შინაარსზე გადასვლა

დოგმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოგმატი, დოგმა (ძვ. ბერძნ. δόγμα, dogma, ნათესაობით ბრუნვაში δόγματος, dogmatos – აზრი, მოძღვრება, დადგენილება) — რელიგიაში უმაღლესი საეკლესიო ინსტანციების მიერ დამტკიცებული, უდავო ჭეშმარიტებად მიჩნეული სარწმუნოებრივი დებულება, რომელიც არ ექვემდებარება კრიტიკას. უფრო ზოგადი და გადატანითი მნიშვნელობით, დოგმა არის დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, რომელსაც მიიჩნევენ ურყევ ჭეშმარიტებად ყველა დროისა და ისტორიული პირობებისათვის.[1]

დოგმატების სისტემა არსებობს თანამედროვე რელიგიების უმრავლესობაში. ქრისტიანული სასულიერო მწერლობის დარგი, მოძღვრება საღვთისმეტყველო დოგმების შესახებ. სასულიერო მწერლობის დარგს, მოძღვრებას საღვთისმეტყველო დოგმების შესახებ დოგმატიკა ეწოდება.

დოგმატების მიღების აუცილებლობა განპირობებულია კონკრეტული ისტორიული ვითარებით. მაგალითად, ქრისტიანობაში, განსაკუთრებით IV საუკუნიდან, როდესაც იგი სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადდა, თავი იჩინა „მწვალებლობამ“ და სექტანტობამ, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა ოფიციალურ მოძღვრებას. ამ გარემოებამ და სარწმუნოებაში მეტი გარკვეულობის შეტანის სურვილმა აიძულა „ეკლესიის მამები“ მოეხდინათ ქრისტიანობის უმთავრესი დებულებების ფორმულირება, რომლებსაც დოგმატები უწოდეს. დოგმატების გამომუშავებისას სასულიერო ელიტა ცდილობდა ხელი შეეშალა თავისი მოძღვრების საფუძვლის კრიტიკისათვის. დოგმატების უარმყოფელთ მკაცრად დევნიდნენ.

დოგმატები ქრისტიანობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „დოგმატი“ ქრისტიანული ეკლესიის ისეთი დადგენილების მნიშვნელობით, რომელსაც უცილობელი ავტორიტეტი აქვს მისი თითოეული წევრისათვის, პირველად მოიხსენიება „საქმე წმიდათა მოციქულთაში“. ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები (ღმერთის მიერ სამყაროს შექმნისა, წმინდა სამებისა, ღმერთკაც ქრისტესი, საიქიო ცხოვრებისა და ცოდვილთა მისაგებელისა) ჩამოყალიბდა პირველ შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე IV–VIII საუკუნეების განმავლობაში.

მართლმადიდებლობაში დოგმატების მიღება დამთავრდა 787 წელს, ხოლო კათოლიციზმში ახალი დოგმატების (სალხინებელი და სხვ.) მიღება შემდგომშიც გრძელდებოდა. XVI საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი დოგმატი ეჭვქვეშ დააყენა რეფორმაციამ. ლუთერანობის დოგმატები (აუგსბურგის აღსარება) მიიღეს 1530 წელს, კალვინიზმისა — 1551 წელს, ანგლიკანობისა (ე. წ. აღსარების 39 მუხლი) — 1571 წელს.

დოგმატები სხვა რელიგიებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობის გარდა, დოგმატების სისტემა არსებობს აგრეთვე იუდაიზმში, ისლამში, ბუდიზმში და ა. შ. იუდაიზმში დოგმატები (მაგ., ერთი ღმერთის — იაჰვეს — მარადიულობა, თალმუდისა და ძველი აღთქმის სიწმინდე, მესიის გამოცხადება და სხვ.) ღვთისმეტყველებმა იუდაისტურ წმიდა წიგნებზე დაყრდნობით გამოიმუშავეს XI–XIII საუკუნეებში. ისლამის დოგმატები (მაგ., ერთი ღმერთის — ალაჰის, წინასწარმეტყველებისა და მათი მეშვეობით ღვთის ნების გამოცხადებისა, მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიისა) ყურანზე დაყრდნობით ჩამოაყალიბეს IX–X საუკუნეებში.

ბუდიზმის დოგმატები (მაგ., გარდასახვის შესახებ და სხვ.) ლიტერატურულად გაფორმდა ჰინაიანაში ძვ. წ. I ს-თვის, მაჰაიანაში — ახ. წ. I ს-ში. ინდუიზმის დოგმატური საფუძვლები შეიქმნა ადრინდელ შუა საუკუნეებში ბუდისტებთან და მუსლიმებთან ბრძოლის ფონზე, ამიტომ ზუსტად ფორმირებულ სისტემად ვერ ჩამოყალიბდა.

თანამედროვე ტენდენციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის II ნახევარში, ეკუმენიკური მოძრაობის გავრცელებასთან და შედარებითი რელიგიათმცოდნეობის მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ქრისტიანულ ეკლესიებში გაჩნდა ტენდენცია, გადალახონ ურთიერთშორის არსებული დოგმატური წინააღმდეგობანი. ამის მნიშვნელოვანი მაგალითია ვატიკანის მეორე საეკლესიო კრება (1962–1965), რომელმაც მიიღო დოკუმენტები — „დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ“ და „დეკლარაცია ეკლესიის არაქრისტიანულ რელიგიებთან ურთიერთობის შესახებ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც. - თბ. : განათლება, 1989.