ალექსანდრე დიღმელოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიღმელოვი, ალექსანდრე)

ალექსანდრე დიღმელოვი (დ. 22 ოქტომბერი, 1884 — გ. 31 მარტი, 1957) — ქართველი ოპერატორი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1884 წლის 22 ოქტომბერს, მისი ნამდვილი გვარი იყო დიღმელაშვილი. იყო ფოტოგრაფ დავით დიღმელოვის შვილი. 1900 წელს დავით დიღმელოვმა მოსკოვიდან თბილისში ჩაიტანა „ლატერნა მაგიკა“ და იმით აწყობდა ჩვენებებს, მალე დიღმელოვებმა სინემატოგრაფი შეიძინეს. პარალელურად ის მუშაობდა კინომექანიკოსად კინოთეატრ „ილუზიონში“. 1906 წელს დიღმელოვი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.

1910 წლიდან თავად დაიწყო ფილმების გადაღება. სოფია ივანიცკაიამ მისთვის მოსკოვიდან ჩაატანინა შარლ პატეს გადამღები აპარატი ფირების გარკვეული რაოდენობით. გადაღებული აქვს დოკუმენტური, კინოქრონიკალური მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტები და მხატვრული ფილმები: „თბილისის იპოდრომი“ (1910), „პირველი ავიატორები“, „ხატობა მცხეთაში“, „ლადო მესხიშვილის იუბილე“, „კათალიკოსის მირონცხება“, „მუხრანის ხიდის კურთხევა“, „ტახებსა და ირმებზე ნადირობა ევლახსა და ყარაიაზში“. გადაღებები პირველმა მსოფლიო ომმა შეაწყვეტინა.

იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის, „ქრისტინეს“ ოპერატორი. მე–20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. მისი საოპერატორო ნამუშევრები იყო რეჟისორ ივანე პერესტიანის ფილმები. იგი საქართველოში კინემატოგრაფის საწყისი პერიოდის მემუარების ავტორია.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, ფილმის "გიორგი სააკაძის" გადაღებაში მონაწილეობისათვის).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება რეჟისორი
1919 ქრისტინე ალექსანდრე წუწუნავა
1921 არსენა ჯორჯიაშვილი ივანე პერესტიანი
1922 მოძღვარი ვლადიმერ ბარსკი
1923 არსენა ყაჩაღი ვლადიმერ ბარსკი
1923 კაცი კაცისთვის მგელია ივანე პერესტიანი
1923 წითელი ეშმაკუნები ივანე პერესტიანი
1925 სამი სოცოცხლე ივანე პერესტიანი
1925 ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე ივანე პერესტიანი
1926 სასჯელი ივანე პერესტიანი
1926 შირვანსკაიას დანაშაული ივანე პერესტიანი
1926 სავურ სამარე ივანე პერესტიანი
1926 ილან დილი ივანე პერესტიანი
1927 კრაზანას ბუდე
1927 გაფლანგვა
1928 ახალგაზრდობა იმარჯვებს მიხეილ გელოვანი
1928 ჯანყი გურიაში ალექსანდრე წუწუნავა
1930 საკანი №79 ზაქარია ბერიშვილი
1930 უგუბზიარა დავით რონდელი
1931 ტანია ფრონტზე ზაქარია ბერიშვილი
1933 უკანასკნელი ჯვროსნები
1936 ქაჯეთი კოტე მიქაბერიძე
1937 არსენა
1938 დიადი განთიადი
1940 ქალიშვილი გაღმიდან
1943 გიორგი სააკაძე
1948 ქეთო და კოტე
1950 გაზაფხული საკენში
1956 მაგდანას ლურჯა