შინაარსზე გადასვლა

დომენტი ქარჩავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დომენტი სამსონის ძე ქარჩავა (დ. 8 მაისი, 1900, ოზურგეთი, შრომა — გ. 18 სექტემბერი, 1978) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი.

დომენტი სამსონის ძე ქარჩავა დაიბადა 1900 წლის 8 მაისს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში (ძველი მიქელ-გაბრიელი). მამამისი წარმოშობით მეგრელი იყო, ჩხოროწყუდან წამოსული, დედა — გვარად ჯაბუა.

დ. ქარჩავამ ხრიალეთის ოთხწლიანი სასწავლებელი დაამთავრა. სწავლის გაგრძელება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. 1921–1922 წლებში მსახურობდა ჯარში, ხოლო 1924 წლიდან საცხოვრებლად სოფელ შემოქმედში გადავიდა.

1932 წლიდან ქარჩავა ვარლამ სიმონიშვილის გუნდის წევრია, იგი ამ გუნდში 1952 წლამდე, მის გაუქმებამდე მღეროდა, ხოლო შემდეგ მახარაძის კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში განაგრძო მოღვაწეობა.

დ. ქარჩავა წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გუნდებს მშობლიურ შემოქმედში, ბახვში, ნატანებში, ლაითურში, ნასაკირალში; მოსწავლეთა გუნდებს — შემოქმედის, მელექსადურის და სხვა სკოლებში, კარგად უკრავდა ჩონგურზე, თავადაც თხზავდა საჩონგურო სიმღერებს.

უკვე ასაკოვანი ლოტბარი სიხარულით შეეგება ანსამბლ „დილას“ შექმნის იდეას. ანსამბლმა ვ. სიმონიშვილის აღზრდილები გააერთიანა. ესენი იყვნენ: თავად დომენტი ქარჩავა (ბანი), ვარლამ ვაშალომიძე (წყება), შერმადინ ჭკუასელი (ბანი), გიტო აროშიძე (ბანი), ილარიონ სიხარულიძე (წყება), აპოლონ ჩავლეიშვილი (ბანი), გედევან მჟავანაძე (კრიმანჭული), ტელე იობიშვილი (ბანი), ნევრო ოსეფაიშვილი (კრიმანჭული). დიდოსტატი მასწავლებლის ვ. სიმონიშვილის სკოლაგამოვლილებს ენანებოდათ ძველი ვარიანტების დაკარგვა, მათი ერთად შეკრების მთავარი მიზანი, სწორედ ამ ვარიანტების აღდგენა იყო. „დილამ“ 50-ზე მეტი სიმღერა შეასრულა. მათ შორისაა: „მასპინძელსა მხიარულსა“, „მადლობელი“, „პატარა საყვარელი“, „ჩვენ მშვიდობა“, „ადილა“, „ალიფაშა“, „შვიდკაცა“, „ბურთის გამარჯვება“, „ძველი აბადელია“, „კალოს ხელხვავი“, „სუფრის ხელხვავი“, „შავი შაშვი“, „ალავერდი“, „შავგულო“, „ხასანბეგურა“, „იერიში“, „მწვანესა და უქუდოსა“ და სხვ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდში დაცულია „დილას“ მიერ შესრულებული სიმღერების ნაწილი. ანსამბლის ბიოგრაფიაში იყო მრავალი წარმატებული კონცერტი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. „დილას“ მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ პროფესიონალი მუსიკოსები. ცნობილი ფოლკლორისტი მინდია ჟორდანია ზედიზედ რამდენიმე წელი ჩადიოდა გურიაში, საგანგებოდ, ანსამბლის ჩასაწერად. მან დომენტი ქარჩავას, შერმადინ ჭკუასელისა და ილარიონ სიხარულიძის ტრიოს შესრულებით არაერთი ნიმუში ჩაიწერა. ეს ტრიო განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა ურთულეს გურულ სიმღერებს. ანსამბლ „დილას“ ჩანაწერები ინახება თბილისის კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის არქივში.

1968 წელს ქართული ხალხური შემოქმედების დიდი მოამაგის გიორგი სალუქვაძის თაოსნობით, ოზურგეთში ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი სკოლა გაიხსნა დ. ქარჩავა სიმღერის პედაგოგად მიიწვიეს. მას დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ლოტბარების აღზრდის და დახელოვნების საქმეში.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ქარჩავა ხელმძღვანელობდა ოზურგეთის კულტურის სახლის ვოკალურ ჯგუფს „გურია“. 1977 წელს, ამ ჯგუფთან ერთად თბილისში ჩამოსვლა და მეტეხის ტაძართან გამართული კონცერტი დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩა მსმენელს. საღამოზე „გურიამ“ ოთხი სიმღერა შეასრულა: „ხასანბეგურა“, „შვიდკაცა“, „ნადური“ და „გაზაფხული“. ანსამბლი ჩაიწერეს რადიოშიც, ჩანაწერები ინახება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდში.

დომენტი ქარჩავა გარდაიცვალა 1978 წლის 18 სექტემბერს.

  • გეგეჭკორი ლადო, ხალხური სიმღერის მოამაგენი. გვ. 195—196. „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2007.
  • კვიჟინაძე მარინა, უჩა პატარიძე, ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, გურია III, გვ. 56—58. „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2004.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]