შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი მამიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი მამიევი (დ. 2 აგვისტო, 1909, სოფელი მამისაანთუბანი, ცხინვალის რაიონი — გ. 1983) — ოსი საბჭოთა მთარგმნელი და მსახიობი

1925-1927 წლებში სწავლობდა ცხინვალის გლეხთა ახალგაზრდულ სკოლაში. 1927 წელს გადავიდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ორწლიან სამასწავლებლო კურსებზე.

1931-1934 წლებში მუშაობდა ცხინვალის გაზეთ „კომუნისტში“. 1936-1938 წლებში სწავლა განაგრძო ლენინგრადის ცენტრალურ თეატრალურ სასწავლებელში. 1938-1942 წლებში მუშაობდა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტად. 1943 წლიდან იყო კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის ოსური დასის მსახიობი, ხოლო 1947-1951 წლებში — ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოტელო (შექსპირის „ოტელო“), ჟერანტი (მოლიერის „ძალად ექიმი“), ჯემალი (კ. კალაძის „ხატიჯე“), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), თინიბეგი (მ. მრევლიშვილის „ზვავი“), მაცნე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვა. განახორციელა დამოუკიდებელი დადგმები: მ. შავლოხოვის „მთები ალაპარაკდნენ“, ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“ და სხვა.

დიმიტრი მამიევს ეკუთვნის 35 დასახელების სხვადასხვა ნაწარმოებთა თარგმანები ოსურ ენაზე, მათ შორის მოლიერის „ძალად ექიმი“ და „სკაპენის ოინები“, შილერის „ყაჩაღები“, გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“, პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, ვ. გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“ და „უბრალო ადამიანები“, ი. ვაკელის „შამილი“, თ. რაზიკაშვილის „საბავშვო მოთხრობები“, ნ. ოსტროვსკის „როგორ იწრთობოდა ფოლადი“, ნ. გოგოლის „რევიზორი“ და სხვა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ოსური დრამატურგიისა და აგრეთვე მუსიკალურ-საგუნდო ხელოვნების განვითარებაში.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]