დიმიტრი სინჯიკაშვილი
დიმიტრი (მიტო) ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი, დიმიტრი სინდიკელი (ინგლ. Dimitri Sindikeli / Dimitri Sindjikeli; დ. 2 დეკემბერი, 1906, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – გ. 26 ივნისი, 1976, ნიუ-იორკი რუზველტის სახ. ჰოსპიტალი) — ქართველი პოლიტიკური ემიგრანტი.
დიმიტრი (მიტო) სინჯიკაშვილი (სინდიკელი, სინჯიყელი, შინჯიკელი–შინჯიკაშვილი) დაიბადა კახეთში, სოფელ ვაქირში. მამა — ალექსანდრე სინჯიკაშვილი, დედა — ელიზავეტა სინჯიკაშვილი. დიმიტრი ნაბოლარა იყო. ჰყავდა უფროსი და – ანა, ძმები – ივანე და ნიკოლოზი.
დაწყებით სკოლაში სწავლობდა სიღნაღში, ხოლო საშუალო განათლება მიიღო თბილისში, სადაც მისი ოჯახი გადასახლდა.
1920-იანი წლების დასაწყისში უფროს ძმასთან, ვანოსთან ერთად იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და მონაწილეობდა ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ვანო სინჯიკაშვილი დახვრიტეს, დიმიტრი კი ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთული პერიოდული გამოცემის „ახალი ივერიის“ ერთ–ერთი რედაქტორი და ხელმძღვანელი (გამოდიოდა 1927-39 წლებში). მეორე მსოფლიო ომის დროს დიმიტრი სინჯიკაშვილი გაწვეული იყო ფრანგულ ჯარში; ტყვედ ჩავარდა და გერმანული არმიის „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ომის შემდეგ იტალიაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.
1955 წელს დიმიტრი სინჯიკაშვილმა, ნიუ–იორკში, ქართული სტამბა დააარსა, შემოიკრიბა თანამოაზრეები და დეკემბერში ნიუ–იორკში გამოსცა დიდი ფორმატის გაზეთი „ქართული აზრი“. ეს იყო ამერიკაში სტამბურად დაბეჭდილი პირველი ქართული ყოველთვიური გაზეთი. მის დაფუძნებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ: გ. გაბლიანი, ს. კაიშაური, გ. ზალდასტანიშვილი, გ. ლოლუა და ალ. ცომაია. 1974 წლის ოქტომბრამდე 97 ნომერი გამოვიდა.
დიმიტრი სინჯიკაშვილის სტამბაში „ქართული აზრის“ გარდა დაიბეჭდა გაზეთი „ქართველი ერი“, ჟურნალი „კრებული“ და არაერთი ქართული წიგნი.
სინჯიკაშვილი ასევე იყო ქართული ემიგრაციის ინგლისურენოვანი ჟურნალის, The Voice of Free Georgia-ის („თავისუფალი საქართველოს ხმა“) სარედაქციო კოლეგიის წევრი.
დიმიტრი სინჯიკაშვილი გარდაიცვალა 1976 წლის 26 ივნისს, ნიუ–იორკში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შარაძე, გურამ. ჟურნალი „ახალი ივერია“ // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია : ტ. 2 / გ. შარაძე. — თბ., 2001. — გვ.510-655.
- დაუშვილი, რუსუდან. ამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან : ქართული სტამბა და გამოცემები ამერიკაში // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. — თბილისი, 2014. — გვ. 71-76
- დიმიტრი სინჯიკაშვილი — Find a Grave-ზე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმიტრი სინჯიკაშვილი. ქართველები უცხოეთში: ბიოგრაფიები და მოღვაწეობა (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
- „ქართული აზრი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა