დიმიტრი კალანდარიშვილი
დიმიტრი ილარიონის ძე კალანდარიშვილი (დ. 1884, მაკვანეთი — გ. 1946, თბილისი) — ქართველი იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიმიტრი კალანდარიშვილი დაიბადა 1884 წელს ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში სასულიერო პირის ოჯახში. უმაღლესი განათლება სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
1911-1918 წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.
1917-1919 წლებში დიმიტრი კალანდარიშვილს ეკავა ქალაქ ქუთაისის მოურავის თანამდებობა, ხოლო 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ იგი სენატის წევრად აირჩია და მუშაობდა სენატის სამოქალაქო-საკასაციო დეპარტამენტში.
1930-იან წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კურორტების სამმართველოს იურისკონსულის მოვალეობას ასრულებდა. ცხოვრობდა თბილისში ძმები ზუბალაშვილების ქუჩის (ყოფილი „სასამართლოს“ და ყოფილი „ძველი არსენალის“ ქუჩა) N45-ში.
დიმიტრის ჰყავდა მეუღლე ელენე ლეიკფელდ-კალანდარიშვილი, რომელიც გახლდათ პეტერბურგის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური კურსების მსმენელი და დამთავრებული ჰქონდა თბილისის ინდუსტრიალური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. დიმიტრის და ელენეს ჰყავდათ ორი ვაჟი: ვადიმე და ოთარ (ტონი) კალანდარიშვილები. ვადიმე იყო ცნობილი სამთო ინჟინერი და ტყვარჩელის მაღაროების მთავარი მარკშეიდერი, ხოლო უმცროსი ძმა ოთარი - არქიტექტორი.
დიმიტრი კალანდარიშვილი გარდაიცვალა 1946 წელს თბილისში და დაკრძალულია კუკიის ძველ სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 213.
- ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.