დიმიტრი ყაზბეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაზბეგი.

დიმიტრი (მიტკა) ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (დ. 1838, სტეფანწმინდა — გ. 1880, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

დაიბადა პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი გაბრიელ ყაზბეგი. მის და-ძმებს შორის იყვნენ: გიორგი, გაბრიელი, რაფიელი (ფიდო) და ელისაბედი (ლიზა). დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგში, სადაც ხალხოსნური იდეების გავლენის ქვეშ მოექცა. იყო ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. 1872 წლის 7 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკი ბანკის მმართველად აირჩიეს, ხოლო დირექტორებად — დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი. ყაზბეგი თან ახლდა რუსეთში ფინანსთა სამინისტროსგან ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად გამგზავრებულ ილიას. შემდგომ წლებში ძირითადად სტეფანწმინდაში ცხოვრობდა. იყო ხევის მხარის პირველი განმანათლებელი. უსასყიდლოდ შეასწავლა წერა-კითხვა რამდენიმე გლეხს, რომელთაგან გამოირჩეოდა პავლე ღუდუშაური; ეს უკანასკნელი შემდეგ თვითონაც მასწავლებლობდა. თანამედროვეთა გადმოცემით იყო ძლიერ განსწავლული და დარბაისელი პიროვნება. დიმიტრი ყაზბეგის და — ელისაბედი თავის მოგონებებში (გამოქვეყნდა 1924-1926 წლებში ჟურნალ „მნათობში“) ამტკიცებდა, რომ სწორედ დიმიტრი ყაზბეგი იყო რომანების — „ელგუჯასა“ და „ხევისბერი გოჩას“ ნამდვილი ავტორი, მათმა ბიძაშვილმა ალექსანდრე (სანდრო) ყაზბეგმა კი ამ ნაწარმოებების ხელნაწერები დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ მიითვისა. ამ ბრალდებას მაშინვე გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები (მაგ., მიხეილ ზანდუკელი), ასევე მოწინააღმდეგეები (მაგ., ვახტანგ კოტეტიშვილი). თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში ალექსანდრე ყაზბეგის ავტორობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაზბეგი, დ. [დ. ყ.] მავნე სულები // დროშა .– 1968 – №21–22 .– გვ. 18.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაზბეგი, ელისაბედ. დ. ყაზბეგის და ალ. ყაზბეგის ბიოგრ. მასალები. „მნათობი“, 1924 წ. № 5, 7-8; 1925 წ. № 1, 3, 4, 8-9, 10, 11, 12; 1926 წ. № 1;
  • კოტეტიშვილი, ვახტანგ. ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი / [მხატვ.: ლადო წილოსანი]. - ტფ. : გამომცემლები: სოლ. ყაზბეგი, მიხ. ჩოფიკაშვილი, 1925 (ამიერ-კავკასიის რკინის გზების სტამბა-ლიტოგრაფია);
  • ზანდუკელი, მიხეილ. ალექსანდრე თუ დიმიტრი ყაზბეგი? : კრიტიკული გამოკვლევა (ჩემი მოწინააღმდეგეების საპასუხოდ). - ტფილისი, 1925 (ს.მ.უ.ს. პოლიგრ. განყ. მე-3 სტამბა).
  • მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური ; რედაქტორი: ს. ჯორბენაძე ; თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა , 1985.