შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი გურიელი
დაბადების თარიღი 1822
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 1882
ეთნიკურად ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
წოდება გენერალ-მაიორი
მშობლები მამა: ქაიხოსრო ბატონიშვილი

დიმიტრი გურიელი (დ. 1822, ოზურგეთი — გ. 17 აგვისტო, 1882) — გურიელების ფეოდალური გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1875). გურიის სამთავროს რეგენტის ქაიხოსრო ბატონიშვილის ვაჟი.

1820 წელს გურიელის მამა, ქაიხოსრო ბატონიშვილი გაიქცა ოსმალეთში ცოლ-შვილთან ერთად. ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ოჯახი 1831 წელს მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი) დაიბრუნა. დიმიტრი გურიელმა რუსული ენა ბავშობიდანვე შეისწავლა და მალევე ადგილობრივი მილიციის რიგებში შევიდა, სადაც ფოხის დაზიანების გამო დაკოჭლდა. მოგვიანებით ის იღებს მილიციის პრაპორშჩიკისა და კავალერიის კორნეტის წოდებას;[1] რამოდენიმე წლის შემდეგ დაიწყო მსახურობა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში; 1871 წლიდან იყო მეთაური; ამავე წლიდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმსა და რუსეთ–ოსმალეთის ომებში. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.

ვიკიციტატა
„გორას რეზიდენციიდან გამოსულნი ორი საათის შემდეგ გზაში, ტყიან ადგილას დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს შეეგება თავისი ამალით მდიდრულ და ღია ფერების ტანსაცმელში გამოწყობილი ასამდე მილიციონერი...დიმიტრი გურიელის სახლი ირგვლივ ყვავილებით იყო შემორყმული და ქუჩიდან ღობით გამოყოფილი. სახლთან სტუმრებს შეეგება გურულად ჩაცმული და შეიარაღებული ორი მოხდენილი ახალგაზრდა ...დიმიტრი გურიელის სახლი მორთული იყო ძვირფასი ავეჯით, მოვარაყებული ჩარჩოიანი სარკეებით, სპარსული ხალიჩებით, თვალმომჭრელი აბრეშუმით. სახლში ნამდვილი აღმოსავლური ბრწყინვალება სუფევდა. საწოლ ოთახში მაგიდაზე იდო ნაპოლეონ მესამისა და ინგლისის დედოფალ ვიქტორიას სადილ-ვახშამზე მოსაწვევი ბარათები“
([2])

1873 წელს ოზურგეთში ააშენა სასახლე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Газ. «Кавказ», №213, 23 сентабря, 1884, ст. 3
  2. ქველი ჩხატარაიშვილი „გურია უცხოელის თვალით“ — 1986