დიღმის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიღმის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის ნამოსახლარები და სამაროვნები, ეკლესიის, საკულტო და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები, აღმოჩენილი დიღმის ხეობის სხვადასხვა ადგილას. ხეობა დასახლებული ყოფილა უძველესი დროიდან. ხეობის ქვედა წელზე, თრელიგორებად წოდებული ბორცვების მახლობლად, ზედაპირულად აკრეფილია მუსტიეს ხანის კაჟის იარაღი. არქეოლოგიური გათხრებით (1969 წლიდან, ხელმძღვანელი რ. აბრამიშვილი) დიღმისწყლის მარცხენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზასთან, გამოვლინდა ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი (ძვ. წ. IV - III ათასწლეულის მიჯნა).
ოთხკუთხა შენობები ნაგებია რიყის ქვით. თიხატკეპნილ იატაკზე შუაში თიხის ან რიყის ქვის ოვალური კერებია გამართული. იატაკში ჩაჭრილია მსხლისებური მოყვანილობის ორმოები, რომლებიც ბათქაშით და თიხის ჭურჭლის ნატეხებით იყო ამოვსებული. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელი ჭურჭლის ფორმებთან ერთად გვხვდება ბზენარევი კერამიკაც.

თრელიგორებზე გაითხარა მრავალფენიანი ნამოსახლარი, რომლის ძირითადი ფენები გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანისაა (ძვ. წ. XV - ძვ. წ. VI სს.). დასახლება არსებობდა გვიანდელი ანტიკურსა და ადრინდელი ფეოდალურ ხანაშიც. იგი ტერასებადაა განლაგებული. ნახევრად მიწური სახლების კედლები რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები და თიხითაა შელესილი. გადახურვა ბანური იყო. იატაკები თიხატკეპნილია, ზოგჯერ ფილაქვით მოფენილი. ყველა საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩნდა თიხით შელესილი ბაქნები, სხვადასხვა ფორმის საკურთხევლები.

თრელიგორების აღმოსავლეთით დიღმის ველზე აღმოჩნდა ადრინდელი ფეოდალური ხანის ნამოსახლარი და სხვადასხვა დროის სამაროვნები. განსაკუთრებით მდიდრული იყო ძვ. წ. VIII - ძვ. წ. VII სს. გორასამარხები, სადაც ოქროს, ბრინჯაოს, რკინის ნივთები და დიდი რაოდენობით თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია თიხის შავპრიალა ზოომორფული რიტონები. ძვ. წ. III - ძვ. წ. I სს. ორმოსამარხებს და ქვევრსამარხებში ბრინჯაოსა და ვერცხლის სამკაული და მოხატული კერამიკა აღმოჩნდა I-III სს. სამარხებში ადგილობრივი წარმოშობის ნივთებთან ერთად რომაული გემები და მონეტები იყო. ამავე ხანის სამარხები გაითხარა სოფ. დიღომში, ხოლო დიღმის ველზე, დიღომში, ვაშლაჯვარში, თელოვანში, დიდგორზე, ჯოიანში, ბაჭყალაზე, ლელობში და სხვა - ადგინდელი ფეოდალური ხანის (IV-VIII სს.) სამაროვნები. ქვაყუთებში და ქვის ფილებით გადახურულ ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით. ჩატანებული ჰქონდათ სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ლითონის ნივთები.

დიღმის ხეობის სათავეში, სოფ. ლელობთან აღმოჩნდა XIII-XIV სს. ნამოსახლარი, რომელსაც "ნაქალაქარს" უწოდებენ. მიწის ზედაპირზე შემორჩენილია ეკლესიის, საკულტო და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები. შენობები მშრალი წყობითაა ნაგები. გვხვდება ორ- და სამოთახიანი კომპლექსები. საცხოვრებელი ნაგებობებს ეკვრის სამეურნეო დანიშნულების სათავსები (მარანი, ფარეხი და სხვა). შენობათა იატაკში ჩაჭრილია ხაროები. არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია მოჭიქული თიხის ჭურჭელი, ქართულ-ჰულაგუიდური მონეტა, მინის ჭურჭლის სამაჯურების ნატეხები და სხვა.

ფეოდალურ ხანას განეკუთვნება დიღმის ხეობაში შემორჩენილი სარწყავი სისტემის ნაშთები - კაშხალები, აკვედუკები და კლდეში ნაკვეთი არხები. დიღმის ხეობაში ხელსაყრელი პირობები იყო მეცხოველეობის განვითარებისათვის. ხეობას ჰქონდა საკუთარი საზამთრო და საზაფხულო საძოვრები და მასზე გადიოდა თრიალეთისაკენ მიმავალი ე. წ. ცხვრის გზა. ანტიკურ ხანაში დიღომი და დიღმის ხეობა ჯერ მცხეთის, ხოლო V საუკუნიდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო შემოგარენს წარმოადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრამიშვილი რ., ნიკოლაიშვილი ვ., რამიშვილი ა., არქეოლოგიური გათხრები დიღმის ხეობაში, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1971, № 2;
  • ნიკოლაიშვილი ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 591-592, თბ., 1978