს სახელზე ნაკურთხი.

აღდგენის პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის 90-იან წლებში ქალაქის საზოგადოებაში გაჩნდა ინტერესი თავიანთი განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ. ქალაქის ინტელიგენციისა და სასულიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი ეკლესიის აღდგენის შესახებ, მაგრამ წარმოიქმნა პრობლემა: არსად არ იყო შემონახული დანგრეული ტაძრის გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ტაძრის აღდგენა.

დღეისათვის ერთ-ერთი როსტოველი ბიზნესმენის ფინანსებით, ყოფილი ეკლესიის ადგილიდან ახლოს დაიდგა მცირე სამახსოვრო ნიშანი. სკულპტურული კომპოზიცია არის ყოფილი ეკლესიის ზუსტი მოდელი, მასშტაბით 1:50. შესრულებულია ვ. ტარასენკოს არქიტექტურულ სახელოსნოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Александр Ильин, История города Ростова-на-Дону, Ростов-на-Дону, 2006, с. 86.