დიმიტრი (შიოლაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი მიტროპოლიტი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე დიმიტრი.
დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი.

მეუფე დიმიტრი
პროვინცია აჭარა
ეპარქია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 2007
პირადი მონაცემები
საერო სახელი დავით (ნოდარ) შიოლაშვილი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი 1961
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მიტროპოლიტი დიმიტრი (ერისკაცობაში — ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი; დ. 16 თებერვალი 1961, მცხეთა) — ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე.

1979–1982 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, 1982 წლიდან კი სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1986 წელს დაამთავრა. 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, 1986 წლის 12 იანვარს კი მღვდლად. 1987–1988 წლებში ღვთისმსახურებას ეწეოდა ალავერდის მონასტერში, 1988–1989 წლლებში კი ანჩისხატის ეკლესიაში. 1989 წლის 13 მაისს მისი დეკანოზად ხელდასხმა მოხდა ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. 1991 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნა ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორად. 1993 წლის 14 სექტემბერს დაინიშნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1996 წლის 25 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად და მეორე დღეს, 26 ოქტომბერს ამაღლებულ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. იმავე წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მცხეთის საკათედრო ტაძარში აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 წელს მეუფე დიმიტრის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 2006 წლის დეკემბერში ბათუმ-სხალთის ეპარქია გაიყო ბათუმ-ქობულეთისა და სხალთის ეპარქიებად. ბათუმ-ქობულეთის მღვდელმთავრად დადგინდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი. 2007 წლის დეკემბერში ბათუმ-ქობულეთის ეპარქია გადაკეთდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიად, რომლის წინამძღოლად მიტროპოლიტი დიმიტრი აირჩია წმინდა სინოდმა და იმავე წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.

მიტროპოლიტი დიმიტრი თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია. ხელმძღვანელობს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს, არის „წმიდა მიწის“ შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თანათავმჯდომარე.

უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე დიმიტრის მოღვაწეობისას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გაიხსნა არაერთი საქველმოქმედო დაწესებულება, როგორიცაა, ქალაქ ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]