დოგერ-ბენკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოგერ-ბენკი

დოგერ-ბენკი (ინგლ. Dogger Bank; ნიდერლ. Doggersbank; გერმ. Doggerbank) — დიდი ქვიშიანი მარჩხობი ჩრდილოეთის ზღვის თავთხელ ზონაში, ინგლისის აღმოსავლეთი სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ში. გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იყო ევროპისა და ბრიტანეთის კუნძულების დამაკავშირებელი ხმელეთის დიდი მასივის ნაწილი, რომელიც დღეს დოგერლენდის სახელწოდებითაა ცნობილი. დოგერ-ბენკი მეთევზეებისათვის დიდი ხანია ცნობილი როგორც ნაყოფიერი სათევზაო მარჩხობი. სახელი ეწოდა ჰოლანდიური თევზსაჭერი გემის დოგერის მიხდვით, რომელსაც შუა საუკუნეებში ძირითადად ვირთევზას დასაჭერად იყენებდნენ. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 260 კმ-ზე, სიგანე 30-60 კმ.[1] სიღრმე მერყეობს 15-36 მ-ის ფარგლებში, რაც დაახლოებით 20 მ-ით ნაკლებია, ვიდრე გარემომცველი წყლების სიღრმე. ფართობი დაახლოებით 17,600 კმ². მნიშვნელოვანი სათევზაო რაიონია; დიდი რაოდენობით იჭერენ ვირთევზასა და ქაშაყს.

მარჩხობის სიახლოვეს გაწოლილია რამდენიმე ჩაძირული ხომალდი. დოგერ-ბენკი იდენტიფიცირებულია როგორც ოკეანური გარემო, რომელიც უჩვენებს ფიტოპლანქტონის ფორმების მაღალ, პირველრიგით ნაყოფიერებას მთელი წლის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჯგუფებმა წამოწიეს აზრი დოგერ-ბენკის ზღვის ნაკრძალის შექმნასთან დაკავშირებით.[2] გეოლოგიური თვალსაზრისით, დოგერ-ბენკი უფრო მეტად პლეისტოცენის განმავლობაში ჩამოყალიბებული მორენაა.[1] გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იგი დაკავშირებული იყო კონტინენტთან ან კუნძულთან. ამ არეალში მომუშაე ტრაულერებმა დიდი რაოდენობით მოიპოვეს ტორფი, მამონტისა და მარტორქის ნარჩენები და ალაგ-ალაგ პალეოლითური სანადირო არტეფაქტები.[3]

1931 წელს დოგერ-ბენკთან მოხდა რიხტერს შკალით 6,1 ბალიანი მიწისძვრა. მარჩხობის სამხრეთითაა კლივერ-ბენკი. მარჩხობის ტერიტორია იქცა რამდენიმე საზღვაო ბრძოლის არენად, რომელთაგან პირველი მოხდა 1781 წლის 5 აგვისტოს ბრიტანულ და ნიდერლანდურ ფლოტებს შორის. 1904 წლის 21 ოქტომბერს დოგერ-ბენკის რაიონში ადმირალ ზინოვი როჟესტვენსკის რუსულმა ესკადრამ ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ თევზსაჭერ გემებს, რომლებიც შეცდომით მიიღო მხედველობაში როგორც იაპონური ნაღმოსნები. პირველი მსოფლიო ომის მსვლეობისას, 1915 წლის 24 იანვარს აქ ბრძოლა გაიმართა ბრიტანულ და გერმანულ ფლოტებს შორის. XXI საუკუნის დასაწყისიდან დოგერ-ბენკის ტერიტორია განიხილება როგორც დიდი ბრიტანეთის მე-3 წრის ქარის ელექტროსადგურის პოტენციური ადგილმდებარეობა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Stride, A. H. (January 1959). "On the origin of the Dogger Bank, in the North Sea". Geological Magazine
  2. The Dogger Bank - A Potential MPA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-28. ციტირების თარიღი: 2007-01-28.
  3. Fishing for Fossils in the North Sea: The Lost World of Doggerland
  4. Artificial North Sea island: Danish, Dutch and German firms launch bid to make ‘science fiction’ plan a reality