დილა (ჟურნალი)
დილა | |
---|---|
ენა | ქართული |
მთავარი რედაქტორი | დოდო წივწივაძე |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | გამომცემლობა დილა |
ქვეყანა | საქართველო |
რედაქციის მისამართი | თბილისი, 0179, ზანდუკელის ქ. 1 |
პუბლიკაციის ისტორია | გამოცემაშია 1904 წლიდან |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ISSN | 0132-5965 |
„დილა“ — ქართული ყოველთვიური საბავშვო ჟურნალი. 2013 წელს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი (#03/207 13.11.13).[1]
ჟურნალის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟურნალი „დილა“ 1904 წელს დაარსდა, დიდი მოღვაწისა და მწერალი ქალბატონის მარიამ დემურიას თაოსნობით. თვეების განმავლობაში ქობულაშვილების სახლში იკრიბებოდნენ მაშინდელი ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, კრებებს უმეტესად აკაკი წერეთელი უძღვებოდა, ნინო ქობულაშვილმა იკისრა ამ ჟურნალის გამოცემა და რედაქტორად მარიამ დემურია დაინიშნა. ჟურნალს კრების გადაწყვეტილებით „ნაკადული“ ეწოდა. აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი — ადამიანები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს ჟურნალის გამოცემას. მეორე რედაქტორი ნინო ნაკაშიძე გახდა. მან 1910 წლიდან 1920 წლამდე უხელმძღვანელა ჟურნალს 1920 წლამდე, 1928 წლამდე კი მისი სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი იყო.[2]
1928 წლიდან ჟურნალს სახელი შეეცვალა და „ოქტომბრელი“ დაერქვა. მეორე მსოფლიო ომის წლებში ჟურნალის გამოცემა შეწყდა. განახლდა 1945 წლის თებერვალში, როგორც საქართველოს ალკკ ცკ-ისა და ვ. ი. ლენინის სახელობის ნორჩ პიონერთა ორგანიზაციის რესპუბლიკური საბჭოს ორგანო. 1947 წლის სექტემბრიდან ჟურნალის რედაქტორის, ქართველი პოეტისა და მოღვაწის, რევაზ მარგიანის ინიციატივით ჟურნალს ეწოდა „დილა“.
2007 წელს საბავშვო ჟურნალ „დილის“ ბაზაზე საბავშვო გამომცემლობა „დილა“ დაარსდა, რომლის ბაზაზეც ჟურნალის გარდა ხდება ორიგინალური ქართული საყმაწვილო ენციკლოპედიის, ლიტერატურულ-შემეცნებით წიგნებისა და თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერალთა კრებულების გამოცემა.[3]
სხვადასხვა დროს ჟურნალთან თანამშრომლობდნენ მწერლები: შიო მღვიმელი, ნინო ნაკაშიძე, ცქვიტი, მარიჯანი, გიორგი ქუჩიშვილი, იოსებ იმედაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, პაოლო იაშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, მურმან ლებანიძე, გიორგი ნატროშვილი, ილია სიხარულიძე, რევაზ ჯაფარიძე; მხატვრები: ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი, სევერიან მაისაშვილი, სევერიან კეცხოველი, გოგი თოთიბაძე, რევაზ ცუცქირიძე, იოსებ გაბაშვილი, რობერტ სტურუა, შალვა ცხადაძე, ჯემალ (მამია) ლოლუა, თენგიზ სამსონაძე, ედუარდ ამბოკაძე, ზურაბ ფორჩხიძე, გიორგი (გოგი) როინიშვილი; კომპოზიტორები: თამარ შავერზაშვილი, მერი დავითაშვილი, ქ. ანდრონიკაშვილი, რევაზ ლაღიძე, ლილი შავერზაშვილი და სხვა. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ: ალიო მირცხულავა, ირაკლი აბაშიძე, გიორგი კაჭახიძე, ლავრენტი ჭიჭინაძე, რევაზ მარგიანი, იოსებ ნონეშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მუხრან მაჭავარიანი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 551.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.