შინაარსზე გადასვლა

დიერდ ლიგეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიერდ ლიგეტი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1923(1923-05-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი Târnăveni[9]
გარდ. თარიღი 12 ივნისი, 2006(2006-06-12)[1] [2] [3] [4] [6] [9] [11] [12] (83 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[1] [9]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო[13]
საიტი gyoergy-ligeti.de
დიერდ ლიგეტი ვიკისაწყობში

დიერდ შანდორ ლიგეტი (უნგრ. Ligeti György Sándor [ˈliɡɛti ˈɟørɟ ˈʃaːndor]; დ. 28 მაისი, 1923 — გ. 12 ივნისი, 2006) — თანამედროვე კლასიკური მუსიკის უნგრელ-ავსტრიელი კომპოზიტორი. მოხსენიებულია, როგორც „XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ავანგარდისტი კომპოზიტორი“ და „ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინოვატორი თავისი დროის პროგრესულ ფიგურებს შორის“.[14]

დაიბადა ტრანსილვანიაში, რუმინეთში და ცხოვრობდა კომუნისტურ უნგრეთში 1956 წლამდე, ხოლო შემდგომ ავსტრიაში გადასახლდა. 1968 წელს მიიღო ავსტრიის მოქალაქეობა. 1973 წელს გახდა კომპოზიციის პროფესორი ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში (გერმ. Hochschule für Musik und Theater Hamburg), სადაც 1989 წლამდე მუშაობდა. გარდაიცვალა 2006 წელს, ვენაში.

უნგრეთის კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების გამო, ლიგეტიმ მუსიკალური ავანგარდის მიმართ თავისი მისწრაფების განხორციელება და ახალი კომპოზიციური ხერხების განვითარება მხოლოდ 1956 წლიდან, ავსტრიაში ემიგრაციის შემდეგ შეძლო. კელნში ელექტრონულ მუსიკაში ექსპერიმენტული მუშაობის შემდეგ, დიდი წარმატება მოუტანა ისეთმა საორკესტრო ნაწარმოებებმა, როგორიცაა, ატმოსფეროები, რომელშიც გამოყენებულ ტექნიკას, მოგვიანებით, „მიკროპოლიფონია“ უწოდა. თავისი „ანტი-ანტი-ოპერის“ – დიდი მაკაბრის (ფრანგ. Le Grand Macabre) დაწერის შემდეგ, თანდათან დაშორდა ქრომატიზმს. ბოლო ნაწარმოებებში აქტიურად იყენებდა პოლირიტმიას.

მისი მუსიკა ფართო საზოგადოებისთვის, ძირითადად, ფილმებიდანაა ცნობილი. მას არასოდეს დაუწერია ფილმის საუნდტრეკი, თუმცა მისი მუსიკა არაერთ ფილმში გამოიყენეს. მათ შორის, ყველაზე ცნობილია სტენლი კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეა.

ლიგეტი დაიბადა 1923 წელს, დიჩესენტმარტონში (რომელსაც 1941 წელს ტარნავენი დაერქვა), ტრანსილვანიის რუმინულ რეგიონში, დოქტორ შანდორ ლიგეტის და დოქტორ ილონა შომოგის ოჯახში. ისინი უნგრელი ებრაელები იყვნენ. იყო მევიოლინე ლეოპოლდ აუერის და უნგრელი ფილოსოფოსის, აგნეშ ჰელერის ნათესავი.

ლიგეტი იხსენებდა, რომ უნგრულის გარდა სხვა ენა პირველად რუმინელი პოლიციელების საუბრისას მოისმინა, მანამდე კი არ იცოდა, სხვა ენებიც თუ არსებობდა.[15] ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად კლუჟში გადავიდა და მშობლიურ ქალაქში 1990-იან წლებამდე აღარ დაბრუნებულა. 1940 წელს, ვენის მეორე არბიტრაჟის შემდეგ, უნგრეთმა ჩრდილოეთ ტრანსილვანიის ანექსია მოახდინა და კლუჟი უნგრეთის შემადგენლობაში შევიდა.

1941 წელს ლიგეტიმ საწყისი მუსიკალური განათლება მიიღო კლუჟის კონსერვატორიაში,[16] ზაფხულობით კი პალ კადოშასთან, ბუდაპეშტში, კერძო გაკვეთილებს იღებდა. 1944 წელს, როცა ის ჰორტის რეჟიმმა ჰოლოკოსტის მოვლენების დროს შრომით ბრიგადაში გაამწესა, ლიგეტის განათლება შეწყდა.[17] მისი 16 წლის ძმა მაუთჰაუზენ-გუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, ხოლო მშობლები – აუშვიცში. ლიგეტის ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ დედა გადარჩა.[18]

II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლიგეტი სწავლას დაუბრუნდა და 1949 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის ფრანც ლისტის მუსიკის აკადემია. მისი მასწავლებლები იყვნენ პალ კადოშა, ფერენც ფარკაში, ზოლტან კოდაი და შანდორ ვერეში. ჩაატარა ტრანსილვანიის უნგრული ფოკლორის ეთნომუსიკოლოგიური კვლევა. ერთი წლის შემდეგ კი დაბრუნდა მუსიკის აკადემიაში, ამჯერად, როგორც ჰარმონიის, კონტრაპუნქტის და მუსიკალური ანალიზის პედაგოგი. ამ თანამდებობის მოპოვებაში კოდაი დაეხმარა და მას 1950-დან 1956 წლამდე იკავებდა.[16] როგორც ახალგაზრდა მასწავლებელმა, ლიგეტიმ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა იმით, რომ რეგულარულად ესწრებოდა უფროსი კოლეგის, დირიჟორის და მუსიკოლოგის, ლაიოშ ბარდოშის ლექციებს. ბარდოში კონსერვატორი ქრისტიანი იყო და მისი წრე ლიგეტისთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა. 1954 და 1956 წლებში გამოცემულ ჰარმონიის სახელმძღვანელოების წინასიტყვაობებში ლიგეტიმ ბარდოში მისი დახმარებისა და რჩევისთვის მოიხსენია კიდეც.[19] კომუნისტური რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო უნგრეთსა და დასავლეთს შორის კომუნიკაცია გაძნელებული იყო, რის გამოც ლიგეტი და სხვა ხელოვანები აღმოსავლეთის ბლოკის გარეთ მიმდინარე სახელოვნებო პროცესებისგან მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ.

უნგრეთის დატოვების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წლის დეკემბერში, საბჭოთა ჯარის მიერ უნგრეთის რევოლუციის ძალადობრივი ჩახშობის შემდეგ, ლიგეტი ყოფილ ცოლთან, ვერა შპიცთან ერთად ვენაში გაიქცა. 1957 წელს ისინი ხელახლა დაქორწინდნენ და ვაჟიც ეყოლათ.[20][21] ლიგეტი უნგრეთში მომდევნო 14 წლის განმავლობაში აღარ ჩასულა, ვიდრე ბუდაპეშტში ერთ-ერთი კონკურსის ჟიურიში არ მიიწვიეს.[22] ვენაში საჩქაროდ გაქცევის შედეგად ბუდაპეშტში დატოვა თავისი უნგრული ნაწარმოებების უმეტესობა, რომელთა ნაწილიც ახლა დაკარგულია. წაიღო მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნია. მოგვიანებით თქვა: „ჩემი ძველი მუსიკა საინტერესოდ არ მიმაჩნდა. მჯეროდა თორმეტტონიანი მუსიკის!“[23] 1968 წელს ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო.[24]

კარლჰაინც შტოკჰაუზენი კითხულობს ლექციას ახალი მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში. დარმშტადტი, 1957 წლის ივლისი.

ვენაში ჩასვლიდან რამდენიმე კვირაში ლიგეტი კელნში გაემგზავრა. იქ შეხვდა რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას ავანგარდულ მუსიკაში და შეისწავლა თანამედროვე მუსიკის სტილები და მეთოდები.[25] მათ შორის იყვნენ კომპოზიტორები, კარლჰაინც შტოკჰაუზენი და გოტფრიდ მიხაელ კენიგი, რომლებიც ელქტრონულ მუსიკაში მუშაობდნენ. დაესწრო ახალი მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას დარმშტადტში. მუშაობდა კელნის ელექტრონული მუსიკის სტუდიაში შტოკჰაუზენთან და კენიგთან ერთად და იქ მოსმენილმა ხმებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიუხედავად ამისა, თავად ელექტრონულ მუსიკას იშვიათად წერდა და უფრო საორკესტრო მუსიკაზე იყო კონცენტრირებული, რომელიც ხშირად შეიცავს ელექტრონულის მსგავსი ხმოვანების მქონე ტექსტურებს.

კელნის სკოლას ლიგეტი სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჩამოშორდა, რაც შემდეგნაირად ახსნა: „ადგილი ჰქონდა ბევრ პოლიტიკურ უთანხმოებას, რადგან სხვადასხვა ადამიანებს, მაგალითად, შტოკჰაუზენს, კაგელს – პირველობა უნდოდათ. პირადად მე, არანაირი ამბიცია არ მაქვს, პირველი ან მნიშვნელოვანი ვიყო.“[26]

1961-1971 წლებში სტოკჰოლმში კომპოზიციის მიწვეული პროფესორი იყო. 1972 წელს აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის რეზიდენტი კომპოზიტორი გახდა.[27]

1973 წელს გახდა ჰამბურგის მუსიკის და თეატრის უმაღლესი სკოლის კომპოზიციის პროფესორი. ეს პოსტი 1989 წელს დატოვა. ლიგეტის ჰამბურგში ცხოვრებისას, მისი მეუღლე, ვერა, ვენაში დარჩა მათ ვაჟთან, ლუკაშთან ერთად, რომელიც, მოგვიანებით, თავადაც კომპოზიტორი გახდა.[28]

ვალტერ ფინკის მიწვევით, ლიგეტი გახდა პირველი კომპოზიტორი, რომელიც რაინგაუს მუსიკის ფესტივალზე ცოცხალი კომპოზიტორების პორტრეტების (გერმ. Komponistenporträt) კატეგორიაში მიიწვიეს, 1990 წელს.[29]

გარდა ფართო მუსიკალური ინტერესებისა, რომელიც მოიცავდა სტილებს რენესანსიდან აფრიკულ მუსიკამდე, დაინტერესებული იყო ლიტერატურითაც (მათ შორის, ლუის კეროლის, ხორხე ლუის ბორხესის და ფრანც კაფკას ნაწარმოებებით), ფერწერით, არქიტეტურით, მეცნიერებით და მათემატიკით. განსაკუთრებით იტაცებდა ბენუა მანდელბროს ფრაქტალური გეომეტრია და დუგლას ჰოფშტადტერის ნაწერები.[30]

ლიგეტის საფლავი ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე

2000 წლის შემდეგ ლიგეტის ჯანმრთელობა გაუარესდა. იგი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ვენაში, 2006 წლის 12 ივნისს.[31] ცნობილი იყო, რომ კომპოზიტორი რამდენიმე წელი ავადმყოფობდა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ეტლით გადაადგილდებოდა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზების გამჟღავნებაზე მისმა ოჯახმა უარი განაცხადა.[32]

ლიგეტის პატივი მიაგეს ავსტრიის კანცლერმა, ვოლფგანგ შიუსელმა და ხელოვნების მინისტრმა, ფრანც მორაკმა. დაკრძალვის ცერემონია ვენის სასაფლაოს კრემატორიუმში განხორციელდა და მას ავსტრიის და უნგრეთის კულტურის მინისტრები ესწრებოდნენ.[33]

ლიგეტის დარჩა მეუღლე და ვაჟი, ლუკაში, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს.[31]

კომპოზიციები უნგრეთში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგეტის ბევრი ადრეული ნაწარმოები გუნდისთვის იყო დაწერილი და ხალხური სიმღერების არანჟირებებსაც მოიცავდა. ამ პერიოდიდან ყველაზე მასშტაბურია ბუდაპეშტის აკადემიის სადიპლომო ნამუშევარი კანტატა ახალგაზრდობის ფესტივალისთვის, ოთხი ვოკალური სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისთვის. ამ პერიოდის ნაწარმოებებიდან დღეს რეპერტუარშია სონატა სოლო ჩელოსთვის, რომელიც 1948 და 1953 წლებში დაწერილი ორი კონტრასტული ნაწილისგან შედგება. საბჭოეთის კოპოზიტორთა კავშირმა ის თავდაპირველად აკრძალა და 25 წლის მანძილზე არ შესრულებულა.[34]

ლიგეტის ადრეული ნაწარმოებები ხშირად ბელა ბარტოკის მუსიკალური ენის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი საფორტეპიანო ციკლი Musica ricercata (1953), რომელიც, მისივე თქმით, „დეკარტისეული“ მიდგომით დაწერა და მასზე მუშაობისას ყოველგვარი მუსიკა, რომელიც იცოდა და უყვარდა, არარელევანტურად მიიჩნია,[35] ხშირად განიხილება, როგორც ბარტოკის მიკროკოსმოსის მონათესავე.[36] ლიგეტის კომპლექტი თერთმეტ პიესას შეიცავს. იგი დაფუძნებულია მარტივ შეზღუდვაზე: პირველი ნაწარმოები მთლიანად შედგება ბგერა ლასგან, რომელიც სხვადასხვა ოქტავაში ისმის და მხოლოდ დასასრულს შემოდის მეორე ბგერა – რე. მეორე პიესა შეიცავს სამ ბგერას (მი, ფა და სოლ), მესამე იყენებს ოთხ ბგერას და ასე შემდეგ, ისე, რომ ბოლო პიესაში ქრომატიული გამის თორმეტივე ნოტია გამოყენებული.

მისი დაწერიდან ცოტა ხნის შემდეგ, Musica ricercata-ს ექვსი პიესის არანჟირება ლიგეტიმ ჩასაბერი კვინტეტისთვის მოამზადა, სახელწოდებით, ექვსი ბაგატელა ჩასაბერი კვინტეტისთვის. ბაგატელები პირველად 1956 წელს შესრულდა, თუმცა სრულად არა, რადგანაც ბოლო ნაწილი საბჭოთა ცენზურამ „ზედმეტად სახიფათოდ“ მიიჩნია და აკრძალა.[37]

სწორედ საბჭოთა ცენზურის გამო, ლიგეტის ყველაზე გაბედული ნაწარმოებები ამ პერიოდიდან, როგორიცაა Musica ricercata და სიმებიანი კვარტეტი №1 (ღამეული მეტამორფოზები, 1953–1954), „ქვედა უჯრაში“ შესანახად იწერებოდა. აღნიშნული ერთმოქმედებიანი კვარტეტი, რომელიც მოტივურად დაკავშირებული ჩვიდმეტი ნაწილისგან შედგება,[38] პირველი ნაწარმოებია, რომელშიც ლიგეტის ინდივიდუალური სტილი აშკარად ჩანს. იგი 1958 წლამდე, კომპოზიტორის ვენაში გადასახლებამდე, არ შესრულებულა.[39]

1956 წლიდან Le Grand Macabre-ამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელნში ჩასვლის შემდეგ, დასავლეთ გერმანიის რადიოს (გერმ. Westdeutscher Rundfunk) ელექტრონულ სტუდიაში, კარლჰაინც შტოკჰაუზენთან და გოტფრიდ მიხაელ კენიგთან ერთად ელექტრონული მუსიკის წერა დაიწყო, თუმცა, ამ ჟანრში მხოლოდ ორი ნაწარმოები შექმნა: Glissandi (1957) და Artikulation (1958), ხოლო შემდეგ ინსტრუმენტულ მუსიკას დაუბრუნდა. დაგეგმილი იყო მესამე ნაწარმოებიც, თავდაპირველი სახელით ატმოსფეროები (Atmosphères), რომელსაც შემდგომ ელექტრონული პიესა №3 (Pièce électronique Nr. 3) ეწოდა, თუმცა იმდროინდელი ტექნიკის შეზღუდულმა შესაძლებლობებმა ლიგეტის მისი სრულად განხორციელების საშუალება არ მისცა. მისი რეალიზება, საბოლოოდ, 1996 წელს, ჰოლანდიელი კომპოზიტორების კეს ტაზელარის და იოჰან ვან კრეის მიერ მოხდა სონოლოგიის ინსტიტუტში.[40]

ლიგეტის მუსიკა ამ ელექტრონული ექსპერიმენტების გავლენას ამჟღავნებს და მის მიერ შექმნილი ბევრი ჟღერადობა ტექსტურულად ელექტრონულ მუსიკას წააგავს. ლიგეტიმ მოიგონა ტერმინი „მიკროპოლიფონია“, რომლითაც აღწერა მოჩვენებების (Apparitions) (1958–59) მეორე ნაწილის და ატმოსფეროების (Atmosphères) (1961) მუსიკალური ტექსტურა. იგი პოლიფონიის მსგავსია, თუმცა ეს პოლიფონია დამალულია მდიდარ, კომპლექსურ და მკვრივ ტექსტურაში.[41] მიკროპოლიფონიის გამოყენებით იქმნება თითქმის სტატიური, ნელა განვითარებადი ნაწარმოებები, როგორიცაა ატმოსფეროები, სადაც ინდივიდუალური ინსტრუმენტები რთულ ხმოვან ქსელშია ჩაკარგული. ლიგეტის თქმით, მოჩვენებების და ატმოსფეროების შემდეგ, ის „ცნობილი გახდა“.[42]

ნაწარმოებში Volumina (1961–62, რევიზია 1966) სოლო ორღანისთვის, ლიგეტიმ განაგრძო ბგერითი კლასტერების და ბლოკების გამოყენება. ამ ნაწარმოებში უარი თქვა ტრადიციულ სანოტო აღნიშვნებზე და სანაცვლოდ, გამოიყენა დიაგრამები ზოგადი ბგერითი რეგიონების, გრძლიობების და ბგერათა ერთობლიობის აღსანიშნავად.[43]

თავგადასავლები (Aventures) (1962), ისევე, როგორც მისი თანმხლები ახალი თავგადასავლები (Nouvelles Aventures) (1962–65), არის კომპოზიცია სამი მომღერლის და ინსტრუმენტული სეპტეტისთვის ლიგეტის მიერვე მოგონილ ტექსტზე, რომელსაც სემანტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ პიესებში თითოეულ მომღერალს ხუთი როლი აქვს შესასრულებელი, რომელიც ხუთ ემოციურ მდგომარეობას მოიცავს და მათ შორის გადასვლები ისე სწრაფად ხდება, რომ ხუთივე ემოცია ერთი პიესის ფარგლებში თანაარსებობს.[44]

ლიგეტის რეკვიემი (1963–65) არის ნაწარმოები სოლო სოპრანოს, სოლო მეცო-სოპრანოს, ოცი მომღერლისგან შემდგარი გუნდის (ოთხ-ოთხი სოპრანო, მეცო, ალტო, ტენორი, ბანი) და ორკესტრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი იმ დრომდე დაწერილ მის ყველაზე ხანგრძლივ ნაწარმოებს წარმოადგენს,[45] მასში რეკვიემის ტრადიციული ტექსტის მხოლოდ ნაწილია გამოყენებული: „Introitus“, „Kyrie“ (სრულიად ქრომატიული კვაზი-ფუგა, რომლის ნაწილებიც მელიზმატიკური მიკროპოლიფონიის მონტაჟს წარმოადგენს) და „Dies irae“, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი: „De die judicii“ და „Lacrimosa“.

Lux Aeterna (1966) არის a cappella ნაწარმოები 16 ხმისთვის, რომლის ტექსტიც ასევე ლათინურ რეკვიემს უკავშირდება.

ლიგეტის ჩელოს კონცერტი (1966), რომელიც ზიგფრიდ პალმს მიეძღვნა, ორი მოქმედებისგან შედგება: პირველი იწყება თითქმის შეუმჩნეველი ჩელოთი, რომელიც ნელა გადადის საორკესტრო ბგერით კლასტერებში, აღწევს კულმინაციას და შემდეგ კვლავ ნელა უბრუნდება საწყის სიჩუმეს, ხოლო მეორე ნაწილი წარმოადგენს ვირტუოზულ პიესას ჩელოს პარტიაში არსებული დინამიური, ატონალური მელოდიით.[46]

Lontano (1967), სიმფონიური ორკესტრისთვის მიკროპოლიფონიის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს, თუმცა მისი ზოგადი ეფექტი ჰარმონიასთან უფრო ახლოა, კომპლექსური ტექსტურით და ბუნდოვანი ხმოვანებით. იგი სტანდარტული რეპერტუარის ნაწილად იქცა.[47]

სიმებიანი კვარტეტი №2 (1968) ხუთი ძლიერ განსხვავებული მოქმედებისგან შედგება. პირველის სტრუქტურა, თავგადასავლების მსგავსად საკმაოდ დანაწევრებულია. მეორეში ყველაფერი ძალიან ნელ მოძრაობამდეა დასული, მუსიკა შორი მანძილიდან მომდინარე შთაბეჭდილებას ტოვებს და ძლიერ ლირიულია. მესამე, („პიძიკატო“), მოქმედება ძლიერ მექანიკურია. მეოთხეში, სწრაფი ტემპით და საშიში ხასიათით, თავმოყრილია ყველაფერი, რაც წინა მოქმედებებში მოხდა, ბოლო კი მასთან ძლიერ კონტრასტულია და საკმაოდ გავრცობილი. ყველა მოქმედება შეიცავს ერთსა და იმავე საბაზისო კონფიგურაციას, თუმცა მათი შეფერილობა და ხედვის კუთხე იმდენად განსხვავებულია, რომ მთლიანი ფორმის აღქმა მხოლოდ ყველა მოქმედების ერთად მოსმენით და კონტექსტში გააზრებითაა შესაძლებელი.[48]

Ramifications (1968–69), რომელიც კამერულ კონცერტამდე ერთი წლით ადრე დაიწერა, განსაზღვრულია სიმებიანი ანსამბლისთვის, რომელიც თორმეტი პარტიისგან შედგება – 7 ვიოლინო, 2 ალტი, 2 ჩელო და 1 კონტრაბასი. თითოეულ პარტიას შეიძლება ერთი ან რამდენიმე შემსრულებელი უკრავდეს. ეს თორმეტი პარტია ორ ჯგუფადაა გაყოფილი, რომლებშიც ერთნაირი რაოდენობის ინსტრუმენტები შედის, თუმცა, პირველი ჯგუფი (ოთხი ვიოლინო, ალტი და ჩელო) მომართულია დაახლოებით მეოთხედი ტონით მაღლა.[49]

კამერულ კონცერტში (1969–70) რამდენიმე შრე, პროცესი და მოძრაობა ერთდროულად ხდება. ხშირია აღნიშვნა „senza tempo“ („ტემპის გარეშე“), თუმცა შემსრულებლებს სრული თავისუფლება არ აქვთ. ლიგეტის მოთხოვნაა, რომ ტექსტურა ნებისმიერ მომენტში მკაცრად კონტროლდებოდეს. ფორმა მუშაობს „ზუსტი მექანიზმის“ მსგავსად. ლიგეტი ყოველთვის აღტაცებული იყო მექანიზმებით, რომლებიც გამართულად არ მუშაობენ და ზოგადად, ტექნოლოგიის და ავტომატიზაციის სამყაროთი. მის ნაწარმოებებში გვხვდება პერიოდული მექანიკური ხმაურები, რაც ალუზიაა გაუმართავ მექანიზმზე. ინსტრუმენტული შემადგენლობა მოიცავს ფლეიტას (უკრავს პიკოლოსაც), ჰობოის (oboe d'amore და ინგლისური ქარახსა), კლარნეტი, ბანის კლარნეტი (მეორე კლარნეტი), ვალტორნა, ტრომბონი, კლავესინი (ჰემონდის ორღანი), ფორტეპიანო (ჩელესტა) და სოლო სიმებიანი კვარტეტი.[50]

ამ კომპოზიციების უმეტესობაში უპირველეს ფორმალურ პარამეტრს წარმოადგენს ტემბრი და არა ტრადიციულად მიღებული ბგერის სიმაღლე და რიტმი. აღნიშნულ პრაქტიკას სონორიზმი ეწოდება.[51]

1970-იანი წლებიდან ლიგეტი სონორიზმს ნაწილობრივ ჩამოშორდა და რიტმზე კონცენტრირდა. Continuum (1968) და საათები და ღრუბლები (1972–73) მანამდე დაწერა, ვიდრე სტივ რაიხის და ტერი რაილის მუსიკას მოისმენდა, თუმცა, მეორე მისი სამი პიესიდან ორი ფორტეპიანოსთვის (1976), სახელად „ავტოპორტრეტი რაიხთან და რაილისთან ერთად (და შოპენთან, უკანა პლანზე)“, მათ გავლენას ადასტურებს. 1970-იან წლებშივე დაინტერესდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ბანდას ტომის პოლიფონიური სასულე მუსიკით, რომლის ჩანაწერიც ერთ-ერთმა სტუდენტმა მოასმენინა.[52]

1977 წელს, შეკვეთიდან 13 წლის შემდეგ დაასრულა თავისი ერთადერთი ოპერა Le Grand Macabre. ნაწარმოები, რომელიც ზედაპირულად ეფუძნება მიშელ დე გელდერონის 1934 წლის პიესას La balade du grand macabre, აბსურდის თეატრის ნიმუშია, რომელსაც კომპოზიტორი „ანტი-ანტი-ოპერას“ უწოდებდა. მასში, პერსონიფიცირებული სიკვდილი (Nekrotzar) ჩადის ფიქციურ ქალაქ ბრეგელანში და აცხადებს, რომ მსოფლიოს აღსასრული შუაღამისას დადგება. მუსიკალურად Le Grand Macabre იყენებს ხერხებს, რომლებიც ლიგეტის ადრინდელ ნაწარმოებებთან არ ასოცირდება, მათ შორის, სხვა ნამუშევრების ციტირებას ან ფსევდო-ციტირებას და კონსონანტურ ტერციებს და სექსტებს.

Le Grand Macabre-ის შემდეგ ლიგეტიმ პასტიშის გამოყენებას თავი დაანება. მის მუსიკაში იმატა კონსონანტურმა ჰარმონიამ, მათ შორის, მაჟორულმა და მინორულმა სამხმოვანებებმა, თუმცა, არა დიატონურ კონტექსტში.[53]

მარცხნიდან მარჯვნივ: დიერდ ლიგეტი, ლუკაშ ლიგეტი, ვერა ლიგეტი, კონლონ ნენკეროუ და მაიკლ დოერტი თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო საზოგადოების (ISCM) მსოფლიო მუსიკის დღეებზე. გრაცი, ავსტრია, 1982

დიდი მაკაბრის შემდეგ ლიგეტის ახალი სტილის მოძებნა გაუჭირდა. თუ არ ჩავთვლით ორ მოკლე პიესას კლავესინისთვის, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მას არაფერი დაუწერია, 1982 წელს კი დაწერა ტრიო ვიოლინოს, ვალტორნის და ფორტეპიანოსთვის. ლიგეტის მუსიკა 1980-იანი და 1990-იანი წლებიდან კვლავ აქტიურად იყენებს კომპლექსურ, მექანიკურ რიტმებს ნაკლებად ქრომატიულ გარემოში, უპირატესობას ანიჭებს დიატონური კონტექსტიდან ამოვარდნილ მაჟორულ და მინორულ სამხმოვანებებს და პოლიმოდალურ სტრუქტურებს. ამ პერიოდშივე დაიწყო ინსტრუმენტების ალტერნატიული წყობის სისტემების გამოყენება, როგორიცა, ბუნებრივი ფლაჟოლეტები ვალტორნაზე (როგორც ტრიოში ან საფორტეპიანო კონცერტში) და სკორდატურა სიმებიან ინსტრუმენტებზე (როგორც სავიოლინე კონცერტში). გარდა ამისა, ამ პერიოდში მისი ნაწარმოებების უმეტესობა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, განსხვავებით ისეთი ერთნაწილიანი ნაწარმოებებისგან, როგორიცაა ატმოსფეროები (Atmosphères) და სან-ფრანცისკოს პოლიფონია.

1985-2001 წლებში დაასრულა ეტუდების სამი წიგნი (წიგნი I, 1985; წიგნი II, 1988–94; წიგნი III, 1995–2001). ისინი თვრამეტი კომპოზიციისგან შედგება და განსხვავებული წყაროებითაა შთაგონებული, მათ შორისაა გამელანი,[54][55][56] აფრიკული პოლირიტმია, ბელა ბარტოკი, კონლონ ნენკეროუ, თეოლონიუს მონკი[57][58] და ბილ ევანზი. წიგნი I დაიწერა, როგორც მზადება საფორტეპიანო კონცერტისთვის, რომელიც არაერთ მსგავს მოტივურ და მელოდიურ ელემენტს შეიცავს. ლიგეტის მუსიკა მისი ცხოვრების ბოლო ორი ათწლეულიდან გამოირჩევა რიტმული კომპლექსურობით. საფორტეპიანო ეტიუდების პირველი წიგნის შესახებ წერისას კომპოზიტორი აღნიშნავს, რომ ეს კომპლექსურობა ორი სრულიად განსხვავებული წყაროდან იღებს ინსპირაციას, ესენია რომანტიკული პერიოდის საფორტეპიანო მუსიკა (შოპენი, შუმანი) და სუბსაჰარული აფრიკის მუსიკა.[59]

ადრეულ და გვიანდელ ნაწარმოებებს შორის განსხვავება მუსიკალური პულსის ახლებულ გააზრებაში მდგომარეობს. ადრეულ ნამუშევრებში პულსი იყოფა ორ, სამ და ა.შ. რაოდენობის ნაწილებად. ამ განსხვავებული დაყოფების და ქვედაყოფების ეფექტი, განსაკუთრებით მათი ერთდროული გაჟღერებისას, ხმოვან ლანდშაფტს ბუნდოვანს ხდის და მისი შედეგია ლიგეტის მუსიკის მიკროპოლიფონიური ეფექტი.[60]

მეორე მხრივ, გვიანდელ მუსიკაში, ასევე, რამდენიმე ადრინდელშიც, როგორიცაა Continuum, იგი იყენებს პულსს, როგორც მუსიკალურ ატომს, რომელიც უფრო მეტად აღარ დაიყოფა. განსხვავებული რიტმები ჩნდება არა მისი გაყოფის, არამედ, გამრავლების შედეგად – პრინციპი, რომელიც ლიგეტიმ აფრიკული მუსიკიდან შეითვისა. იგი გვხვდება ფილიპ გლასის, სტივ რაიხის და სხვათა მუსიკაში, ასევე, ბევრი აქვს საერთო ბალკანური ხალხური მუსიკის ადიტიურ რიტმებთან, რომელიც ლიგეტის ახალგაზრდობის მუსიკა იყო.[61] კონლონ ნენკეროუს მუსიკა, თავისი უაღრესად რთული პოლირიტმიით, მან დაახასიათა, როგორც „უდიდესი აღმოჩენა ანტონ ვებერნის და ჩარლზ აივზის შემდეგ... დიდებული და მნიშვნელოვანი მთელი მუსიკალური ისტორიისთვის! მისი მუსიკა ისეთი უკიდურესად ორიგინალური, სასიამოვნო და სრულყოფილად აგებულია, მაგრამ, ამავე დროს, ემოციური... ჩემთვის მისი მუსიკა საუკეთესოა დღეს მცხოვრებ ყველა კომპოზიტორს შორის.“[62]

1988 წელს ლიგეტიმ დაასრულა საფორტეპიანო კონცერტი, რომელზეც დაწერა: „საფორტეპიანო კონცერტში მე ჩემი სახელოვნებო კრედო წარმოავადგინე. ეს არის დემონსტრირება ჩემი დამოუკიდებლობისა, როგორც ტრადიციული ავანგარდული მუსიკის კრიტერიუმების, ისე მოდური პოსტმოდერნიზმისგან.“[63] კონცერტის პირველი მონახაზები 1980 წელს გაკეთდა, თუმცა წინსვლის და მისი დასრულების გზას მხოლოდ 1985 წელს მიაგნო და ნაწარმოებიც მალევე დასრულდა.[64] კონცერტი ბევრ იდეას იმეორებს ეტიუდებიდან, ამჯერად, საორკესტრო კონტექსტში.

1993 წელს, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ დაასრულა სავიოლინო კონცერტი. საფორტეპიანო კონცერტის მსგავსად, ისიც შეიცავს მრავალ მუსიკალურ ხერხს, რომელიც მას იმ დრომდე ჰქონდა შემუშავებული, ასევე, ახალ იდეებს, რომლებზეც იმ დროს მუშაობდა. გამოყენებულ ხერხებს შორისაა პასაკალია,[65] „მიკროტონალობა, სწრაფად ცვალებადი მუსიკალური ტექსტურები, კომიკური კონტრასტები... უნგრული ხალხური მელოდიები, ბულგარული საცეკვაო რიტმები, მინიშნებები შუა საუკუნეების და რენესანსის მუსიკაზე და სოლო სავიოლინე მუსიკა, რომელიც იცვლება ნელი და ტკბილიდან კუთხოვან და ცეცხლოვან ხმოვანებამდე.“[66]

ამ პერიოდის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ალტის სონატა (1994) და ნონსენის მადრიგალები (1988–93), ექვსი a cappella კომპოზიცია, რომელიც იყენებს უილიამ ბრაითი რენდსის, ლუის კეროლის და ჰაინრიხ ჰოფმანის ინგლისურ ტექსტებს. მესამე მადრიგალის ტექსტად ინგლისური ანბანია გამოყენებული.

ლიგეტის უკანასკნელი ნაწარმოებებია ჰამბურგის კონცერტი სოლო ვალტორნის, ოთხი ნატურალური ვალტორნის და კამერული ორკესტრისთვის (1998–99, რევიზია 2003 წელს, ეძღვნება მარი ლუიზ ნოინეკერს), სიმღერების ციკლი Síppal, dobbal, nádihegedüvel (ფლეიტებით, დოლებით, ვიოლინოებით, 2000) და მეთვრამეტე საფორტეპიანო ეტიუდი კანონი (2001). გარდა ამისა, Le Grand Macabre-ის შემდეგ, გეგმავდა მეორე ოპერის დაწერასაც. თავდაპირველად, მის დაფუძნებას შექსპირის ქარიშხალზე აპირებდა, ხოლო შემდეგ - კეროლის წიგნზე ალისა საოცრებათა ქვეყანაში, თუმცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ლიგეტი, პიერ ბულეზთან, ლუჩიანო ბერიოსთან, კარლჰაინც შტოკჰაუზენთან და ჯონ კეიჯთან ერთად, მოხსენიებულია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინოვატორი თავისი დროის პროგრესულ ფიგურებს შორის“.[67] 1960-იანი წლებიდან მისი მუსიკის ცნობადობამ იმატა. ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები შექმნა პერიოდში მოჩვენებებიდან Lontano-მდე, (Atmosphères, Volumina, Aventures და Nouvelles Aventures, რეკვიემი, Lux Aeterna და ჩელოს კონცერტი, ასევე, ოპერა Le Grand Macabre). უკანასკნელ წლებში ცნობილი გახდა მისი საფორტეპიანო ეტიუდები და მათი განხილვა მოცემულია პიანისტ პიერ-ლორან ემარის პროექტშიც პარტიტურის შიგნით (Inside the Score).[68]

მუსიკა სტენლი კუბრიკის ფილმებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგეტის მუსიკა ფართო საზოგადოებისთვის სტენლი კუბრიკის სამი ფილმიდან გახდა ცნობილი.[69] საუნდტრეკი ფილმისა 2001: კოსმოსური ოდისეა შეიცავს ნაწყვეტებს ნაწარმოებებიდან ატმოსფეროები, Lux Aeterna, რექვიემი და თავგადასავლები, სადაც ეს უკანასკნელი ელექტრონულადაა მოდიფიცირებული.[70] მუსიკა ლიგეტის უნებართვოდ და საავტორო უფლებების დარღვევით იქნა სახეცვლილი და გამოყენებული. როცა ამის შესახებ შეიტყო, კომპოზიტორმა იჩივლა მისი მუსიკის დამახინჯებისთვის,[71] მაგრამ სასამართლოს გარეთ შეთანხმებით დაკმაყოფილდა. კუბრიკმა მას კომპენსაცია გადაუხადა და შემდგომ ფილმებში მისი მუსიკის გამოყენების ნებართვა ითხოვა.[72]

Lux Aeterna გამოყენებული იქნა აღნიშნული ფილმის 1984 წელს გამოსულ სიქუელშიც, სახელწოდებით 2010.[73]

მოგვიანებით, კუბრიკის ფილმში ნათება (Shining) გამოყენებული იქნა Lontano-ს მცირე ნაწყვეტი.[74]

ერთ-ერთი მოტივი ლიგეტის Musica ricercata-ს მეორე პიესიდან გამოყენებული კუბრიკის კიდევ ერთი ფილმის, ფართოდ დახუჭული თვალების (Eyes Wide Shut) გადამწყვეტ მომენტში.[75] ფილმის გერმანულ პრემიერაზე, რომლის დროსაც კუბრიკი უკვე გარდაცვლილი იყო, მის ქვრივს თავად ლიგეტი მიაცილებდა.[76]

მუსიკა სხვა ფილმებსა და მედიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგეტის მუსიკა სხვა ცნობილ რეჟისორთა ფილმებშიცაა გამოყენებული. Lontano გამოყენებული იქნა მარტინ სკორსეზეს 2010 წლის ფსიქოლოგიურ თრილერში შეშლილთა კუნძული (Shutter Island).[77] ჩელოს კონცერტის პირველი ნაწილი გამოიყენა მაიკლ მანმა 1995 წლის კრიმინალურ ფილმში სიცხე (Heat).[73] რეკვიემი გამოიყენეს 2014 წლის ფილმში Godzilla.[78] ჩელოს კონცერტი და საფორტეპიანო კონცერტი ისმის იორგოს ლანთიმოსის 2017 წლის ფილმში წმინდა ირმის მკვლელობა (The Killing of a Sacred Deer).[79][80]

მისი მუსიკა გამოყენებულია ტელევიასა და რადიოშიც. Lontano, ატმოსფეროები და ჩელოს კონცერტის პირველი ნაწილი გამოყენებულია სოფი ფაინსის დოკუმენტურ ფილმში თქვენს ქალაქებზე ბალახი ამოვა, რომელიც ომისშემდგომ გერმანელ ხელოვანს, ანსელმ კიფერს ეძღვნება.[81] Lontano, მელოდიები და Volumina გამოყენებული იქნა, როგორც ფონი რადიო-პროგრამისთვის, რომელიც დაფუძნებული იყო დაგლას ადამსის წიგნზე ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში.[82]

  • ბეთჰოვენის ჯილდო რეკვიემისთვის, ბონი (1967)
  • UNESCO International Rostrum of Composers (1969)
  • ბერლინის ხელოვნების პრიზი (Berliner Kunstpreis) (1972)
  • ბახის სახელობის ჯილდო, ჰამბურგი (1975)
  • Pour le Mérite for Sciences and Arts (1975)[83]
  • გრომაიერის ჯილდო მუსიკალური კომპოზიციისთვის, ლუისვილის უნივერსიტეტი (საფორტეპიანო ეტიუდები) (1986)[84]
  • ჯილდო მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის, ავსტრია (1987)
  • ვენის საპატიო ბეჭედი (1987)
  • Commandeur dans l'Ordre des Arts et des Lettres (1988)[85]
  • მონაკოს პრინცის ფონდის პრიზი მუსიკალური კომპოზიციისთვის (1988)[85]
  • ლეონი სონინგის მუსიკალური ჯილდო, (დანია, 1990)
  • დიდი ავსტრიული სახელმწიფო ჯილდო მუსიკაში (1990)
  • Praemium Imperiale (1991)
  • ბალცანის პრიზი (1991)
  • მუსიკის სამეფო აკადემიის საპატიო წევრი, ლონდონი (1992)[86]
  • ერნსტ ფონ სიმენსის მუსიკალური პრიზი, გერმანია (1993)
  • როლფ შოკის პრიზი მუსიკალური ხელოვნებისთვის (1995)
  • UNESCO-ს მუსიკალური პრიზი (1996)
  • ვოლფის პრიზი ხელოვნებაში, ისრაელი (1996)
  • უიჰურის სიბელიუსის ჯილდო, ფინეთი (2000)
  • კიოტოს პრიზი (2001)
  • ჰამბურგის ხელოვნების და მეცნიერების მედალი (2003)
  • თეოდორ ადორნოს ჯილდო (2003)
  • კოშუტის პრიზი, უნგრეთი (2003)
  • Polar Music Prize (2004)
  • ფრანკფურტის მუსიკის ჯილდო (2005)

წერილობითი ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ლიგეტი, დიერდ. 1957. „Zur III. Klaviersonate von Boulez“ („შენიშნვნები ბულეზის მე-3 საფორტეპიანო სონატაზე“)
  • ლიგეტი, დიერდ. 1958. „Pierre Boulez. Entscheidung und Automatik in der Structure 1a “ („პიერ ბულეზი: გადაწყვეტილება და ავტომატიზმი ნაწარმოებში Structure 1a“)
  • ლიგეტი, დიერდ. 1960. „Wandlungen der musikalischen Form“ („მუსიკალური ფორმის გარდაქმნები“)
  • ლიგეტი, დიერდ. 1960. „Zustände, Ereignisse, Wandlungen“ („მდგომარეობები, მოვლენები, გარდაქმნები“).
  • ლიგეტი, დიერდ. 1978. „On Music and Politics“ („მუსიკასა და პოლიტიკაზე“).
  • ლიგეტი, დიერდ. 1987. „A Viennese Exponent of Understatement: Personal Reflections on Friedrich Cerha“.
  • ლიგეტი, დიერდ. 1988. „On my piano concerto“ („ჩემს საფორტეპიანო კონცერტზე“).
  • ლიგეტი, დიერდ და პიტერ სელარსი. „Le Grand Macabre: An Opera in Two Acts (Four Scenes) 1974–1977“ („დიდი მაკაბრი: ოპერა ორ მოქმედებად (ოთხ სცენად)“)
  • ლიგეტი, დიერდ. 2001. „Neuf essais sur la musique“ („ცხრა ესე მუსიკაზე“)
  • Cuciurean, John. 2000. "A Theory of Pitch, Rhythm, and Intertextual Allusion for the Late Music of György Ligeti", Ph.D. dissertation. State University of New York at Buffalo.
  • Cuciurean, John. 2012. "Aspects of Harmonic Structure, Voice-Leading and Aesthetic Function in György Ligeti’s In zart fliessender Bewegung." Contemporary Music Review 31/2–3: 221–38.
  • Drott, Eric. 2011. "Lines, Masses, Micropolyphony: Ligeti's Kyrie and the 'Crisis of the Figure'". Perspectives of New Music 49, no. 1 (Winter):4–46.
  • Edwards, Peter. 2016. György Ligeti's Le Grand Macabre: Postmodernism, Musico-Dramatic Form and the Grotesque. Abingdon and New York: Routledge. ISBN 978-1472456984
  • Floros, Constantin. 2014. György Ligeti: Beyond Avant-Garde and Postmodernism, translated by Ernest Bernhardt-Kabisch. Frankfurt-am-Main: Peter Lang GmbH, Internationaler Verlag der Wissenschaften. ISBN 978-3631654996
  • Trask, Simon. "The Pioneer". 1990. Music Technology 4, no. 6 (May): 54. თარგი:Issn, თარგი:Oclc

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
მოგონებები და ნეკროლოგები
სხვა
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118572911 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. Musicalics
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  10. Franz Liszt Academy of Music — 1875.
  11. 11.0 11.1 Munzinger Personen
  12. 12.0 12.1 MEHI – Media Art Database
  13. Find a Grave — 1996.
  14. Cummings, Robert. n.d. "György Ligeti: Artist Biography". Allmusic website (Accessed 22 October 2013).
  15. Tusa, John. [2001].
  16. 16.0 16.1 Anon. 2011. Classical Music in Movies: A Listing by Composers. Braunschweig University Library. ციტირების თარიღი: 21 November 2015..
  17. Griffiths, Paul. 2001.
  18. Steinitz 2003, 20
  19. Steinitz 2003, 31
  20. Steinitz 2003, 70–73.
  21. Publications, Europa (2003). The International Who's Who 2004. Psychology Press, გვ. 1005. ISBN 9781857432176. 
  22. Steinitz 2003, 250.
  23. Steinitz 2003, 73–74
  24. Steinitz 2003, 70–73
  25. Benjamin 2007.
  26. Tusa, 2001
  27. Biography. ციტირების თარიღი: 21 November 2015.
  28. Griffiths, Paul. 2006. "Gyorgy Ligeti, Central-European Composer of Bleakness and Humor, Dies at 83". The New York Times (13 June).
  29. Anon. n.d.(a) "György Ligeti (1923–2006)". Pytheas Center for Contemporary Music website (Accessed 22 October 2013).
  30. Steinitz 2003
  31. 31.0 31.1 Paul Griffiths (June 13, 2006). „Gyorgy Ligeti, Central-European Composer of Bleakness and Humor, Dies at 83“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-01-31. ციტატა: „Gyorgy Ligeti, the Central European composer whose music was among the most innovative of the last half of the 20th century — sometimes eerie, sometimes humorous usually fantastical and always polished — died yesterday in Vienna. He was 83. His family confirmed his death but declined to divulge the cause, saying only that he had been ill for several years.“
  32. Griffiths 2006.
  33. György Ligety ist tot; Ehrengrab in Wien. ციტირების თარიღი: 7 November 2013.
  34. Steinitz 2003, 52.
  35. Steinitz 2003, 54.
  36. Toop 1999, 38.
  37. Steinitz 2003, 60.
  38. Steinitz 2003, 63–64
  39. Steinitz 2003, 75.
  40. Iverson 2009, 92.
  41. Jones, Elliott. n.d. Micropolyphony. candelalearning.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  42. Istvan Szigeti. (July 29, 1983) A Budapest Interview with Gyorgy Ligeti. First published in New Hungarian Quarterly. ციტირების თარიღი: 18 November 2010.
  43. Volumina, for organ. allmusic.com. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  44. Plaistow n.d., 4.
  45. Steinitz 2003, 144.
  46. György Ligeti Cello Concerto. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  47. Schott Music – Shop – György Ligeti – Lontano. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  48. Plaistow p. 2
  49. Plaistow p. 3
  50. Plaistow p. 2.
  51. Schell 2017
  52. Steinitz 2003, 271–72.
  53. Steinitz 2003, 244.
  54. Wilson 1992
  55. Chen 2007, 37
  56. Arnowitt [2009]
  57. Arnowitt 2009
  58. Steinitz 2003, 292
  59. Taylor 2003, 83.
  60. Taylor 2003, 86.
  61. Taylor 2003, 87.
  62. Quoted in Kyle Gann. The Music of Conlon Nancarrow, p.2.
  63. Concerto for Piano and Orchestra. ციტირების თარიღი: 2018-06-07
  64. Steinitz 2003, 315–16
  65. Schell 2018
  66. Kozinn 2005.
  67. György Ligeti Biography & History AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  68. Service 2015.
  69. Paul Griffiths (June 13, 2006). "Gyorgy Ligeti, Central-European Composer of Bleakness and Humor, Dies at 83". The New York Times. Retrieved 2015-01-31.
  70. Album at Allmusic. ციტირების თარიღი: 2 November 2012.
  71. Agel 1970, 12.
  72. Crilly 2011, 246.
  73. 73.0 73.1 "Classical Music in Movies: A Listing by Composers". Braunschweig University Library. Retrieved 21 November 2015
  74. Crilly 2011, 245n2.
  75. Powrie and Stilwell 2006, 7.
  76. Russell Platt, "Clarke, Kubrick and Ligeti: A Tale". The New Yorker, 12 August 2008]. Retrieved 1 November 2014
  77. Original Soundtrack: Shutter Island [Music from the Motion Picture]. allmusic.com (2013). ციტირების თარიღი: 21 October 2012.
  78. Godzilla (2014) – Soundtrack.net (12 May 2014). ციტირების თარიღი: 28 May 2014.
  79. The Killing of a Sacred Deer (2017) – Soundtrack.net (20 October 2017). ციტირების თარიღი: 13 January 2018.
  80. The Killing of a Sacred Deer – Original Soundtrack – Songs, Reviews, Credits – AllMusic. ციტირების თარიღი: 13 January 2018.
  81. Over Your Cities Grass Will Grow – review. The Guardian (13 October 2010). ციტირების თარიღი: 31 January 2016.
  82. Adams, Douglas (1985). The Hitch-Hiker's Guide to the Galaxy: The Original Radio Script. ISBN 0-330-29288-9. 
  83. Pour le Mérite: György Ligeti. www.orden-pourlemerite.de (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 10 May 2018
  84. 1986– Gyorgy Ligeti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23.
  85. 85.0 85.1 Schott Music n.d.(a).
  86. Schott Music n.d.(b).