დიმიტრი ლაპტევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი იაკობის ძე ლაპტევი (რუს. Дми́трий Я́ковлевич Ла́птев; დ. 1701, ფსკოვის გუბერნია — გ. 20/31 იანვარი 1771, იქვე) — რუსი ზღვაოსანი და პოლარეთის მკვლევარი, ვიცე-ადმირალი (1762). დაიბადა ფსკოვის გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში. საზღვაო ფლოტში მსახური დაიწყო როგორც გარდემარინმა, ხოლო შემდეგ, 1721 წელს მიიღო მიჩმანის წოდება. ოთხი წლის შემდეგ უნტერ-ლეიტენანტის ჩინით ცურავდა ფინეთის ყურეში. 1727 წელს დიმიტრი ლაპტევმა ჩაიბარა ფრეგატი, რომელსაც „წმინდა იაკობი“-ს სახელი ერქვა. შემდეგ აგრეთვე ხელმძღვანელობდა პაკეტბოტს კრონშტადსა და ლიუბეკს შორის.

1730 წლიდან გაეცნო არქტიკის წყლებს. ფრეგატით ცურავდა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის რუსეთის ნაპირებთან. 1731 წელს მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ამავე წელს დაინიშნა კამჩატკის მეორე ექსპედიციაში, სადაც დაეკისრა რუსეთის ჩრდილოეთ სანაპიროს აღწერა და აღწერილის რუკაზე გადატანა. 1736 წლიდან ხელმძღვანელობდა კამჩატკის მეორე ექსპედიციის ერთ-ერთ ჩრდილოეთ რაზმს. 1736 წელს დაიძრა იაკუტსკიდან, ზაფხულში მიაღწია ლენის დელტას, საიდანაც გავიდა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. კურსი ეჭირა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ განედის 73°16'-სთან ექსპედიციას შეხვდა გაუვალი ყინულები, რის საფუძველზე ლაპტევმა მიიღო გადაწყვეტილება ისევ ლენის დელტაში დაბრუნებულიყო.

მომავალი წლის ზაფხულში დიმიტრი ლაპტევი მოხსენებით გამოვიდა პეტერბურგში, სადაც ბრძანება მიიღო ხელახლა გამგზავრებულიყო ყინულოვან ოკეანეში და აღეწერა სანაპიროები.

1739 წლის 27 ივნისს დაიძრა გემით და მივიდა ლენის დელტამდე, ხოლო 5 ივლისს გავიდა ოკეანეში. მოძრაობა უფერხდებოდა მასიური ყინულების გამო, 11 აგვისტოს მივიდა მდინარე იანის შესართავთან. 14 აგვისტოს გაცდა სვიატოი-ნოსის კონცხს და ინტენსიურად აწარმოებდა გავლილი მანძილის აღწერას. კერძოდ, ექსპედიციის ნაწილმა აღწერა მდინარე ინდიგირკის დელტა და ოკეანის სანაპირო მდინარე ალაზეიდან მდინარე კოლიმამდე; საკუთრივ დიმიტრი ლაპტევმა კი აღწერა მდინარე ხრომა. ადგილობრივი პირობებისა და მოდრეიფე ყინულების გამო სანაპიროების აღწერა შეუძლებელი გახდა. ყოველივე ამის შესახებ პეტერბურგში ისევ მოხსენებით გამოვიდა და ადმირალებისგან ისევ მიიღო სანაპიროების აღწერის ბრძანება.

მომავალი წლის ზაფხულში დიდი სირთულით მოახერხა ოკეანეში შესვლა. 4 აგვისტოს მივიდა მდინარე კოლიმასთან, საიდანაც დაიძრა ისევ აღმოსავლეთისაკენ, თუმცა გეზი ექსპედიციამ ისევ უკან აიღო, რადგან მათ გზას დიდი მოდრეიფე ყინულები აფერხებდნენ. შემოდგომით აღწერა მდინარე კოლიმა, ასევე დაათვალიერა გზა მდინარე ანადირიდან ქალაქ ანადირსკამდე. 1741 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ სცადა ერთ-ერთი კონცხის გავლით ზღვაში შეჭრა, თუმცა ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა. ადგილობრივი პირობების გაუარესობის გამო შეუძლებელი ხდებოდა ოკეანეში ნაოსნობა. ექსპედიციის ნაწილმა აღწერა ზღვა მდინარე პენჟინამდე.

1742 წელს ლაპტევმა აღწერა მდინარე ანადირის დიდი მანძილი შესართავამდე. შემდეგ ხმელეთზე ბრუნდება და მიდის ქალაქ იაკუტსკამდე, ხოლო აქედან გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც 1742 წლის დეკემბერში ჩავიდა მოხსენებით.

დიმიტრი ლაპტევის ექსედიციები დაახლოებით 10 წელიწადს გაგრძელდა, რომელსაც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა რუსეთის ჩრდილო სანაპირო ნაწილების გასაცნობად. ლაპტევმა შეკრიბა დიდძალი ცნობები ოკეანის სანაპიროების, მდინარეების, კონცხებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების შესახებ. დიმიტრი ლაპტევმა მოახდინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შედეგიანი ექსპედიციის განხორციელება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებისა და გზების გასაცნობად. ყოველივე ამის შემდეგ ზღვაოსანი ლაპტევი ისევ აგრძელებდა საზღვაო ფლოტში მუშაობას. 1762 წლის 30 იანვარს გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან, შესაბამისად გავიდა პენსიაზე.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ლაპტევის სახელს ატარებს კონცხი ლენის დელტაში, სრუტე დიდი ლიახოვის კუნძულსა და აზიის კონტინეტს შორის. დიმიტრი და ხარიტონ ლაპტევების სახელს ატარებს ასევე ზღვა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში (ლაპტევების ზღვა).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]