შინაარსზე გადასვლა

დიდი შიმშილი ესტონეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახალხო თქმულების მიხედვით, ეს ქვები პალმზის მეზობელ მინდვრებიდან შეგროვდა, როგორც მადლიერების ნიშანი ადგილობრივი ბარონის, ფონ პალენის მიმართ, რომელიც დიდ შიმშილის დროს გაჭირვებულებს მარცვლეულს ურიგებდა.

დიდი შიმშილი (ესტ. Suur nälg) ესტონეთში ორი წლის განმავლობაში (1695-1697) მიმდინარეობდა. შეიწირა ესტლიანდიისა და ლივონიის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი (70,000-დან — 75,000-მდე ადამიანი).[1]

ზოგადი კლიმატური პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთში შიმშილი ისტორიულ პერიოდში მოხდა, რომელიც მცირე გამყინვარების პერიოდის სახელითაა ცნობილი. 1690-იან წლებში ევროპის კლიმატი ხასიათდებოდა უჩვეულოდ ცივი გაზაფხულებით და ზაფხულებით. შეფასებებით, ამ დროისთვის ევროპის საშუალო ტემპერატურა მცირე გამყინვარების პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 1,5°C-ით დაბალი იყო. ამ კლიმატურმა ცვლილებებმა მრავალი ქვეყანა მოიცვა: საფრანგეთში შუა საუკუნეების შემდეგ ყველაზე მძიმე შიმშილის პერიოდი დადგა, ტემზა ყინულით დაფარა, ხოლო ბოდენის და ციურიხის ტბები სრულიად გაიყინა.

გამყინვარების გავლენა ადგილობრივ კლიმატზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1692-1694 წლებში, ესტონეთში ცუდი მოსავალი იყო უჩვეულოდ მოკლე ზაფხულის ვეგეტაციური პერიოდისა და გახანგრძლივებული ზამთრის გამო, რამაც თესლის მარაგების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

1695 წლის ზაფხულში უხვი წვიმები მოვიდა, რომელიც თითქმის უწყვეტად მოედინებოდა 24 ივნისიდან 29 სექტემბრის ჩათვლით. ამან გაანადგურა ნათესები და თივა, რადგან დაბლობი ტერიტორიები დაიტბორა. რამაც გამოიწვია თესლის დეფიციტი მომდევნო შემოდგომა-გაზაფხულის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის. 1695-1696 წლებში ზამთარი ძალიან ცივი იყო, ხოლო 1696 წლის მარტში, სუსტი ადრეული გაზაფხულის დათბობის შემდეგ დაბრუნდა ზამთრის სიცივეები, რის შედეგადაც არსებული თესლის მცირე რაოდენობის დათესვა გადაიდო მაისის ბოლომდე. ზაფხულში ისევ მოდიოდა ძლიერი წვიმები, რის გამოც მოსავალი მხოლოდ დათესილი თესლის ერთი ხუთედიდან მეოთხედამდე შეაგროვეს. ზოგი რეგიონში მოსავლიანობა მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენდა. გლეხები, ობლები და მოხუცები მასობრივად იღუპებოდნენ შიმშილით. ცივი ზამთრის გამო, გარდაცვლილთა დამარხვა ხშირად მხოლოდ გაზაფხულის დაწყებამდე ვერ ხერხდებოდა. 1697 წლის გაზაფხულზე თოვლის დნობისას მრავალი გვამი გამოჩნდა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდნენ მემამულეები და ვაჭრები, რომლებსაც მარცვლეული ფინეთსა და შვედეთში გაჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებშიც მოსავლის დეფიციტი იყო. მკვლევართა შეფასებით, შვედეთის ესტონეთის (ესტლიანდიის) მოსახლეობის მეხუთედი, დაახლოებით 70 000-75 000 ადამიანი, შიმშილმა შეიწირა, რომელიც 1698 წლამდე გაგრძელდა.[2]

გლობალური გამყინვარების რეგიონული გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატის გლობალურმა გამყინვარებამ ასევე უარყოფითად იმოქმედა მარილის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იყო ხორცისა და თევზის შესანახად. პორტუგალია, რომელიც ბალტიის რეგიონისთვის მარილის ძირითადი მიმწოდებელი იყო, ასევე აღმოჩნდა ძლიერი ნალექების პრობლემის წინაშე, რამაც გაართულა მარილის წარმოების პროცესი. მარილის დეფიციტმა შეამცირა ხორცისა და თევზის მარაგი, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა შიმშილის მდგომარეობას.

იმ დროს ესტლანდია და ლივონია შვედეთის იმპერიის „მარცვლეულის საწყობებად“ მიიჩნეოდა, და დიდი რაოდენობით მარცვალი სწორედ აქედან იგზავნებოდა შვედეთსა და ფინეთში. იმპერიაში ამ პროვინციებს დაბალი სტატუსი ჰქონდათ, რის გამოც პრიორიტეტი ენიჭებოდა ექსპორტის კვოტების შესრულებას. სტოკჰოლმის ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ესტონეთში გაღრმავებულ შიმშილს და არ შეცვალა მარცვლეულის მიწოდების პოლიტიკა 1697 წლამდე, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იყო.

1700 წელს ჩრდილოეთის ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთის მეფე პეტრე I ასახელებდა შვედეთის გენერალ-გუბერნატორის მიერ მისი ამალის, 250 ადამიანის და ცხენების, არასათანადო უზრუნველყოფას საკვებით, როცა ისინი 1697 წლის შიმშილის პერიოდში ესტონეთის გავლით გადიოდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Neumann, J. (1979). „Great Historical Events That Were Significantly Affected by the Weather: 4, The Great Famines in Finland and Estonia“. Bulletin of the American Meteorological Society. 60 (7): 775–787. doi:10.1175/1520-0477(1979)060<0775:GHETWS>2.0.CO;2. ISSN 1520-0477. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-18. ციტირების თარიღი: 2022-05-19.
  2. Population en. estonica.org. ციტირების თარიღი: 2022-05-19