შინაარსზე გადასვლა

დიმიტრიოს ეგენიტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრიოს ეგენიტისი
ბერძ. Δημήτριος Αιγινήτης
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1862
დაბ. ადგილი ათენი
გარდ. თარიღი 14 მარტი, 1934
გარდ. ადგილი ათენი
დასაფლავებულია First Cemetery of Athens
მოქალაქეობა საბერძნეთი
საქმიანობა ასტრონომი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი ათენის ობსერვატორია, ათენის უნივერსიტეტი, განათლების სამინისტრო
ალმა-მატერი ვარვაკიოსის სკოლა[1] და ათენის უნივერსიტეტი[1]
ხელმოწერა
სამეცნიერო სფერო ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა

დიმიტრიოს ეგენიტისი (ბერძ. Δημήτριος Αιγινήτης; დ. 10 ივლისი, 1862 – გ. 14 მარტი, 1934) — ბერძენი ასტრონომი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი, წიგნებისა და კვლევების ავტორი, პროფესორი, დეკანი და პოლიტიკოსი. ჩაანაცვლა დემეტრიოს კოკიდისი და გახდა ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეხუთე დირექტორი, თანამშრომელი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით (ობსერვატორიის ისტორიაში). მოღვაწეობდა 1800-1900-იან წლებში და გეორგიოს კონსტანტინოს ვურისთან და იოჰან ფრიდრიხ იულიუს შმიდტთან ერთად ითვლება თანამედროვე ბერძნული ასტრონომიის განვითარების ფუძემდებლად. ორჯერ ეკავა განათლების მინისტრის თანამდებობა. [2][3]

ეგინიტისი დაიბადა ათენში, სწავლობდა ათენის პრესტიჟულ ვარვაკიოსის სკოლაში, შემდეგ კი ათენის უნივერსიტეტში სწავლობდა მათემატიკას 1879 წლიდან 1886 წლამდე. მან მიიღო სტიპენდია ასტრონომიისა და მათემატიკის შესასწავლად სორბონაში 1886-1890 წლებში. საფრანგეთში ყოფნისას დაწერა თავისი, მსოფლიოში ცნობილი ნაშრომი „მზის სისტემის სტაბილურობის შესახებ“ და ასევე გამოაქვეყნა ათასზე მეტი ასტრონომიული დაკვირვების შედეგი. დიმიტრიოსი დაბრუნდა საბერძნეთში და აღადგინა ათენის ობსერვატორია და დაყო სამ განყოფილებად ასტრონომია, მეტეოროლოგია და გეოდინამიკა. გახდა ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, თანამდებობა ეკავა 1896 წლიდან 1934 წლამდე. მან შემოიღო აღმოსავლეთ ევროპის დროის ზონა საბერძნეთში და გრიგორიანული კალენდარი, რომლითაც შეცვალა იულიუსის კალენდარი, როგორც ქვეყნის სტანდარტი. მან დააარსა ათენის აკადემია და შეძლო თესალონიკის უნივერსიტეტის რეორგანიზება. [4][5][6]

დიმიტრიოსი IAU-ის მერიდიანებზე დაკვირვების კომიტეტის წევრი იყო, ისევე როგორც გერმანიის ასტრონომიული საზოგადოების (Astronomische Gesellschaft), ლონდონის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების, საფრანგეთის ასტრონომიული საზოგადოების (Société Astronomique de France), პორტუგალიის კოიბრას ინსტიტუტისა და საერთაშორისო მეტეოროლოგიური კომიტეტის (Comité Météorologique International) წევრი. ეგინიტისმა მიიღო უამრავი ჯილდო თავისი ცხოვრების განმავლობაში, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის მედალი.[7][8]

ეგენიტისი დაიბადა ათენში, საბერძნეთში. ძმაც ასტროფიზიკოსი იყო, სახელად ვასილიოს ეგინიტისი. დიმიტრიოსი დაქორწინდა ანთი ეფთიმიუზე; წყვილს შეეძინათ ერთი ქალიშვილი, სახელად აიგლი. დემეტრიოსმა დაამთავრა ათენის ცნობილი ვარვაკეოს სკოლა 1879 წელს. 17 წლის ასაკიდან სწავლობდა ათენის უნივერსიტეტში და დარჩა ამ ინსტიტუტში 1879-1886 წლებში. სწავლობდა მათემატიკას იმდროინდელი საბერძნეთის ყველაზე ბრწყინვალე გონებასთან, კერძოდ ჯონ ჰაზიდაკისთან, კიპარისოს სტეფანოსთან, ვასილიოს ლაკონთან და ნიკოლაოს ნიკოლაიდისთან. სტუდენტობისას გამოჩენილი წარმატებული მუშაობის გამო, ათენის უნივერსიტეტის პოსტ-დოქტორანტურის საბჭომ მას მიანიჭა სტიპენდია ასტრონომიისა და მათემატიკის შესასწავლად სორბონაში 1886-1890 წლებში. საბერძნეთი დატოვა 24 წლის ასაკში. [9]


დიმიტრიოსი თავდაპირველად მიიღეს ასტრონომად Parc Montsouris-ის მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. ასევე თანამშრომლობდა პარიზის ობსერვატორიასთან. ორი წლის განმავლობაში მოგზაურობდა საფრანგეთსა და ინგლისში, მუშაობდა სხვადასხვა ასტრონომიულ დაწესებულებებში, კერძოდ პარკ სენტ-მაურის მეტეოროლოგიურ ცენტრში, მეუდონის ობსერვატორიაში, ნიცას ობსერვატორიასა და ლოკიერის ასტრონომიულ ლაბორატორიაში ინგლისში. 1889 წლისთვის მას მიენიჭა პარიზის ობსერვატორიის თანამშრომელი ასტრონომის სტატუსი. ჩაატარა ვრცელი კვლევა ვარსკვლავური სპექტრის შესახებ ჟორჟ სალეტთან და ალფრედ კორნუსთან ერთად. [10]

ეგინიტისმა ჩაატარა ეკვატორული დაკვირვებები მერიდიანული მერიდიანული ტელესკოპის გამოყენებით, რომელიც მდებარეობს პარიზის ობსერვატორიის დასავლეთ გუმბათში. ასევე აწარმოებდა დაკვირვებებს ასტეროიდებას და ცვლად ვარსკვლავებზე. პარიზის ობსერვატორიაში ყოფნისას ეგენიტისმა შეისწავლა პლანეტარული ორბიტების ნახევრად მთავარი ღერძების სეკულარული ვარიაციები ერნესტ მუჩესის მეთვალყურეობის ქვეშ. 1889 წელს თავისი ნამუშევარი წარუდგინა პარიზის აკადემიას ერნესტ მუჩესთან ერთად. ნაშრომს ერქვა „მზის სისტემის სტაბილურობის შესახებ“. ეგინიტისი საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი თავისი ნამუშევრებით. [11][12]

ათენის ობსერვატორია დააფინანსა სიმონ სინასმა. იოჰან ფრიდრიხ იულიუს შმიდტი, მისი კვლევები და აღჭურვილობა დაფინანსებული იყო ფონდის მიერ. როდესაც შმიდტი და სინასი გარდაიცვალნენ, ობსერვატორიას აღარ ჰქონდა დაფინანსება. ბერძენი ასტრონომი დემეტრიოს კოკიდისი მცირე პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ობსერვატორიას ხელფასის გარეშე, რამაც მცირე წინსვლა მოუტანა ასტრონომიის სფეროს. კოკიდისი ძალიან დაკავებული იყო სწავლებით სამ სხვადასხვა დაწესებულებაში. საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა ეგინიტისისთვის ეთხოვა დანგრეული სტრუქტურის ხელში აღება და 1890 წელს მათ მიიღეს სპეციალური კანონი ქარილაოს ტრიკუპისის მთავრობის ქვეშ. ეგენიტისი იყო პასუხისმგებელი აღჭურვილობის განახლებასა და დაწესებულებაში კვლევის ახალი ეპოქის დაწყებაზე. დიმიტრიოსი ათენის ეროვნულ ობსერვატორიას ხელმძღვანელობდა 1890-1934 წლებში. ეს არის უძველესი კვლევითი დაწესებულება საბერძნეთში. 1895 წლისთვის ეგინიტისმა დააარსა სამი განყოფილება ათენის ეროვნულ ობსერვატორიაში: ასტრონომია, მეტეოროლოგია და გეოდინამიკა. [13][14]

ეგინიტისმა გააფართოვა მეტეოროლოგიური სადგურების ქსელი და შექმნა ათობით პროვინციული მეტეოროლოგიური სადგური. ასტრონომმა ასევე დააარსა სეისმოლოგიური სადგურები მიწისძვრების და სხვა გეოფიზიკური აქტივობის მონიტორინგისთვის. 1896 წლისთვის იგი გახდა ათენის უნივერსიტეტის მეტეოროლოგიისა და ასტრონომიის პროფესორი, თანამდებობა მას ეკავა 1934 წლამდე, დაახლოებით ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში. ასწავლიდა ასტრონომიას და გეოდეზიას ეველპიდონში. 1903-1904 წლებში მუშაობდა ფილოსოფიური სკოლის დეკანად. ლობირებდა სამეცნიერო განყოფილებების გამოყოფას ფილოსოფიური სკოლისგან. 1904 წელს დაარსდა ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და დიმიტრიოსი იყო ამ სკოლის დეკანი 1908-1909 წლებში. [15][16]

საბერძნეთის რკინიგზის ევროპული ქსელი და უნივერსალური დროის ზონა საჭირო იყო დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის. ეგინიტისმა დაარწმუნა საბერძნეთის მთავრობა, მიეღო აღმოსავლეთ ევროპის დროის ზონა 1916 წლის 28 ივლისს. სტანდარტი დღემდე გამოიყენება. ეგენიტისი 1917 წელს განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, იმავე წელს საბერძნეთის მეფეს გადადგომა მოუწია. ეგენიტისს დიდ პატივს სცემდა საბერძნეთის სამეფო ოჯახი. ეგინიტისი და ფოკიონ ნეგრისი დაეხმარნენ კონსტანტინე I-ს გადადგომის შესახებ სიტყვის დაწერაში. კონსტანტინეზე ზეწოლა პირველი მსოფლიო ომის გამო მოახდინეს და აიძულეს გადამდგარიყო. მისი ცოლი იყო ვილჰელმ II-ის და. კონსტანტინეს ვაჟი და ვილჰელმ II-ის ძმისშვილი ალექსანდრე ტახტზე აიყვანეს, რაც სამი წელი გაგრძელდა, სანამ მამამისი კიდევ ერთხელ ავიდოდა ტახტზე და ორი წელი მართავდა ქვეყანას. [17]

ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბერძნული ეკლესია მიჰყვებოდა იულიუსის კალენდარს და ეს იყო მისაღები კალენდარი თანამედროვე საბერძნეთში. სამწუხაროდ, დანარჩენი მსოფლიო მიჰყვებოდა გრიგორიანულ კალენდარს. ეგინიტი ლობირებდა ეკლესიასა და სახელმწიფოს, დაეცვათ საერთაშორისოდ აღიარებული ერთიანი კალენდარი. კალენდარი მიღებულ იქნა 1923 წელს, მაგრამ ეკლესია კვლავ აღნიშნავს დღესასწაულებს, მათ შორის აღდგომას, ტრადიციული იულიუსის კალენდრის შემდეგ.[18] სამი წლის შემდეგ, 1926 წელს, იგი მეორედ გახდა განათლების მინისტრი. დაეხმარა თესალონიკის უნივერსიტეტს ორგანიზების საკითხებში და ასევე დიმიტრიოსი იყო ათენის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი 1928 წელს, ვიცე-პრეზიდენტი და 1929 წელს ათენის აკადემიის მე-4 პრეზიდენტი. დაწესებულების გენერალურ მდივნად დარჩა 1933 წლამდე. ათენის აკადემია იყო ასტრონომის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი ბერძენი ხალხისთვის. [19]

ეგენიტისს მეცნიერის გასაოცარი კარიერა ჰქონდა. დაწერა უამრავი სტატია და წიგნი ასტრონომიის დარგში. გარდაიცვალა 1934 წლის 13 მარტს. ათენის მუნიციპალიტეტმა აჩუქა პატარა მავზოლეუმი ათენის პირველ სასაფლაოზე. დიმიტრიოსის სახელმწიფო პანაშვიდი გაიმართა წმინდა გიორგის კარიცის ეკლესიაში. საზოგადოებს სიტყვით მიმართა ათენის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დეკანმა, ქიმიის პროფესორმა კონსტანტინოს ზეღელისმა. პროფესორისთვის პატივის მისაგებად სპეციალური ცერემონია გამართეს სალონიკის უნივერსიტეტშიც. სხვადასხვა გამოცემები მეცნიერს გლოვობდნენ საერთაშორისო მასშტაბით. [20][21]

პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო, მაგრამ ისინი ასევე დამოუკიდებლად, საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ასტრონომები განიხილავდნენ მზის სისტემის სტაბილურობას. მზის სისტემა თითქოს თან ქაოტური, თანაც სტაბილური იყო. ასტრონომებმა, რომლებიც ასტრონომიული ტელესკოპების საშუალებით დაკვირვებებს აწარმოებდნენ, იუპიტერისა და სატურნის დათვალიერებისას შენიშნეს, რომ იუპიტერის ორბიტა მცირდება მაშინ, როცა სატურნის ორბიტა ფართოვდება. ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია, მოვლენის ახსნა შეძლეს პიერ-სიმონ ლაპლასმა, ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟმა და სიმეონ დენის პუასონმა, გამოიყენეს რთული მათემატიკური თეორემები. ლაპლასმა აღმოაჩინა საერთო ტენდენცია იუპიტერ-სატურნის სისტემაში. მზის გარშემო იუპიტერის ორბიტის ხუთი პერიოდი უდრის სატურნის ორბიტის ორ პერიოდს. ლაპლასმა დაასკვნა, რომ ნებისმიერი ორი პლანეტა და მზე უნდა იყვნენ ურთიერთ წონასწორობაში და ამით დაიწყო მისი მუშაობა მზის სისტემის სტაბილურობაზე. 1786 წელს დაამტკიცა, რომ პლანეტების ორბიტების ექსცენტრიულობა და მიდრეკილება ერთმანეთის მიმართ ყოველთვის რჩება მცირე, მუდმივი და თვითშესწორებადი. დიმიტრიოსმა ამ კვლევაზე დაყრდნობით გამოთვლები შეასრულა დედამიწის, იუპიტერისა და სატურნისთვის. [22][23][24]

სანამ დიმიტრიოსი საფრანგეთში იმყოფებოდა, ცდილობდა რთული ასტრონომიული პრობლემების გადაჭრას. პირველი პრობლემა იყო რწმენა, რომ ჩვენი სამყარო განადგურდება. მეცნიერმა დაასკვნა, რომ დედამიწა 20000 წლის განმავლობაში მიუახლოვდება მზეს და შემდეგ ორბიტის ნახევრად მთავარი ღერძი დაიწყებს ზრდას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ციკლი გაგრძელდება. შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვა იყო, მიუახლოვდება თუ არა დედამიწა მზეს, რაც მთელი სიცოცხლის განადგურებას გამოიწვევს. ეგენიტისი ვარაუდობდა, რომ მზემდე საშუალო მანძილის ცვალებადობა იმდენად მცირე იყო, რომ მას არ ექნებოდა გავლენა დედამიწაზე. საქმიანობიდან გამომდინარე მოიპოვა საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების პატივისცემა. ეგენიტისმა გამოაქვეყნა ათასამდე ასტრონომიული დაკვირვების შედეგი პარიზის ობსერვატორიიდან და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიდან. [14]

მეცნიერული დასკვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ორბიტების ძირითადი ღერძი ექვემდებარება მესამე რიგის სეკულარულ უთანასწორობებს პლანეტების მასებთან მიმართებაში.
  • ეს უთანასწორობები პერიოდულია. ვინაიდან ზედმეტად გრძელი პერიოდებია, სიმცირის გამო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გრძელდება.
  • დედამიწა და სატურნი, ამ უთანასწორობის შედეგად, ძალიან მცირე რაოდენობაჯერ უახლოვდებიან მზეს. [25]
  1. 1 2 3 https://web.archive.org/web/20091013053609/http://www.astronomia.org.gr/asthist/TOUR/people/eginitis.htm
  2. Stefanidis 1952, pp. 33–34.
  3. Staff Writers. (January 21, 2023) Acting Deans. National and Kapodistrian University of Athens. ციტირების თარიღი: January 21, 2023
  4. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 123–132.
  5. Triandafillos Sklavenitis. (January 21, 2023) Dimitrios G. Aiginitis. Institute for Neohellenic Research. ციტირების თარიღი: January 21, 2023
  6. Vangelis Stergiopoulos. (January 21, 2023) Dimitrios Aeginitis: The pioneer of science. The Good Life. ციტირების თარიღი: January 21, 2023
  7. Savaidou 2010, pp. 38, 41, 142, 272, 273, 278, 393.
  8. Staff Writers. (January 21, 2023) Eginitis, Demetrios (1862-1934). Digital repository of the Academy of Athens. ციტირების თარიღი: January 21, 2023
  9. Stefanidis 1952, pp. 33.
  10. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 123–124.
  11. Eginitis 1890, pp. 1.
  12. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 124–125.
  13. Savaidou 2010, pp. 38.
  14. 1 2 Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 125.
  15. Staff Writers. (January 21, 2023) National Observatory of Athens, Greece. Portal to the Heritage to Astronomy United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. ციტირების თარიღი: January 21, 2023.
  16. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 125–126.
  17. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 126.
  18. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 126–127.
  19. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 129.
  20. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 129–130.
  21. Staff Writers. (January 21, 2023) Dimitrios G. Aiginitis. Online Compendium of Greek and German. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 21, 2023. ციტირების თარიღი: January 21, 2023.
  22. Theodossiou, Manimanis & Mantarakis 2007, pp. 124.
  23. Eginitis 1890, pp. 1–16.
  24. Moulton 1914, pp. 432.
  25. Eginitis 1890, pp. 16.