დიმიტრი გურიელის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი გურიელის სასახლე
შენობის ტიპი სასახლე
არქიტექტურული სტილი ეკლექტიკა
მდებარეობა ოზურგეთი
ქვეყანა საქართველო
დამკვეთი დიმიტრი გურიელი
დასრულდა 1873
სართულთა რაოდენობა 2

დიმიტრი გურიელის სასახლე — ხუროთმოძღვრების ძეგლი ოზურგეთში. ააშენა 1873 წელს თავადმა დიმიტრი გურიელმა

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი გურიელი (1822-1882) იყო გენერალ-მაიორი, ქაიხოსრო გურიელის შვილი. მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.

ვიკიციტატა
„გორას რეზიდენციიდან გამოსულნი ორი საათის შემდეგ გზაში, ტყიან ადგილას დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს შეეგება თავისი ამალით მდიდრულ და ღია ფერების ტანსაცმელში გამოწყობილი ასამდე მილიციონერი...დიმიტრი გურიელის სახლი ირგვლივ ყვავილებით იყო შემორყმული და ქუჩიდან ღობით გამოყოფილი. სახლთან სტუმრებს შეეგება გურულად ჩაცმული და შეიარაღებული ორი მოხდენილი ახალგაზრდა ...დიმიტრი გურიელის სახლი მორთული იყო ძვირფასი ავეჯით, მოვარაყებული ჩარჩოიანი სარკეებით, სპარსული ხალიჩებით, თვალმომჭრელი აბრეშუმით. სახლში ნამდვილი აღმოსავლური ბრწყინვალება სუფევდა. საწოლ ოთახში მაგიდაზე იდო ნაპოლეონ მესამისა და ინგლისის დედოფალ ვიქტორიას სადილ-ვახშამზე მოსაწვევი ბარათები“

1873 წელს ოზურგეთში დიმიტრი გურიელმა ააშენა სასახლე თურქულ-აზიურ სტილში. სადაც იღებდა უცხოელ სტუმრებს. შენობას იხსენიებს სერგეი მესხი, რომელმაც ის ნახა რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს.

ვიკიციტატა
„ოზურგეთის მოედანზე....ამჟამად გამოჭიმულია თ. დ. გურიელის აჭრელებული, უცნობს არხიტეკტურასა და გაუგებელს გემოვნებაზე აშენებული სასახლე[1]

1917-1928 წლებში სასახლეში მოქმედებდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. შემდეგ შენობაში განთავსებული იყო სტომატოლოგიური კლინიკა. 1971-1991 წლებში შენობაში განლაგებული იყო მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მას შემდეგ, რაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა სამხედრო დიდების მუზეუმს და მის შენობაში გადავიდა, სასახლის შენობაში გაიხსნა სამლოცველო, შემდგომში კი - ეკლესია, რომელიც მოქმედებდა 2008 წლამდე, ქალაქის ცენტრში საკათედრო ტაძრის აშენებამდე. 2008 წელს შენობა გარემონტდა. ამჟამად აქ არის შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენცია. ნაგებობას ფასადურად შენარჩუნებული აქვს ორიგინალური სახე, თუმცა უკანა მხარეს გაკეთებულია მიშენება.

სასახლის დამხმარე ნაგებობა

სასახლის გვერდით შემორჩენილია დამხმარე ნაგებობა, რომელიც სარდაფად, დილეგად და საჯინიბოდ გამოიყენებოდა. შენობა ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართული ქვისაა. ზედა - ხის სართული აღმოსავლეთის მხრიდან აივნითაა გახსნილი. ფასადურად სრულად აქვს შემორჩენილი თავდაპირველი სახე, ინტერიერში შენარჩეუნებულია ავთენტური ელემენტები - ძველი კარები, იატაკი და ჭერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქველი ჩხატარაიშვილი „გურია უცხოელის თვალით“ — 1986

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული მწერლობა, ტ. 18. გვ. 351. თბილისი, „ნაკადული“, 2001