შინაარსზე გადასვლა

დიდი წივწივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი წივწივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  წივწივასებრნი
გვარი:  წივწივა
სახეობა:  დიდი წივწივა
ლათინური სახელი
Parus major (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22735990
გავრცელება

დიდი წივწივა[1] (ლათ. Parus major) — ფრინველი წივწივასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 14 სმ-მდე, მასა 20 გრამამდე. გამოყოფენ 30-მდე გეოგრაფიულ რასას (ქვესახეობას), რომლებიც ერთმანეთისაგან შეფერილობით განსხვავდებიან; რიგი სახეობებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი ყვითელი მკერდი და მუცელი და მწვანე ზურგი, ზოგიერთს ქვედა მხარე თეთრი აქვს, ზურგი კი მოცისფრო-რუხი; ზოგჯერ მათ ცალ-ცალკე სახეობებად განიხილავენ. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში (ჩრდილოეთი რაიონების გარდა) და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ბინადრობს ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბაღებში, პარკეპში, მდინარისპირა ბარდებში და სხვ.; მთაში ადის ტყის ზედა საზღვრამდე. ადგილის გეოგრაფიული განედიდან გამომდინარე ეწევა მკვიდრი, მომთაბარე ან გადამფრენი ფრინველის ცხოვრების წესს; ზამთარში მრავალრიცხოვანია დასახლებულ პუნქტებში. უპირატესად იკვებება მწერებითა (დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის და სატყეო მეურნეობის მავნებელთა განადგურებით) და თესლებით. ბუდეს აწყობს ფუღუროებში, ნაპრალებში, ხის გადაწეული ქერქის უკან და სხვ.; მასალად იყენებს მწვანე ხავსს, ხმელი ბალახის ღეროებსა და ფოთლებს, შიგ აფენს ბეწვს, ღინღლსა და ბუმბულს. აქტიურად იყენებს ხელოვნურ საბუდრებსაც. დედალი აშენებს ბუდს, სადაც დებს 8–12 (14-მდე) კვერცხს; კრუხობს მხოლოდ იგი, მამალი კი მას კვებავს. ხშირად წყვილი წელიწადში ორ თაობას იძლევა.[2]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 72, 172, 211.
  2. Иваницкий В. В. Большая синица // Большая российская энциклопедия. — М.. — стр. 746–747.