დიმნას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმნას ციხე — ციხესიმაგრე მდებარეობს იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში, მაღალ, საკმაოდ ძნელად მისასვლელ მთაზე.

პირველად დიმნას ციხეს ლეონტი მროველი მოიხსენიებს და მის აგებას ფარნავაზს მიაწერს:

ვიკიციტატა
„ერთი გაგზავნა მარგჳს ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე რიონს ზემოჲთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი: შორაპანი და დიმნაჲ.“

ვახუშტი ბატონიშვილი დიმნას ციხეს ასე აღწერს:

ვიკიციტატა
„ხანის წყლის აღმოსავლეთ და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კალთას არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა.“

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემისკოსი გიორგი მელიქიშვილი ვარაუდობს, რომ დიმნას სახელი ხეთურ-ასურული წარმოშობის უნდა ყოფილიყო. ეს სახელი უკვე ხეთების ხანაში ფართოდ ბოგინობს მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიფერიაზე (ხეთ. Timnia, Tamnia, Tumana., ასურ. Tumme — Tumni-დან უნდა იყოს წარმოშობილი).

პროფესორი პოლიკარპე ჯაჯანიძე მიიჩნევდა, რომ ეს სახელი მეგრულ-ლაზური ენიდან უნდა მოდიოდეს „ჯიმა“ რაც ძმას ნიშნავს ამ ენაში, ხოლო „ნა“ მრავლობითობის ნაწარმოები აფიქსია, „ჯიმანა“, „ჯიმნა“. „დიმნა“ ეს სახელი უნდა იქნას გაგებული როგორც სწორედ „ძმათა საცხოვრისი ადგილი“ – „საძმო“, სადაც სისხლით ნათესავები ცხოვრობდნენ ან ერთად იცავდნენ ადგილს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმნას აგება ქართლის სამეფოს დამაარსებელ ფარნავაზს მიეწერება. ლეონტი მროველის თანახმად „ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა“. ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს დიმნას მდებარეობას: „ხანის წყლის აღმოსავლეთ და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კალთას არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“.

542–562 წლის ეგრისის დიდი ომის დროს დიმნას ციხე დაანგრიეს. იმერეთში ოსმალთა ბატონობის ხანაში, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის დასაწყისში, ოსმალებმა ფარნავაზის ნაციხარს ახალი გალავანი შემოავლეს და მისი, როგორც სათვალთვალო ციხის ფუნქცია აღადგინეს. მოგვიანებით, 1774 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის თანახმად, ოსმალებს უფლება ეძლეოდათ კვლავ ჩაეყენებინათ ჯარი იმერეთის ციხეებში. ამიტომ ისინი, მათ შორის დიმნასა და ბაღდათის თხმელის ციხე-სიმაგრეები იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ბრძანებით დაანგრიეს.

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმნას ციხეს დიდი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. აქედან, როგორც ხელის გულზე, ისე მოჩანდა სამხრეთის მხარეს საკრაულის ხეობიდან და ზეკრის უღელტეხილიდან გამომავალი გზები, დასავლეთით ფერსათის მთები, ჩრდილო-დასავლეთით მოხურისის ქვეყანა. დიმნას არეალი ვრცელდებოდა შორაპნამდე. ასევე, დიმნას ციხედან შეიძლებოდა შეეტყობინებიათ მტრის შემოსავლა როდოპოლისის ქალაქისთვის. დიმნას ციხე მდებარეობდა არგვეთიდან ოძრხის (სამცხე, აჭარა) საერისთავოზე მიმავალ გზაზე. აქედან გადიოდა გზები: აღმოსავლეთით, ობჩის გავლით შორაპნამდე და სამხრეთით ზეგან-საკრაულას ხეობით, სოფლების ჩალხეეთისა და ვარძიის (დღევანდელ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი) გავლით ლიხის ქედამდე, აქედან გამომდინარე დიმნას ციხის სტრატეგიული დანიშნულება დიდი და მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის.

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმნას ციხეში საფუძვლიანი არქეოლოგიური სამუშაოები არ ჩატარებულა, ჩატარდა მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები. დიმში მდებარე ციხის ნანგრევებს პირველმა გიორგი ცქიტიშვლმა მიაკვლია, შემდეგ ნიკოლოზ ბერძენიშვილმა მოინახულა ძეგლი და 1974 წელს დაზვერვითი სამუშაოები აწარმოა. სამუშაოების შედეგად, ზედაპირთან ახლოს გამოჩნდა სრულიად უსისტემოდ ჩაყრილი მიცვალებულთა ძვლები. ასევე, გახთრებმა გამოავლინა ძველი ზღუდის ფრაგმენტები — მოზრდილი რიყის ქვების წყობა. ნ.ბერძენიშვილის დასკვინით, ზედა დიმი ბრინჯაოს ხანის „გორული“ დასახლებაა. ციხის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ზედა დიმის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვევრსამარხი და ორსამარხებიც. სამარხებში აღმოჩნდა: რკინის შუბები და ისრისპირები, მძივები, თიხის ჭურჭელი, წითელი „ჩაფები“, ჯამები და სხვადასხვა სამკაული. გ.ცქიტიშვილის თქმით, აშკარაა, რომ აქ საქმე უნდა გვქონდეს პირველი საუკუნეების სამაროვნებთან. დიმის ციხის ფერდის აღმოსავლეთ ფერდზე უფრო ადრეული მასალებიც არის ზედაპირულად ნაპოვნი. კერძოდ, ლეგა ჭურჭლის ნატეხები, დამწვარი ბათქაში, ალიზი, ბრინჯაოს კილიკი ნახევარსფერული ფორმის და ამფორისკის ფრაგმენტი.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ინახება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეონტი მროველი., ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუჩხიშვილის რედაქციით. თბ., 1955,— გვ. 24.
  • ბატონიშვილი ვახუშტი., აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუჩხიშვილის რედაქციით, თბ., 1973,— გვ. 752.
  • მელიქიშვილი გ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970 — გვ. 270–271.
  • ციციშვილი ი., აფაქიძე ა., ასანიძე მ., ბერიძე ვ., დვალი მ., ვაჩეიშვილი ნ., ზაქარაია პ., ლორთქიფანიძე მ., ლორთქიფანიძე ო., ლომიტაშვილი ო., პაპალაშვილი გ.., ძეგლის მეგობარი, №.3, თბ,. 2000, N3,— გვ. 3–6.
  • ყიფიანი გ., ქალაქი როდოპოლისი თბ., 2012 — გვ. 10–13.