დიმიტრი ერისთავი (ექიმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი ერისთავი
დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი.png
დაბ. თარიღი 9 თებერვალი, 1859[1]
გორაბერეჟოული, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 1924 (65 წლის)
გორაბერეჟოული, საქართველოს სსრ
დაკრძალულია მოიდანახე, ოზურგეთი
ეროვნება ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
პროფესია ექიმი, პოლიტიკოსი, მწერალი
მეუღლე(ები) ნინო დადიანი
მშობლები მამა: კონსტანტინე ერისთავი
დედა: ივლიტა ნაკაშიძე

დიმიტრი (ტიტიკო)[2] ერისთავი (დ. 9 თებერვალი, 1859, გორაბერეჟოული — გ. 17 დეკემბერი, 1924, იქვე) — ქართველი ექიმი და მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ გორაბერეჟოულში, 1859 წელს. მამა, კონსტანტინე ერისთავი, იყო მომრიგებელი შუამავალი ოზურგეთში. ბაბუა, ვახტანგ ერისთავი იყო მამია V გურიელის ბოქაულთუხუცესი. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1884 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დირექციამ შესთავაზა, ასპირანტად დარჩენილიყო უნივერსიტეტში, მაგრამ ერისთავი დაუბრუნდა მშობლიურ გურიას. 1889 წლიდან მუშაობდა ნაგომრის სოფლის ექიმად.[3] 1895 წელს გათავისუფლდა სამსახურიდან და ცოდნის გასაღრმაველბად კვლავ კიევის უნივერსიტეტს მიაშურა, სადაც ორი წელი დაჰყო. მუშაობდა სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. ამ პერიოდში ცოლად შეირთო ოტია დადიანის ასული ნინო.

1900 წელს დაინიშნა ოზურგეთის მაზრის ექიმად. იყო პირველი ექიმი, რომელიც კვალიფიციურ ქირურგიულ დახმარებას უწევდა გურიის მოსახლეობას. ამ დროს მთელ გურიას ერთი ექიმი და რამდენიმე ფერშალი ემსახურებოდა. მისი მოწადინებით გაიხსნა ქალაქში აფთიაქი. ერისთავმა ოზურგეთში საკუთარ სახლში საკუთარივე სახსრებით დაიწყო სტაციონარის მიშენება. მოგვიანებით სწორედ მისი სახლი იქნა გამოყენებული ქალაქის საავადმყოფოსთვის.

დიმიტრი ერისთავი იყო ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის ხმოსანი და 1910-იან წლებში ქალაქის თავი. ქალაქის თვითმმართველობაში წარმოადგენდა მემარცხენე ოპოზიციას. იყო ქალაქში საშუალო სასწავლების გახსნის ერთ-ერთი მოთავე. დახმარებას უწევდა ქალაქის თეატრისა და კინოს მუშაობას, ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე. ერისთავი უპირისპირდებოდა მეფის რუსეთის მმართველობას, სამედიცინო დამხარებას უწევდა ხელისუფლებისგან დევნილ ფირალებს. 1912 წელს ერთ-ერთ მეჯლისზე, რომელიც ქუთაისში მცხოვრებმა თავადმა ქოჩაკიძემ გამართა, ერისთავმა ხელი არ ჩამოართვა ქუთაისის გუბერნატორ სლავოჩინსკის ამის გამო სლავოჩინსკიმ ჩამოაშორა ოზურგეთის მაზრას და ჯერ რაჭის მაზრაში გადაიყვანა ექიმად, იმავე წლის დეკემბერში კი შორაპანში გადაიყვანა. 1913 წელს ერისთავი ოზურგეთში დააბრუნეს.

დიმიტრი ერისთავი იყო მწერალი. მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ ალექსანდრე ხახანაშვილი, იოსებ გრიშაშვილი და სხვები[4][5]. 1911 წელს ოზურგეთში გამოსცა ფსიქოლოგიური მოთხრობა „ნაწყვეტი დაუსრულებელი რომანისა“, ხოლო 1912 წელს მოხრობა „ვისი ბრალია?“. გურიაში 1905 წლის მოძრაობის შესაძებ დაწერა მოთხრობა „შავბნელი ძალები“. არის რამდენიმე ლექსისა და პიესის ავტორი. მისი ხელნაწერები დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა მშობლიურ სოფელ გორაბერეჟოულში. გარდაიცვალა 1924 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალეს ოზურგეთში, საავადმყოფოს ეზოში. მოგვიანებით, ქუჩის გაფართოების გამო გადასვენებულ იქნა მოიდანახის სასაფლაოზე. დღეისათვის მისი საფლავი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იური სიხარულიძე, „დიმიტრი ერისთავი - ღვაწლმოსილი მკურნალი და შემოქმედი : დაბადებიდან 150 წლისთავის გამო“, „საქართველოს ბიბლიოთეკა“, N4 გვ. 15 — თბილისი, 2011, ISSN 1512-0880. .
  • ტიტე ღლონტი, ვანო სერელი, „დიმიტრი ერისთავი“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N21, გვ. 2 — 1958 წ.
  • გრიგოლ კუნჭულია, „ექიმი დიმიტრი ერისთავი“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ — 25 ივნისი, 1925 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიმიტრი ერისთავი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი, 2018.
  2. ფსევდონიმების ლექსიკონი
  3. Кавказский календарь на 1890 год გვ. 364
  4. ალექსანდრე ხახანაშვილი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ ტ 2, გვ 296-297 — 1913 წ.
  5. იოსებ გრიშაშვილი. „ლიტერატურული ნარკვევები“, გვ 374 — 1952 წ.