დიდი მოლნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი მოლნი
Le Grand Meaulnes Book.jpg
ავტორი ალენ-ფურნიე
ენა ფრანგული ენა
გამოცემის თარიღი 1913

დიდი მოლნი (ფრანგ. "Le Grand Meaulnes") — ფრანგი ავტორის, ანრი ალენ-ფურნიეს, ერთადერთი დასრულებული რომანი, რომელიც 1913 წელს გამოქვეყნდა. მეოცე საუკუნეში მისი ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რამაც იგი მეორე ყველაზე გაყიდვად ფრანგულენოვან ნაწარმოებად აქცია, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მაგნუმ ოპუსის, პატარა უფლისწულის შემდეგ.

რომანი ფართოდ განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პოპულარული წიგნი ახალგაზრდებისთვის ფრანგულენოვან ქვეყნებში. მან მოიპოვა საკულტო სტატუსი და გახდა აღიარებული კლასიკა, მთავარი გმირი მოლნი კი განასახიერებს რომანტიკულ იდეალს, მიუწვდომელის ძიებასა და იდუმალ სამყაროს ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის.[1]

ლე მონდის საუკუნის 100 წიგნს შორის დიდი მოლნი მე-9 ადგილზეა.

ნაწარმოების მოქმედება ვითარდება 1890-იან წლებში და დაახლოებით, ოთხ წელიწადს გრძელდება. სიუჟეტის ეპიცენტრში გვევლინება ახალგაზრდა ავანტიურისტი - ავგუსტინ მოლნი - და მისი სასიყვარულო ისტორია მშვენიერი ივონ დე გალესთან. მთხრობელია მოლნის მეგობარი, ფრანსუა სერელი, რომელიც აღფრთოვანებულია რომანის პროტაგონისტით.

ფრანგმა რეჟისორმა, ჟან-გაბრიელ ალბიკოკომ, 1967 წელს ნაწარმოებზე დაყრდნობით ფილმი გადაიღო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა სერელი, მასწავლებლის ვაჟი, ერთი შეხედვით მეოცნებე მოზარდი, მშვიდ და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა ინტერნატში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ერთ მშვენიერ დღეს დედამისი სკოლაში ავგუსტენ მოლნის გადმოიყვანს და ინტერნატში ჩარიცხავს. ფრანსუას და ავგუსტენს ერთ ოთახში ცხოვრება უწევთ, რის შედეგადაც მალე უახლოვდებიან ერთმანეთს. "დიდმა მოლნმა" - როგორც მას სასწავლებელში შეარქვეს - სწრაფად მოიპოვა ორიგინალური პიროვნების რეპუტაცია, თვისი განვითარებული ფანტაზიითა და კრეატიულობით. მსგავსი უნიკალური უნარებით ის მალევე ხიბლავს გარშემომყოფთ, მათ შორის ფრანსუასაც.

ზამთრის ერთ დილას მას უწევს ცხენის ეტლით სადგურამდე მისვლა, რათა შეხვდეს ფრანსუას ბებიასა და ბაბუას. უეცრად, უკან დაბრუნებულ ფაეტონში მოლნი აღარ იყო, იგი დროებით უჩინარდება. ორი დღის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, დაქანცული, თითქოს რაღაც საიდუმლოს ინახავდა, მაგრამ მაინც მოუწია მისი ფრანსუასადმი განდობა. მისი თქმით, გზის აბნევის შედეგად უცნობ მამულში მოხვდა, რომელიც სავსე იყო ბავშვებითა და კოსტიუმში გამოწყობილი გლეხებით. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფრანც დე გოლის ნიშნობა იმ გოგოსთან, რომელიც ქალაქიდან მალე უნდა ჩამოსულიყო. მალე მოლნი თავად გამოეწყობა კოსტიუმში, რათა მდინარის გასწვრივ გაისეირნოს. აქ იგი გაეცნობა ივონ დე გალე, ფრანცის და, რომელიც სიგიჟემდე შეუყვარდება. მალე ეს დღესასწაული დამთავრდება - ფრანცი საცოლის გარეშე რჩება, რომელსაც არ სურდა, ფრანცს ცოლად გაჰყოლოდა. ამის შემდეგ, ფრანცმა თვითმკლელობაც კი სცადა, თუმცა გადარჩა.

ამბის მოყოლის დასრულების შემდეგ, მოლნი უზიარებს ფრანსუას იმ გრძნობას, რომელიც მას ივონის მიმართ ამოძრავებდა - ერთადერთი სურვილი, რაც მას ამჟამად გააჩნდა, იყო ის, რომ ეპოვა უცნობი მამული და კვლავ შეხვედროდა ივონს. მეგობრებმა ერთობლივად დაიწყეს ლოკაციის პოვნა რუკის დახმარებით, თუმცა ამაოდ. მოულოდნელად, სენტ აგატაში გამავალ რიგით პიროვნებისგან, ისინი გაიგებენ მამულის ადგილმდებარეობას. მალე აღმოჩნდება, რომ ეს პიროვნება სინამდვილეში ფრანცია, ივონის ძმა. ფრანცი, ასევე, აცნობებს მოლნს, რომ ივონი პარიზში ცხოვრობს. მალევე იქმნება მეგობრული ალიანსი, რომლის მიზანიცაა, იპოვოს ივონი.

მალე მოლნი აგრძელებს სწავლას და მიდის პარიზში, რათა საბოლოოდ იპოვოს ივონი. აქ მოლნი გაიგებს, რომ ივონი საბოლოოდ გათხოვდა და რომ ის უკვე პარიზში აღარაა. იგი სასოწარკვეთილებით აღსავსე წერილებს წერს ფრანცს. ფრანსუა არდადეგებს სენტ აგატიდან რამდენიმე კილომეტრში, ბიძასთან ერთად, ატარებს. აქ ის, მოულოდნელად, ხვდება ივონს, რომელიც ამჯერად მარტოა და მამასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მოლნისადმი სიყვარული კვლავაც აქვს შენარჩუნებული. ფრანსუა აღნიშნულ ამბავს მომენტალურად მოლნის გააგებინებს. ახალგაზრდების შეხვედრის გამო ეწყობა პატარა დღესასწაული, თუმცა მოლნი უხასიათოდ გამოიყურება - რაღაც აფერხებს მის სიყვარულს ივონისადმი. მას შემდეგ, რაც ივონის მამა მიიღებს მოლნის სასიყვარულო წინადადებას მისი და საკუთარი ქალიშვილის ერთად ყოფნასთან დაკავშირებით, დაიგეგმება ქორწილი, თუმცა, მოულოდნელად, იგი გარბის ფრანცთან, რათა დაეხმაროს მას, აღადგინოს ურთიერთობა მარგარეტთან - მის საცოლესთან. ამ დროს ივონი ორსულდება და აჩენს ბავშვს, თუმცა თავად მშობიარობას გადაჰყვება. ამის შემდეგ, მოლნი სწორედ იმ სახლში რჩება, სადაც ივონი გარდაიცვალა და ბავშვზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ეს მანამ, სანამ მოლნი უკან დაბრუნდება. მოლნის უკან დაბრუნებამდე, ფრანსუა აღმოაჩენს ძველ ჩანაწერებს, რომლებიც მოლნიმ პარიზში ყოფნისას შექმნა. აღმოჩნდება, რომ მოლნის მანამ ვალენტინთან, ფრანცის საცოლესთან ჰქონია ურთიერთობა.

მოლნი უკან მას შემდეგ ბრუნდება, რაც ფრანცსა და ვალენტინს შეარიგებს ერთმანეთს - ერთი წლისა და რვა თვის შემდეგ. იგი აღმოაჩენს, რომ ივონი გარდაიცვალა, პატარა გოგონაზე მეურვეობას კი თავად იღებს.

ინტერპრეტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენტ მერტენის ეკლესია ეპენილ ლე ფლერიელის კომუნაში, სადაც ფურნიემ ბავშვობის უდიდესი ნაწილი გაატარა. მოგვიანებთ, ეს ადგილი იქცა შთაგონებად რომანში არსებული ლოკაციისა - სენტ აგატა.

წიგნს აქვს აშკარა ავტობიოგრაფიული ნიშნები, ასახავს რა ავტორის მოგონებებს, გამოცდილებებსა და განცდებს. ანრი ფურნიე (მწერლის ნამდვილი სახელი) დაიბადა და გაიზარდა ცენტრალურ საფრანგეთში, ჩერის განყოფილებაში; მისი მამა ავგუსტინ ფურნიე და დედა სოფლის მასწავლებლები იყვნენ. მისმა „პატარა სამშობლოს“ პროვინციულმა და სოფლის ცხოვრებამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მის ბავშვობაზე და უპირობო გავლენა იქონია მის შემდგომ ლიტერატურულ შემოქმედებაზე.

ხანდახან დიდი მეოლნი გაგებულია, როგორც იდეალური ბავშვობის სამყაროს გამოძახილი, როგორც აუტანელი აწმყოდან გაქცევა ან როგორც უბედური ბავშვობის სიყვარულის ამბავი

არსებობს ვერსია, რომ მოლნის რეალური პროტოტიპი ჰყავდა - ესაა ჟაკ რივიერი - მომავალი მწერალი და კრიტიკოსი, რომელსაც ავტორი პარიზში ყოფნისას გაეცნო.

ნაწარმოები პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე დაიწერა, ავტორი სწორედ ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა 27 წლის ასაკში. მთხრობელი, ზრდასრული ფრანსუა სეურელი, იხსენებს თავის შეხვედრას ავგუსტინ მეულსთან, შეხვედრა, რომელიც მას თავგადასავლებისა და ოცნებების, რომანტიული და იდეალიზებული სიყვარულისა და რეალობასთან კონტაქტში მკვეთრი გამოღვიძების სამყაროში ჩააგდებს.

ფურნიე 1905 წელს

1905 წელს ანრიმ პარიზში გაიცნო უცნობი და იდუმალებით მოცული, ქერათმიანი ქალბატონი, რომელიც სენის სანაპიროზე საკუთარ დეიდასთან ერთად სეირნობდა. ქალბატონის სახელი იყო ივონ დე კევრეკური, პატივსაცემი და ძირზველი არისტოკრატიული ოჯახიდან. ამ შეხვედრამ წარუშლელი კვალი დატოვა ავტორის შემოქმედებაში. ფურნიე მომენტალურად დაინტერესდა მისით და მის კვალს გაჰყვა, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოახერხა ნორმალურად საუბარი მასთან. მათი შემდეგი შეხვედრა რვა წლის შემდეგ შედგა, ომის წინა პერიოდში, მწერალმა კი ერთგვარად იწინასწარმეტყველა, რომ ის ივონს ვეღარასდროს შეხვდებოდა. ივონი ამ დროისთვის დქორწინებული იყო და ორი შვილის დედა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფურნიეს ცხოვრებაში მრავალი ქალი არსებობდა, უნდა აღინიშნოს, რომ მოლნის სატრფოს ჩამოყალიბებაზე აღნიშნულმა ისტორიამ უდიდესი გავლენა იქონია. ჯონ ფაულზი, ინგლისელი ავტორი, რომელიც ინტენსიურად იკვლევდა ავტორისა და ნაწარმოების გარემოებებს, აღნიშნავდა, რომ ფურნიესა და ივონის ურთიერთობა დანტესა და ბეატრიჩეს სიყვარულის ისტორიას წააგავდა. ფაულზის თქმით, მან ვერ მოახერხა საკუთარი სიყვარულის ობიექტის უკეთ შეცნობა, იგი ვერ ხედავდა მასში ნაკლოვენებას და იმ მინუსებს, რომელთა შემჩნევაც სხვა ქალებში შეიძლებოდა. შედეგად, წიგნი მთლიანად იქცევა ერთ დიდი მეტაფორად როგორც თავად შეხვედრისა, ისე თანდაყოლილი მიუწვდომლობისა.

აღსანიშნავია, რომ ფურნიე ინგლისური ლიტერატურის დიდი თავყანისმცემელი იყო, ადიდებდა რა ისეთივე ლეგენდარულ ავტორებს, როგორებიც არიან დანიელ დეფო, ჩარლზ დიკენსი, რობერტ ლუის სტივენსონი, რადიარდ კიპლინგი და სხვა. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ ნაწარმოების სტილზე გავლენა ფრანგი ავტორის, მარგარეტ ოდუს რომანმა - "მარი-კლერი" - იქონია. მას შემდეგ, ანრი ალენ ფურნიეს მის სულიერ შვილადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე.

რომანი თავდაპირველად გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალში La Nouvelle Revue française ( New French Review ). იგი ცალკე გამოცემად გამოიცა 1913 წლის ოქტომბერში , პირველი მსოფლიო ომამდე, ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. წიგნი 1913 წელს მეათე გონკურის პრემიაზე იყო ნომინირებული, მაგრამ პრიზი არ მიუღია. რომანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ერთგული თაყვანისმცემლები გაიჩინა საფრანგეთში. როგორც ფრანგმა ავტორკმა, ანდრე მორუამ აღნიშნა:

„მკითხველი საზოგადოება შოკირებული იყო წიგნის გმირის რომანტიული თაყვანისცემით სრულიად უცნობი ქალისადმი და ავტორის უდროო სიკვდილით“.

გავლენა და შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი ასახავს ისეთ ლიტერატურულ მდიდარ ლიტერატურულ იდეებს, როგორიცაა "ახალგაზრდა კაცის რომანი", რის გამოც წიგნს ე.წ. Bildungsroman-ადაც ასაღებენ ხოლმე. ფრანგმა პოეტმა, ლუი არაგონმა ფურნიეს ერთადერთი რომანიის მთავარი გმირი გოეთეს ვილჰელმ მაისტერს შეადარა (ნაწარმოებიდან - "ვილჰელმ მაისტერის სწავლების წლები"). კრიტიკოსმა მრავალი მსგავსება შენიშნა ნაწარმოებთა სტრუქტურებსა და თემებში. ფურნიე, საკუთარ ჟაკ რივიერისადმი და ფრანგ მხატვარ ანდრე ლორტისადმი მინაწერებში, ხშირად ეხება ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას, სწორედ მისმა ნაწარმოებით - მარადი ქმარი - იყო შთაგონებული ფურნიე, როცა რომანზე მუშაობდა.

ჰენრი მილერმა აღნიშნა, რომ წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემაა ბავშვების კონტაქტი მოზრდილთა სამყაროსთან, სადაც „ისინი თავს სწირავენ ოცნებებს“ და იტანჯებიან უპასუხო სიყვარულის გამო. ამერიკელმა ავტორმა ის იმ 100 წიგნისგან შემდგარ სიაში შეიყვანა, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს მის ცხოვრებაზე.

თანამედროვე ფრანგი ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი ნაწარმოებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ "ყველაზე შემაშფოთებელი და უნიკალური რამ, რაც ფურნიეს ერთადერთი რომანიდანაა შემორჩენილი, არის პერსონაჟთა ბავშვური გაუბედაობა, სიმორცხვე, რაც, გარკვეულწილად, ავტორის ნაადრევ სიკვდილთანაცაა დაკავშირებული". ფრანგი ავტორი საკუთარ ესეები კრებულში წერდა:

ნაწარმოებზე დაყრდნობით შექმნილი სკულპტურა, ავტორი - ჟან ლუი ბერტოდი.

"... და იცი რატომ მოკვდა? რომ არ დაბერებულიყო. საუკეთესო ახალგაზრდული რომანები მოითხოვენ, რომ მათი ავტორი არ დაბერდეს: ბორის ვიანი გარდაიცვალა 39 წლის ასაკში, რეიმონ რადიგე 35 წლის, ჟან-რენე ჰუგნინი 26 წლის. ბოლოს და ბოლოს, რაც უფრო იზრდები, მით უფრო იაზრებ ამას..."

მიიჩნევა, რომ ნაწარმოებმა დიდი გავლენა იქონია ფრენსის სკოტ ფიცჯერალდზე და მის მაგნუმ ოპუსზე - დიდი გეტსბი -, რომლის სათაურიც ზემოხსენებულ ნაწარმოებს ეხმიანება.[2] არანაკლებ დიდი გავლენა იქონია მან ისეთ ავტორებზე, როგორებიც არიან ჯონ ფაულზი, დევიდ მიჩელი და ჯეკ კერუაკი.

ჯეკ კერუაკის ნაწარმოებში - "გზაზე" - მთავარი გმირი, სალ ფარადაიზი, მოგზაურობისას სწორედ ამ წიგნს ატარებს.[3]

გაბრიელ გარსია მარკესი თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში - "იცხოვრო, რომ მოჰყვე" - იხსენებს ერთ თანამებრძოლ მეგობარს, რომელიც დაუოკებელი მკითხველი იყო, მის საყვარელ წიგნთა სიაში აგრეთვე შედიოდა დიდი მოლნი, მეგობრის გავლენით კი ნაწარმოებმა ნობელიანტი ავტორის საყვარელი რომანების სიაშიც დაიმკვიდრა ადგილი.[4]

წიგნი ასევე იქცა ინსპირაციად ინგლისელი მომღერლისთვის, ჯეკ პენიატისთვის, შეექმნა სინგლი "My Yvonne", რომელიც მან ადელისთან ერთად შეასრულა.

2014 წელს ფრანგმა მოქანდაკემ, ჟან ლუი ბერტოდმა, შექმნა რელიეფური მონუმენტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომში განცდილ დანაკარგს სიმბოლიზირებს. ხელოვნების ეს ნიმუში ფურნიეს რომანითაა ინსპირირებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michaelides, Chris. Alain-Fournier’s Le Grand Meaulnes. British Library. ციტირების თარიღი: September 21, 2013.
  2. „The Girl at the Grand Palais“. The Economist. London: The Economist Group. December 22, 2012. ციტირების თარიღი: March 27, 2013. "Fitzgerald borrowed its title for The Great Gatsby (and some critics think Fournier's main characters were models for Nick Carraway, Fitzgerald's narrator, and his lovelorn pal)."
  3. „The girl at the Grand Palais“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: 2020-01-29.
  4. García Márquez, Gabriel. To Live to Tell the Tale, გვ. 214.