შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი კარაკოზოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი კარაკოზოვი
რუს. Дмитрий Владимирович Каракозов
დაბადების თარიღი 23 ოქტომბერი (4 ნოემბერი), 1840
დაბადების ადგილი Zhmakino, Serdobsk Uyezd, რუსეთის იმპერია ან კოსტრომა, Kostroma Governorate, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 (15) სექტემბერი, 1866 (25 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
განათლება Classical high school number 1 named after V. G. Belinsky
ფოტო დაპატიმრების შემდეგ

დიმიტრი ვლადიმერის ძე კარაკოზოვი (რუს. Дми́трий Влади́мирович Карако́зов, დ. 23 ოქტომბერი (4 ნოემბერი), 1840, ჟმაკინო, სარატოვის გუბერნია — გ. 3 (15) სექტემბერი, 1866, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი რევოლუციონერ-ტერორისტი, რომელმაც 1866 წლის 4 (16) აპრილს განახორციელა რუსეთის ისტორიაში პირველი რევოლუციურ-ტერორისტული აქტი — თავდასხმა იმპერატორ ალექსანდრე II-ზე.

იგი წარმოშობით კარაკოზოვების წვრილმამულიანი აზნაურების ოჯახიდან იყო, რომლებმაც ტერაქტის შემდეგ გვარი შეიცვალეს და მიხაილოვ-რასლოვლევები გახდნენ. 1860 წელს დაამთავრა პენზის პირველი ვაჟთა გიმნაზია. 1861 წელს ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა ოქტომბერში სტუდენტურ არეულობებში მონაწილეობის გამო გარიცხეს და მშობლიურ მხარეში გადაასახლეს. 1863 წლის სექტემბერში იგი კვლავ აღადგინეს ყაზანის უნივერსიტეტში.

1864 წელს სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში განაგრძო, საიდანაც 1865 წელს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გარიცხეს. გარკვეული პერიოდი სოფლად, ახლობლებთან ცხოვრობდა, ასევე მუშაობდა სერდობსკის მაზრის მომრიგებელ მოსამართლესთან საქმისმწარმოებლად.

1865 წელს იგი შევიდა საიდუმლო რევოლუციურ საზოგადოებაში („ორგანიზაცია“), რომელსაც მისი დეიდაშვილი, ნიკალაი იშუტინი (1840-1879) ხელმძღვანელობდა. წრის რამდენიმე წევრთან ერთად კარაკოზოვი ინდივიდუალური ტერორის ტაქტიკის მომხრე გახდა. მას მიაჩნდა, რომ მეფის მკვლელობა ხალხის გამოფხიზლებისა და სოციალური რევოლუციის დაწყების ბიძგი გახდებოდა.

1866 წლის გაზაფხულზე იგი საკუთარი ინიციატივით გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში იმპერატორზე თავდასხმის განხორციელების მიზნით. თავისი საქციელის მოტივები კარაკოზოვმა ჩამოაყალიბა ხელნაწერ პროკლამაციაში „მეგობარ მუშებს“, რომელშიც ხალხს რევოლუციისა და მეფისმკვლელობის შემდეგ სოციალისტური წყობის დამყარებისკენ მოუწოდებდა.

1866 წლის 4 (16) აპრილს მან საზაფხულო ბაღის ჭიშკართან ესროლა ალექსანდრე II-ს, თუმცა ააცილა. ოფიციალური ვერსიით, აცდენის მიზეზი გახდა ის, რომ მას ხელი ჰკრა ქუდების ოსტატმა ოსიპ კომისაროვმა, რომელიც მოგვიანებით აზნაურის ხარისხში აიყვანეს კომისაროვ-კოსტრომსკოის გვარით.[2]

პროკლამაციაში „მეგობარ მუშებს!“, რომელსაც კარაკოზოვი თავდასხმის წინა დღეს ავრცელებდა (მისი ერთი ეგზემპლარი ტერორისტს დაპატიმრებისას ჯიბეში აღმოაჩნდა), რევოლუციონერი თავისი საქციელის მოტივებს ასე განმარტავდა:

ვიკიციტატა
„ „სევდამ და დარდმა შემიპყრო იმის გამო, რომ... ჩემი საყვარელი ხალხი იღუპება. ამიტომ გადავწყვიტე, გავანადგურო ბოროტმოქმედი მეფე და თავად მოვკვდე ჩემი ძვირფასი ხალხისთვის. თუ ჩანაფიქრი გამომივა — მოვკვდები იმ ფიქრით, რომ ჩემმა სიკვდილმა სარგებელი მოუტანა ჩემს ძვირფას მეგობარს — რუს გლეხს. ხოლო თუ არ გამომივა, მაინც მწამს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჩემს გზას გაჰყვებიან. მე თუ ვერ შევძელი — ისინი შეძლებენ. მათთვის ჩემი სიკვდილი მაგალითი და შთაგონება იქნება...“[3]

იგი დააპატიმრეს და პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ალექსეევკის რაველინში მოათავსეს. კარაკოზოვის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა გრაფი მიხეილ მურავიოვი, რომელიც განაჩენის გამოტანამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა. თავდაპირველად ტერორისტი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობდა და ამტკიცებდა, თითქოს გლეხის შვილი, ალექსეი პეტროვი იყო.

გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ იგი „ზნამენსკაიას“ სასტუმროს 65-ე ნომერში ცხოვრობდა. ნომრის გაჩხრეკისას პოლიციამ იპოვა იშუტინისადმი მიწერილი დახეული წერილი. იშუტინი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს და სწორედ მისგან შეიტყვეს კარაკოზოვის ნამდვილი ვინაობა. მთელი რიგი მონაცემებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს კარაკოზოვს ძილს უკრძალავდნენ (აწამებდნენ უძილობით).

უზენაეს სისხლის სამართლის სასამართლოში იშუტინელთა წრის წევრების პროცესის მსვლელობისას (1866 წლის 10 აგვისტო – 1 ოქტომბერი), 31 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც თავადი პავლე გაგარინი თავმჯდომარეობდა, მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. სასამართლო განაჩენში აღნიშნული იყო, რომ „ხელმწიფე იმპერატორის წმინდა პერსონის“ სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში (ორი ბრალდებიდან ერთ-ერთი) კარაკოზოვმა „აღიარა დანაშაული და უზენაესი სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე საბრალდებო დასკვნის ასლის ჩაბარებისას განმარტა, რომ მისი დანაშაული იმდენად დიდია, რომ ვერ გამართლდება იმ მტკივნეული ნერვული მდგომარეობითაც კი, რომელშიც ის იმ დროს იმყოფებოდა“.[4] სასამართლომ დაადგინა: „25 წლის დიმიტრი ვლადიმერის ძე კარაკოზოვი, რომელიც იწოდება აზნაურად, თუმცა აზნაურობაში დამტკიცებული არ არის, ყოველგვარი წოდებრივი უფლების ჩამორთმევით, დაისაჯოს სიკვდილით — ჩამოხრჩობით“.[4]

იგი ჩამოახრჩვეს 3 (15) სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში, სმოლენსკის მინდორზე (ვასილევსკის კუნძული), უამრავი ადამიანის თანდასწრებით. სიკვდილით დასჯის წინ კარაკოზოვის ჩანახატი გააკეთა ილია რეპინმა, რომელიც სმოლენსკის მინდორზე იმყოფებოდა.

თავდასხმის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფეზე განხორციელებულმა პირველმა თავდასხმამ საზოგადოებაში გაოგნება გამოიწვია, მთავრობაში კი საკადრო ცვლილებები: თანამდებობებიდან დაითხოვეს რეფორმების პოლიტიკის ყველაზე ლიბერალი მომხრეები. ბევრმა საზოგადო მოღვაწემ (მაგალითად, კატკოვი) რეფორმებს ზურგი შეაქცია და „მარჯვნივ“ (კონსერვატიზმისკენ) გადაიხარა. იმავე პერიოდში ჩატარდა ჩხრეკა და დაპატიმრებები ლიბერალური გამოცემების თანამშრომლებს შორის, დაიხურა ნეკრასოვის ჟურნალი „სოვრემენნიკი“ (მიუხედავად იმისა, რომ პოეტმა მურავიოვისა და კომისაროვისადმი საქებარი ლექსები დაწერა).[5]

იმპერატორზე თავდასხმის ადგილზე აიგო სამლოცველო,[6] რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ 1930 წელს დაანგრია. საბჭოთა პერიოდში კარაკოზოვის პატივსაცემად ქუჩებს მისი სახელი ეწოდა კრივოი-როგში, სერდობსკში, მოჟაისკში, ტულასა და პენზაში.

  • Брешко-Брешковская Е. К. Из моих воспоминаний. — СПб., 1906.
  • Виленская Э. С. Революционное подполье в России 1860-е годы XIX в. — М., 1965.
  • Государственные преступления в России в XIX в. / под ред. В. Я. Богучарского. — СПб., 1906. — Т. 1.
  • КАРАКОЗОВ Дмитрий Владимирович // Императорский Московский университет: 1755—1917: энциклопедический словарь / составители А. Ю. Андреев, Д. А. Цыганков. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), 2010. — С. 302. — 894 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-8243-1429-8.
  • Кошель П. А. История российского терроризма. — М.: Голос, 1995.
  • Покушение Каракозова. Стенографический отчёт…, т. 1—2. — М., 1928.
  • Филиппов Р. В. Революционная народническая организация Н. А. Ишутина — И. А. Худякова (1863—1866). — Петрозаводск, 1964.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Каракозов Дмитрий Владимирович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Кошель П. А., История российского терроризма, М.: Голос, 1995.  გვ. 376, ISBN 5-7117-0111-8.
  3. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-27. ციტირების თარიღი: 2012-03-07
  4. 1 2 Приговор верховного уголовного суда // Московские ведомости. — 1866. — № 185 (4 сентября). — С. 3.
  5. Кошель П. А., История российского терроризма, М.: Голос, 1995.  გვ. 376, ISBN 5-7117-0111-8.
  6. Исчезнувший Петербург: часовня святого князя Александра Невского. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-11. ციტირების თარიღი: 2019-07-11