შინაარსზე გადასვლა

დონის დრამისა და კომედიის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა კომისარჟევსკაიის სახელობის დონის დრამისა და კომედიის თეატრი

დონის დრამისა და კომედიის თეატრი (რუს. Донской театр драмы и комедии) — რუსული თეატრი ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსებულია 1825 წელს. ყველაზე ძველი პროფესიონალური თეატრი, შენობა როსტოვის ოლქში. აგებულია 1909 წელს არქიტექტორ ალექსი ბეკეტოვის პროექტის მიხედვით, თეატრის ხელმძღვანელია პ. კონიშევა.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ნოვოჩერკასკი, პლატოვის ქუჩა № 72.

ნოვოჩერკასკის დრამისა და კომედიის თეატრი დაარსდა 1825 წელს, თავდაპირველად მოქმედებდა როგორც გასტროლიორთა ჯგუფი. 1866 წელს გადაეცა საკუთარი შენობა (რომელიც დღემდე არ არის შემორჩენილი) და მიენიჭა სახელმწიფო თეატრის სტატუსი. მსახიობთა ბირთვი ჩამოაყალიბეს სამხრეთ რუსეთის წამყვანი პროვინციული მსახობებისაგან. სხვადასხვა დროს აქ თამაშობდნენ ისეთი ცნობილი თეატრალური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ მიხაილ შჩეპკინი, ნიკოლაი რიბაკოვი, გლიკერია ფედოტოვა, მარია სავინა, პოლინა სტრეპეტოვა, ალექსანდრ ლენსკი, ნიკოლაი როშჩინ-ინსაროვი, ვასილი ანდრეევ-ბურლაკი, ივან კისელევსკი, მიტროფანე ივანოვ-კოზელსკი და სხვა[1].

ცნობილია, რომ 1891-1894 წლებში თეატრის დირექტორი იყო გამოჩენილი რუსი თეატრალური მოღვაწე ნიკოლაი სინელნიკოვი, მისი ხელმძღანელობით პროვინციულ სცენაზე პირველად დაიდგა ლევ ტოლსტოის კომედია „განათლების ნაყოფი“, რომლის დადგმის დროსაც შედგა მსახიობ ვერა კომისარჟევსკაიას დებიუტი (მოგვიანებით თეატრს ეწოდა მისი სახელი). ნოვოჩერკასკის თეატრი იყო ერთ-ერთი პირველი სადაც 1896 წელს დაიდგა ანტონ ჩეხოვის პიესა „თოლია“.

სამოქალაქო ომის პერიოდში თეატრი იმყოფებოდა დონის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში. საბჭოთა პერიოდში დონის თეატრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცნობილმა საბჭოთა დრამატურგმა კონსტანტინ ტრენიოვმა. 1964 წლიდან თეატრი ატარებს ვერა კომისარჟევსკაიას სახელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობა გადავიდა წითელი არმიის ყოფილ შენობაში პლატოვის პროსპექტზე, ნომერ 72-ში (აგებულია 1909 წელს არქიტექტორ ალექსი ბეკეტოვის პროექტის მიხედვით), რომელშიც მდებარეობს დღევანდელ დღემდე[2].

1990-2003 წლებში დირექტორის, ხოლო შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა ხელოვნების ამსახურებულ მოღვაწეს ლეონიდ შატოხინს. მისი ხელმძღვანელობით თეატრმა კურსი აიღო დაკარგული კაზაკური კულტურის აღორძინებისაკენ და 1991 წელს მიირეს მეორე სახელი „კაზაკების დრამატული თეატრი“. 15 წლის განმავლობაში თეატრთან მუშაობდა იაროსლავსკის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობთა განყოფილება[3].

1998 წელს ევროპული სტანდარტების თანახმად კაზაკურ თეატრს მიენიჭა პარიზის საერთაშორისო ასოციაციის „პარტნიორობა პროგესისათვის“ ჯილდო „ოქროს პალმა“. 1999 წელს შევიდა რუსეთის საუკეთესო კულტურული და თეატრალური კოლექტივების სიაში. 2000 წელს დიდ წარმატებას მიაღწია ფედერიკო გარსია ლორკას პიესამ „სისხლიანი ბედისწერა“, რომელიც დააჯილდოეს იაროსლავლში რუსეთის თეატრალური სკოლების ფესტივალზე, მიიღო საუკეთესო რეჟისურის პრიზი „დონის თეატრების დეკადის“ დროს და დიპლომი რუსეთის მცირე ქლაქების მესამე ფესტივალზე.

2004 წლიდან დონის თეატრი შეიყვანეს რუსულენოვანი თეატრების საპრეზიდენტო პროგრამაში. რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის თეატრალური მოღვაწეების კავშირისა და ნოვოჩერკასკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ნოვოჩერკასკში სტარტი აიღო ყოველწლიურმა საერთაშორისო ფესტივალმა „კომპლიმენტი“. 2006 წელს თეატრი დაასაჩუქრეს დიპლომით პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის პროპაგანდისათვის.

2011 წელს კაზაკების დრამატული თეატრი გახდა სრულიად რუსული კონკურსის ლაურეატი ნომინაციაში „კულტურისა და დასვენების საუკეთესო ორგანიზაცია“. 2012 წელს თეატრმა მიიღო მონაწილეობა ნოვოჩერკასკის IV საერთაშორისო კაზაკთა კონგრესში. 2013 წელს გაიმარჯვა როსტოვის ლქის თეატრალურ ფესტივალში[4][5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Казачий драмтеатр всего на 20 лет моложе города. Официальный сайт города Новочеркасск. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
  2. Новочеркасский театр драмы и комедии им. В. Ф. Комиссаржевской. Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
  3. Новочеркасский казачий театр пригласил зрителей на премьеру. Дон-ТР (2006-11-07). ციტირების თარიღი: 2016-12-21.
  4. Казачий драматический театр. Театры России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-22. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
  5. Донской театр драмы и комедии им. В.Ф. Комиссаржевской. Официальный сайт города Новочеркасск. ციტირების თარიღი: 2016-12-21.